"მაიამი ჰიტის" განსაკუთრებული კულტურა

AutoSharing Option
#Bean

• როცა "მაიამი ჰიტზე" ვსაუბრობთ, ალბათ, უმეტესობას ახსენდება ის გამორჩეული სუპერვარსკვლავები, რომლებსაც გუნდში უთამაშიათ. მათთან ერთად, ვიხსენებთ საჩემპიონო სეზონებს, რაც, რა თქმა უნდა, დიდწილად, მოთამაშეების დამსახურებაა, მაგრამ უდიდესია მენეჯმენტის წვლილიც. პეტ რაილის და ერიკ სპოელსტრას თანამშრომლობამ "ჰიტში" კულტურა ჩამოაყალიბა.

• ხშირად "მაიამის" მოთამაშეების უდიდესი უმრავლესობა კარიერაში საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშია. ეს ზუსტად "ჰიტის" კულტურის დამსახურებაა. როცა შენს All-Star-ს და ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს სკამზე სვამ, მის მაგივრად კი სრულიად უცნობ ახალგაზრდას აწყებინებ, ეს "ჰიტის" კულტურაა. "ჰიტის" კულტურაა ის, რამაც ჯიმი ბატლერი ფლორიდის სანაპიროზე
ჩაიყვანა.

• "მაიამიში" სჯერათ შრომის. ამის მაგალითია დანკან რობინსონი, რომელიც ამ სეზონამდე არავინ იყო. ამის მაგალითია დუეინ უეიდი, რომელიც გამხდარი ჩიკაგოელი ბიჭიდან დიდების დარბაზის მომავალ წევრად იქცა. ამის მაგალითია ადონის ჰასლემი და ამის მაგალითია ჯიმი ბატლერი. "ჰიტში" სიყვარულით ხვდებიან იმ ადამიანებს, რომლებიც სხვებისთვის მიუღებლები არიან. სწორედ ამიტომ, ჯიმი სახლში მოხვდა.

ზუსტად ეს სიტუაცია აღწერა ვლადიმერ სტეფანიამ გასული ხუთშაბათის Sixth Man-ის პოდკასტში, როცა მოგვიყვა, თუ როგორი სიყვარულით დახვდა "ჰიტის" მთელი გუნდი, ალონზო მოურნინგი და პეტ რაილი.

• სეზონის დასაწყისში ყველა მოთამაშე ვალდებულია, რომ გაიაროს ფიზიკური კონდიციების ტესტი. არ აქვს მნიშვნელობა, შენ ხარ ლებრონ ჯეიმსი, 40 წლის ადონის ჰასლემი თუ 19 წლის ტაილერ ჰიროუ, შენ ეს ტესტი უნდა ჩააბარო. ჯეიმს ჯონსონმა ეს დავალება ვერ გადალახა სეზონის დასაწყისში. შესაბამისად, სტარტზე მას სათამაშო დრო არ ეძლეოდა, მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონში გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. რამდენიმე თვის შემდეგ კი საერთოდ გაცვალეს. მათ სჯერათ, რომ ამ ტესტის ვერგავლა გუნდის უპატივცემულობაა.

• ეს არის მაგალითი იმის, თუ რამდენად სამართლიანი და, ამავდროულად, მომთხოვნი სისტემაა გუნდში. შესაბამისად, ყველას აქვს იმის განცდა, რომ მათი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება და დაფასდება. ბემ ადებაიო თავის ჯერს 2 წელი ელოდა. დღეს All-Star-ი და ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია. 

• ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ "მაიამის" ტაქტიკასა და სწორ გადაწყვეტილებებზე, ასევე - მენეჯმენტის საოცარ სვლებზე, რამაც გუნდი იმ სიტუაციაში ჩააყენა, რა სიტუაციაშიც დღეს იმყოფებიან (ფინალამდე 2 გამარჯვება აშორებთ), მაგრამ, ჩემი აზრით, "ჰიტის" წარმატების მთავარი მიზეზი არის სურვილი, რომ ყველაფერი ჩადონ თამაშში. თითოეული მოთამაშე მაქსიმუმს აკეთებს გუნდისთვის და მუდმივად რჩებიან მწრთნელის გადაწყვეტილებების ერთგულნი. ეს ზუსტად იმ კულტურის დამსახურებაა, რომელსაც პეტ რაილი და ერიკ სპოელსტრა წლებია აყალიბებენ.

• თავდაჯერებული ბავშვები, რომლებიც არსაიდან მოვიდნენ. შეიძლება მათი თამაში NBA-მდე არავის უნახავს, არც "ნაიკთან" და "ჯორდანთან" აქვთ დიდი კონტრაქტები, მაგრამ მათ სჯერათ საკუთარი თავის და იმ შრომის, რამაც "მაიამიმდე" მიიყვანა. იდეაში, დასაკარგიც არაფერი აქვთ. სწორედ ამიტომ, "ჰიტი" ამარცხებს გუნდებს, რომლებსაც მათზე დიდი ტალანტები ჰყავთ შემადგენლობაში.

• Hard work beats talent when talent doesn't work hard

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული