რეკორდების საღამო NBA-ში - რასის, ლებრონისა და სტეფის ისტორიული შეხვედრები [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "ჰიუსტონ როკეტსს" ესტუმრა და 132:123 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო ჯეილინ გრინი გახლდათ, რომელმაც თავი 24 ქულით, 2 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

კრისტიან ვუდმა და კევინ პორტერ ჯუნიორმა თანაბარი 22-22 ქულა მიითვალეს.

კალიფორნიელების შემადგენლობიდან ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 32 ქულა, 11 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. აღსანიშნავია, რომ ლებრონმა ამ მატჩში 36000-ქულიანი ბარიერი გადალახა და NBA-ს ისტორიაში მესამე კალათბურთელი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს გადააბიჯა (კარიმ აბდულ-ჯაბარი 38387
ქულით და კარლ მელოუნი - 36928). უშუალოდ ლებრონს 36001 ქულა აქვს.

რასელ უესტბრუქმა 24 ქულა, 12 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. "ლეიკერსის" ისტორიაში მესამედ მოხდა ისეთი შემთხვევა, როდესაც კალიფორნიელთა ორმა კალათბურთელმა ერთსა და იმავე მატჩში სამმაგი დუბლი შეასრულა. ხსენებულ კალათბურთელებამდე ეს კარიმ აბდულ-ჯაბარისა (19 ქულა, 10 მოხსნა, 10 დაფარება) და მეჯიქ ჯონსონის (26 ქულა, 16 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა), ლონზო ბოლისა (16 ქულა, 10 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა) და ლებრონ ჯეიმსის (24 ქულა, 12 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა) წყვილმა მოახერხა.

Sportall.Ge

კარმელო ენტონიმ აქტივში 24 ქულა (4/8 სამქულიანი), 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა, ყველა დროის საუკეთესო მექულეთა სიაში კი მე-8 ადგილზე მყოფ შაკილ ონილს (28 596 ქულა) ნელ-ნელა მიუახლოვდა. "მელოს" ამ მომენტისთვის 27844 ქულა აქვს.

ამრიგად, ტეხასელები 10 გამარჯვებითა და 25 წაგებით დასავლეთ კონფერენციის ბოლო, მე-15 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას 2022 წლის 1-ელ იანვარს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

რაც შეეხება "ლეიკერსს", ფრენკ ვოგელის შეგირდები 17 მოგებითა და 18 მარცხით იმავე დასავლეთში მე-7 პოზიციას იკავებენ, შემდეგ მატჩს კი ხვალ, 30 დეკემბერს, "მემფის გრიზლის" პირისპირ გამართავენ.


"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 89:86 დასრულდა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან სტეფ კარიმ 23 ქულა (5/14 სამქულიანი), 4 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა დააგროვა. "ოქროს ბიჭუნამ" კარიერაში 3000 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა და ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ეს ნიშნული გადალახა. სტეფმა ასევე მეორე რეკორდი გაიმეორა (თავისივე დამყარებული), ყველა დროის საუკეთესო მსროლელმა ზედიზედ 157 შეხვედრაში მინიმუმ 1 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა.

Sportall.Ge

რაც შეეხება "დენვერს", ნიკოლა იოკიჩმა თავი 22 ქულით, 18 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 4 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

ამრიგად, "უორიორსი" 27 გამარჯვებითა და 7 მარცხით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს.

თავის მხრივ, "ნაგეტსი" 17 მოგებითა და 16 წაგებით იმავე დასავლეთში მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

ეს გუნდები 31 დეკემბერს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სტეფ კარიმ თავისი პირველი სამქულიანი,მესამე პერიოდის უკანასკნელ შეტევაში ჩააგდო.ეტყობა ეგ სარეკორდო მოლოდინი ბოჭავდა.
სოსო
16:15 29-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული