მაკფადენისა და ანდრონიკაშვილის "მურსია" სტამბოლში 2-ოვერტაიმიან ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
ფიბას ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძვის ესპანური "მურსია", რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების 2 წევრი – რატი ანდრონიკაშვილი და თად მაკფადენი - იცავს. "მურსია" იმ ჯგუფშია, რომელშიც 4-დან 4 გამარჯვება და გასვლის გარანტია უკვე მოპოვებული აქვს გიორგი შერმადინის "ტენერიფეს".

მურსიელებმა გასულ ტურში დიდი ომი გადაიტანეს სტამბოლში, "დარუშაფაკასთან". შეხვედრის ბედი ვერც ძირითად დროში გაირკვა და ვერც ოვერტაიმში. მეორე დამატებითი 5-წუთეული მასპინძლებმა 12:11 მოიგეს და გამარჯვებაც "დარუშაფაკას" დარჩა – 105:104.

"მურსიას" ეს შეხვედრა რომ მოეგო, "ტენერიფესთან" ერთად თითქმის გაინაღდებდა
პლეი-ოფის საგზურს, თუმცა, როგორც ხედავთ, დრამატულ, ოროვერტაიმიან ბრძოლაში, ბოლო წამებზე, ქულით დამარცხდა. მურსიელთაგან საუკეთესო მაკფადენი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა და 4 პასი მოაგროვა. თადმა 8-დან 4 ორქულიანი და 10-დან 5 სამიანი ჩააგდო.

11 წუთი ითამაშა 21 წლის რატი ანდრონიკაშვილმა, რომელმაც თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. ახალგაზრდა ქართველმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ანდრონიკაშვილის ანგარიშზე 4 ქულა დ 3 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.

მომდევნო მატჩს მურსიელები 14 მარტს, სტუმრად "ტენერიფესთან" ჩაატარებენ.

GBF

მკითხველის კომენტარები / 1 /
4 ქულა და 3 პასი თავის საკმაოდ კარგად წარმოჩენაა???
Gaguuu
14:02 08-03-2023
0

სიახლეები პოპულარული