ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ დრაფტის წინ რამდენიმე კლუბში ივარჯიშა. მათ შორის იყო "დეტროიტ პისტონსი", რომლის დარბაზში ვარჯიშის შემდეგ გოგამ შეკითხვებს უპასუხა და საკუთარ თავზე ისაუბრა.
"NBA-ს თამაშები ძალიან შეიცვალა. მაღლებზე დიდი დატვირთვაა და მათ საჯარიმოს გარედან უნდა ითამაშონ. ვთვლი, რომ მსგავს სტილში თამაში გამომდის. მიმაჩნია, რომ სამქულიანებს საკმაოდ კარგად ვისვრი. ამასთანავე, შემიძლია გადავერთო მცველებზე და ძალიან აგრესიული ვიყო დასრულებით ფაზაში და ასევე, შემიძლია საკუთარ გუნდს დიდი პოზიტიური ენერგია შევმატო."
საიტი წერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, "პისტონსმა" ბითაძე დრამონდის შემცვლელად აიყვანოს, მაგრამ
იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ "დეტროიტის" ძირითადი ცენტრი 2020 წელს თავისუფალი აგენტი ხდება, ბითაძის ახლა აყვანა მათ უკეთ დაანახებს, თუ რას უნდა ელოდონ ბითაძისაგან 2020-21 წლების სეზონში.
გოგასაც კარგად ესმის, რომ ვარჯიშებზე გრიფინისა და დრამონდის წინაღმდეგ ყოველდღიური ვარჯიში მისთვის სასარგებლო იქნება.
"100 პროცენტით დავიხარჯები გუნდისთვის და ვეცდები, რომ დღითი დღე გავაუმჯობესო ჩემი თამაში. ისინი დიდი კალათბურთელები არიან, "ოლ სტარის" მონაწილეები. მე შემიძლია რაღაცების გაკეთება და ჩემი ახალგაზრდული ასაკის გათვალისწინებით, გუნდში ახალი სისხლის შეტანა", - განაცხადა გოგამ.
შეგახსენებთ, NBA-ს დრაფტი 20 ივნისს, ნიუ-იორკში გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ "დეტროიტ პისტონსში" ბოლო სეზონში ზაზა ფაჩულია თამაშობდა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ოფიციალურად 30 ივნისს ეწურება.
მომზადებულია nba.com/pistons-ის მიხედვით