Denver Nuggets-ს პრობლემები ექნება

AutoSharing Option
#Sixth_Man

სავარაუდოდ, "დენვერ ნაგეთსს" მომავალში მცირე დილემის წინაშე დადგომა მოუწევს.

ყველა ვხედავთ, რამდენად ხარისხიან თამაშს და ტალანტს აჩვენებს გუნდის 210 სმ სიმაღლის მსუბუქი ფორვარდი - მაიკლ პორტერ ჯუნიორი. ეს ბიჭი ისვრის, ხსნის და საკმაოდ მრავალმხრივად უტევს, თუმცა, მე თუ მკითხავთ, უბრალოდ, კატასტროფაა დაცვაში...
ეს, ბუნებრივია, არ ნიშნავს იმას, რომ გუნდმა მის ამ ასპექტზე ხელი უნდა ჩაიქნიოს, რადგან ზომა და სისწრაფე სრულფასოვნად უწყობს ხელს. მაგრამ იმდენად კარგი შემტევის პოტენციალი აქვს, რომ მომავალში დაცვის დაბალანსება მაინც დასჭირდება სხვა პოზიციის მოთამაშისგან.

ასეთი კალათბურთელი
"ნაგეთსში" უკვე მოიძებნება და ესაა ჯერამი გრანტი. 203 სმ სიმაღლის ფორვარდი, რომელიც ბრწყინვალედ დგას, მინიმუმ, 3 პოზიციის წინააღმდეგ დაცვაში (PF, SF, SG). იდეაში, თითქოს პასუხი ნაპოვნია - 3-ზე - პორტერ ჯუნიორი, 4-ზე - გრანტი, მაგრამ იცით, რამდენი ,,მაგრამ" ფიგურირებს ამ მარტივ სცენარში?

პოლ მილსეპი - ეს მოთამაშე დგას დღეს დენვერელთა ძირითად ხუთეულში Power Forward-ის პოზიციაზე. სულაც არაა რთული მისი ბენჩზე გადაყვანა და ჯერამის სტარტერად გადმოწევა. ამაზე მილსეპსაც არ ექნება პრობლემა, მაგრამ ეს კაცი მხოლოდ პოზიციას არ ავსებს, ის დაცვის ერთგვარი დაზღვევაა გუნდის ცენტრ ნიკოლა იოკიჩისთვის, რომელიც, ასევე, საკმაოდ სუსტი დამცველია. გრანტის ძირითადში გადმოსვლის შემთხვევაში, გუნდს მეტოქის ნებისმიერ 5 ნომერზე იოკიჩის ,,მიშვება" მოუწევს, რაც, სხვა თუ არაფერი, უდიდესი ,,წვალებაა" მწვრთნელისთვის.

კარგი, ვთქვათ, ,,გავატარეთ" იოკიჩის ცუდი დაცვა, რადგან NBA-ში ცენტრების უმრავლესობა ან ნომინალური C არაა (რაც "ნაგეთსს" საქმეს კიდევ უფრო ურთულებს), ან Role Player-ია და თითქმის არ უტევს, მაგრამ ჯერამი გრანტის პოტენციურ ხელფასს რა ვუყოთ? ის ბევრს მოითხოვს, ამას წყალი არ გაუვა და "დენვერს" მისთვის გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევს. ჯერამი გენიალურად ერგება თანამედროვე მობილური ვინგი 4 ნომრის სტილს და ასეთი ხალხი ძალიან ძვირად ფასობს.

კარგი, ვთქვათ, მივეცით გრანტს თავისი მსუყე ხელფასი, რა მოხდება, როცა ის მოედნიდან გავა და მილსეპი შემოვა? მაიკლ პორტერ ჯუნიორი დაზღვევის გარეშე დარჩება. შესაძლოა, მეტოქეებმა ეს ფაქტი, იმ კონკრეტულ მომენტში, საკმაოდ სარფიანად გამოიყენონ.

არსებობს კიდევ ერთი, მაგრამ უზომოდ რთულად გამოსვლადი სცენარი:
ჩვენ გუნდის Shooting Guard-ად ვაყენებთ ტიპს, რომელსაც შეუძლია დაუდგეს როგორც თავისივე პოზიციას, ისე - Small Forward-ებსაც და ამით დაუბალანსოს პორტერს დაცვა, მაგრამ ადვილია ასეთი ადამიანის პოვნა? ტორი კრეიგით შორს ვერ წავალთ.

კარგი, ვთქვათ, იპოვეს ასეთი 2 ნომერი, მაგრამ გგონიათ, პრობლემა მოგვარდა? არა! გუნდს გამთამაშებლადაც სუსტი დამცველი ჰყავს (ჯამალ მარეი)... და მისი საქმე ისე იოლთან მიახლოებულად ვერაა, როგორც - იოკიჩის შემთხვევაში (ზემოხსენებული მონაკვეთი).

ანუ "დენვერ ნაგეთსი" ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ნახეთ, რამხელა ლაფსუსი აქვს პოტენციურ ძირითად ხუთეულში - 3 სუსტი დამცველი... პლეი-ოფში ორიც კი პრობლემაა.

ეს რომ იყოს დაცვაში რაიმე კონკრეტული სისტემით მოქმედი გუნდი, არ ვიტყოდი, მაგრამ შეტევაშიც კი არ აქვთ მსგავსი სტრატეგია, ძირითადად, იმპროვიზაციით გადიან ფონს...

სამომავლო ტრეიდები, სადაც ხსენებული 3 ცუდი დამცველი მოხვდება? ძალიან მეეჭვება, რაც ნიშნავს, რომ მათ ამ პრობლემას გუნდმა რაიმე უნდა მოუხერხოს.

ვნახოთ, რა მოხდება. ერთი კი ზუსტად ვიცი, "ნაგეთსის" მესვეურებს დილემა კი არა, დილემები ელით.

პ.ს. "დენვერის" ადგილას, ჯამალ მარეის და 2020 წლის NBA-ს დრაფტის 22-ე პიკს ახლავე გავცვლიდი "ნიუ ორლეანს პელიკანსში", სანაცვლოდ კი ჯრუ ჰოლიდეის, პლუს, ხსენებული დრაფტის მე-13 და 42-ე პიკებს წამოვიყვანდი.

"პელიკანსი" სიხარულით დამთანხმდებოდა, რადგან მათ პოტენციალში დაცვის დაზღვევის პრობლემა არ დგას, განსხვავებით - სროლისა, რაც მარეის ნამდვილად შეუძლია. ამას დამატებული, ბრენდონ ინგრამის ძმაკაცის გუნდში მოსვლაზე უარს, უბრალოდ, არ იტყვიან.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩინურია ეს
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული