"მილუოკის" მძიმე გამარჯვება, "კლიპერსმა" "ლეიკერსი" ზედიზედ მერვედ დაამარცხა - NBA-ს მიმოხილვა [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"მილუოკი ბაქსი" "ფილადელფიას" ესტუმრა და 90:88 დაამარცხა.

"ირმების" შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილი მოედანზე არ გამოჩენილა.

საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი 21 ქულით, 13 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

ბერძენს მხარი ბრუკ ლოპესმა აუბა, რომელმაც 17 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა.

მასპინძლების მხრიდან ჯეიმს ჰარდენმა აქტივში 31 ქულა, 8 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.

ჯოელ ემბიდმა და ტაირის მაქსიმ თანაბარი,
15-15 ქულა ჩააგდეს.

ამრიგად, "ბაქსმა" 1-ელი შეხვედრა მოიგო, შემდეგ მატჩს კი 23 ოქტომბერს "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ფილადელფიამ" სეზონის საწყისი 2 შეხვედრა წააგო, იმავე 23 ოქტომბერს კი "სან ანტონიო სპურსს" შეხვდება.


კალიფორნიულ დუელში "კლიპერსმა" "ლეიკერსი" 103:97 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "კლიპერსისთვის" "ყვითლების" წინააღმდეგ ეს გამარჯვება ზედიზედ მერვეა.

ნომინალური მასპინძელი "ლეიკერსი" იყო, საუკეთესო მექულე კი - ლუნი უოლკერი, რომელმაც საკუთარ გუნდს 26 ქულა, 3 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ენტონი დევისმა 25 ქულა ჩააგდო, ლებრონ ჯეიმსმა კი - 20.

მატჩის ბედი რასელ უესტბრუქის საშინელმა თამაშმა გადაწყვიტა, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულა (0/11 თამაშიდან) მიითვალა.

რაც შეეხება "კლიპერსს", გუნდურ კალათბურთში (6 კალათბურთელი გადასცდა 10-ქულიან ზღვარს), საუკეთესო პოლ ჯორჯისა და ჯონ უოლის 15 ქულიანი მაჩვენებელი იყო.

ივიცა ზუბაცმა თავი 14 ქულით, 17 მოხსნით, 1 შედეგიან გადაცემითა და 5 დაფარებით გამოიჩინა.

14 ქულა ჰქონდა კავაი ლეონარდსაც, რომელმაც აქტივში დამატებით 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

ამრიგად, "ლეიკერსმა" სეზონის სტარტზე 2-დან 2-ივე შეხვედრა წააგო. შემდეგ მატჩს 23 ოქტომბერს "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"კლიპერსმა" პირველივე მატჩი მოიგო, იმავე 23 ოქტომბერს კი "საკრამენტო კინგსს" შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული