ვარსკვლავებმა საოცარი შეხვედრები გამართეს! საკალათბურთო დღესასწაული ამერიკაში [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"ფილადელფიამ" "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და 123:110 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო ჯოელ ემბიდი გახლდათ, რომელმაც თავი 50 ქულით (17/23), 12 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

"ორლანდოს" მხრიდან მო ბამბამ გუნდს 32 ქულა (12/15), 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ფილა" 26 მოგებითა და 18 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 22 იანვარს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს.

"მეჯიქი" 8 გამარჯვებითა და 38 მარცხით იმავე
აღმოსავლეთში მე-15 პოზიციას იკავებს, შემდეგი ტურის მატჩს კი (22 იანვარს) "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" პირისპირ ჩაატარებს.


"დალას მავერიკსმა" "ტორონტო რეპტორსს" უმასპინძლა და 102:98 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან სლოვენიელმა ლუკა დონჩიჩმა აქტივში 41 ქულა, 14 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

კანადელების შემადგენლობიდან პასკალ სიაკამმა 20 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, "დალასი" 26 გამარჯვებითა და 19 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 21 იანვარს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს.

"რეპტორსი" 21 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთში მე-10 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 22 იანვარს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" პირისპირ ჩაატარებს.


"დენვერ ნაგეტსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და 130:128 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ნიკოლა იოკიჩმა თავი 49 ქულით (16/25), 14 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

მოქმედ საუკეთესო კალათბურთელთან ერთად აარონ გორდონი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 28 ქულა (10/16), 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. სხვა სუპერვარსკვლავების გვერდით ეს სტატისტიკა ნაკლებად შესაშურია, თუმცა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ათლეტმა დამატებითი დროის დასრულებამდე 1.7 წამით ადრე გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდო და "ნაგეტსს" გამარჯვებაში დაეხმარა.

ლოსანჯელესელების მხრიდან ივიცა ზუბაცმა აქტივში 32 ქულა (15/19), 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.

რეჯი ჯექსონმა 28 ქულა, 3 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"დენვერი" 23 მოგებითა და 20 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 22 იანვარს "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ გამართავს.

"კლიპერსი" 22 გამარჯვებითა და 24 მარცხით იმავე დასავლეთში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგი ტურის მატჩს კი (22 იანვარს) "ფილადელფიას" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული