"ორლანდოელებმა" ბოლო 11 მატჩიდან მე-10 შეხვედრა მოიგეს და ყველა მატჩში სასტარტოში ბითაძე იყო. გუნდი 11 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და როგორც ჩანს, გუნდის ხელმძღვანელობამ დაინახა, რომ როცა ბითაძე სასტარტოა, გუნდი თამაშების 80 პროცენტზე მეტს იგებს. მაშ რატო მოხდა, რომ მიუხედავად კარტერის გამოჯანმრთელებისა, ბითაძე კვლავ სასტარტო იყო, თუმცა – ვენდელ კარტერიც ხუთეულში გაამწესეს.
ბითაძე "ჩიკაგოსთან" 133:119 მოგებულ მატჩში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო მოედანზე. გოგამ 4-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 25 წუთში ქართველმა ცენტრმა 11 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ბურთი კი ერთხელ დაკარგა. მას ყველაზე მაღალი პლუს-მაჩვენებელი ჰქონდა ორლანდოელთაგან. რაც ქართველი ცენტრი მოედანზე იმყოფებოდა, მეჯიქმა (+21) აჯობა ჩიკაგოს.
აქვე აღსანიშნავია, რომ გოგამ ბრწყინვალე დაფარება შეასრულა ჩატენვების კონკურსის 2 გზის გამარჯვებულთან, ზაკ ლავინთან.
ვენდელ კარტერმა 18 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა, საუკეთესო შედეგი კი ჯალენ საგსს ჰქონდა – 31 ქულა, 7 პასი.