ნატალია ოთხმეზურის 18 ქულა "სენტ მერისთან" | "აიონა" კონფერენციის ლიდერია

AutoSharing Option
ამერიკის ქალთა უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში მოთამაშე ნატალია ოთხმეზურმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ ოთხმეზური "აიონა გაელსის" (IONA Gaels) ღირსებას იცავს, ხოლო ეს გუნდი NCAAW ლიგის 33 კონფერენციიდან ერთ-ერთში, Metro Atlantic Athletic-ში თამაშობს. "აიონამ" გასულ უქმეებზე 2 მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთში საუკეთესო სწორედ ქართველი უკანახაზელი გახლდათ.

22 წლის ოთხმეზურმა თავი "მაუნტ სენტ მერის მაუნთაინერსთან" გამოიჩინა, რომელიც მისმა გუნდმა 63:44 მოიგო. ნატალია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24 წუთში სეზონში უმეტესი 18 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა მცველმა 4-დან 3 ორქულიანი და 4-ვე სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

მომდევნო შეხვედრაში აიონელებმა "ქუინიოიაკ ბობქეთსს" 47:42 სძლიეს, ოთხმეზურმა კი 15 წუთში 4 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა.

"აიონა გაელსს" მეტრო ატლანტიქ ატლეტიც კონფერენციაში 6 მოგება და 1 მარცხი აქვს. აღსანიშნავია, რომ გუნდმა კონფერენციის ჩემპიონატი წაგებით გახსნა, რის შემდეგაც ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო. მომდევნო მატჩი აიონელებს 20 იანვარს, "რაიდერ ბრონკსთან" ელით.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული