ამერიკელმა კალათბურთელმა მაილის ბრიჯისმა სასამართლოსთან შეთანხმებას მიაღწია.
ESPN-ის ცნობით, სპორტსმენმა 3-წლიანი პირობითი სასჯელი მიიღო, ასევე 100 საათი საზოგადოებრივი სამსახური, 52-კვირიანი სეანსი ფსიქოლოგთან ძალადობის პრევენციის თემაზე და 52-კვირიანი გაკვეთილი აღზრდაზე დაუნიშნეს. ყოველ კვირას კალათბურთელი ნარკოტიკის ტესტს ჩააბარებს, მათ შორის, დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებაც აკრძალული აქვს.
ამასთან ერთად, ბრიჯისს 10 წლის ვადით დაზარალებულ გოგონასთან 100 მეტრზე ახლოს მიახლოება ეკრძალება. ასევე გადაიხდის ჯარიმას 800$-ის ოდენობით.
შეგახსენებთ, მაილისი საკუთარი შვილების თვალწინ მეგობარ გოგოზე ძალადობაში დაადანაშაულეს, მოგვიანებით გავრცელდა, რომ თითქოსდა ბავშვების აღზრდაში მონაწილეობას თანაბრად მიიღებდნენ,
უბრალოდ მე-3 პირის დახმარება გახდებოდა საჭირო.
რაც შეეხება კალათბურთელის კარიერას, ბრიჯისს NBA-ს გუნდ "შარლოტ ჰორნეტსთან" კონტრაქტი აღარ აქვს. მეტიც, თუ რომელიმე გუნდი აიყვანს, მაშინ ლიგას ექნება შესაძლებლობა, სპორტსმენი დასაჯოს (ჯარიმით ან დისკვალიფიკაციით).
ადრე დაიწერა, თითქოსდა "ჰორნეტსის" შეთავაზება ოქტომბრის შემდეგ მოქმედი აღარ იყო და მაილისი შეუზღუდავი თავისუფალი აგენტი გახდა, თუმცა ESPN-ის ექსპერტის, ბობი მარკსის თქმით, ბრიჯისი შეზღუდულ თავისუფალ აგენტად რჩება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით