საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “ლეიმა კორუნას” კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ საკუთარ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ესპანურმა კლუბმა ქართველ ფორვარდს გასულ სეზონში გამოჩენილი თავდადება დაუფასა და კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა. შეგახსენებთ, რომ “ლეიმა კორუნამ” ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში გასულ სეზონში პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. ქართველი ფორვარდი ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, რომელიც თამაშებში მონაწილეობას სისტემატურად და შედეგიანად იღებდა.
ბურჯანაძემ “ლებ ოროს” 2023-2024 წლების სეზონში კორუნელთა შემადგენლობაში 27 მატჩში ითამაშა. ის ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა თამაშში და მოედანზე
მებრძოლი მუხტი შეჰქონდა. ბექა მატჩში საშუალოდ 9.2 ქულას, 4.9 მოხსნას, 1. პასს და 0.8 ჩაჭრას აგროვებდა. ის ორქულიანებს 49.5-პროცენტიანი სიზუსტით ესროდა, სამიანს – 29.5, ხოლო საჯარიმოებს – 74.8 პროცენტით.
ბურჯანაძესთან ერთად “ლეიმა კორუნამ” კონტრაქტი გაუხანგრძლივა კიდევ 2 კალათბურთელს – ოლე ლუნდკვისტს და ატომან დიანეს. გუნდი ახალ მოთამაშეებს დაიმატებს, რომლებიც მომავალ, 2024-2025 წლების სეზონში გუნდს ესპანეთის უმაღლეს ლიგაში დაეხმარებიან.
GBF.GE