ესპანეთში გადასულ რატი ანდრონიკაშვილს თამაში თითქმის აღარ უწევს. ლიგა ენდესას მორიგ მატჩში "მურსიას" მთავარმა მწვრთნელმა ახალგაზრდა ქართველი მხოლოდ 45 წამით ათამაშა. მეორეს მხრივ, გუნდის ერთ-ერთი ლიდერია საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი უკანახაზელი თად მაკფადენი, რომელმაც მურსიელებს "გრან კანარიას" 99:85 დამარცხებაში დიდად დაეხმარა.
მაკფადენმა 23:58 წუთი ითამაშა და თავი 21 ქულას, 2 მოხსნას და 4 პასს მოუყარა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 3-დან ერთი ორქულიანი, 7-დან 5 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. "მურსიამ" მხოლოდ მეორე მეოთხედი წააგო, დარჩენილ მეოთხედებში კი მეტოქეს მარტივად აჯობა.
ქართველების გუნდი ჩემპიონატში 12 ქულით მე-10 ადგილზეა. მურსიას მომდევნო მეტოქე ჩემპიონატში "უნიკახა" იქნება, რომელიც მესამე ადგილზეა.
GBF.GE