ისტორიული ცვლილება "ოლ სტარის" წესებში

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ და მოთამაშეთა პროფკავშირმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს, კერძოდ, 2018 წლის თებერვალში, ლოს ანჯელესში NBA-ს "ყველა ვარსკვლავის მატჩი" ახალი ფორმატით გაიმართება - პირველად ისტორიაში, გუნდები არ დაიყოფიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნაკრებებად.

ახალი ფორმატი გულისხმობს იმას, რომ კაპიტნები დააკომპლექტებენ ორ გუნდს მოთამაშეთა იმ ჯგუფიდან, რომლებიც მიიღებენ გამოძახებას "ოლ სტარზე". კაპიტნები კი იქნებიან - ორი მოთამაშე აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, რომლებიც გულშემატკივრების გამოკითხვაში ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ.

მოთამაშეთა არჩევა უცვლელი დარჩება. თითოეული კონფერენციიდან ლოს ანჯელესში გაემგზავრება 12-12 მოთამაშე. აქედან ხუთ-ხუთს აირჩევენ გულშემატკივრები,
მოქმედი მოთამაშეები და ჟურნალისტები, შვიდ-შვიდ რეზერვისტს კი - ვარსკვლავური გუნდების მწვრთნელები.

და, როცა ცნობილი გახდება ყველა არჩეული მოთამაშის ვინაობა, კაპიტნები რიგრიგობით აიყვანენ მათ საკუთარი გუნდებისთვის. აღმოსავლეთის კაპიტანს უფლება ექნება, აირჩიოს კალათბურთელი დასავლეთიდან და პირიქით.

კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ ამიერიდან, "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" გუნდები საქველმოქმედო მიზნებით ითამაშებენ. ისინი თავად აირჩევენ შესაბამის ორგანიზაციებს, რომლებსაც თანხას გადაურიცხავენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა გამხდარა ზაზა კაპიტანი და ეგაა :)
ქომაგი
16:58 05-10-2017
0

სიახლეები პოპულარული