ფიბა-ევროპის თასი: "დინამო" შავიზღვისგაღმელებთან

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროსარბიელზე ასპარეზობა "ხუვენტუდთან" ორი მატჩით დაასრულა; დინამოელები ფიბა-ევროპის თასზე გადავიდნენ და E ჯგუფში ითამაშებენ. ჩვენი პირველი მეტოქე ნაადრევად გაირკვა - რუმინული "კლუჟი".

მეორე მოწინააღმდეგეც შავიზღვისგაღმელია - ბულგარეთის "აკადემიკი", რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ორივე მატჩი წააგო ლიტვის "იუვენტუსთან". თუმცა, აქვე უნდა დავძინოთ, რომ ბულგარელებს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ ფიბა-ევროპის
თასზე თამაშის სურვილი. საქმე ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის მონაწილეთათვის ფიბა-ევროპის თასზე თამაში ნებაყოფლობითია. არაოფიციალური ინფორმაციით, "აკადემიკის" ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში იტყვის თანხმობას.

"დინამოს", "კლუჟისა" და "აკადემიკის" ჯგუფში მეოთხე გუნდი ფიბა-ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპმა უნდა გამოავლინოს. წინასწარ ცნობილია, რომ ეს იქნება თურქეთის "ისტანბულისა" და უკრაინული "ხიმიკის" წყვილში გამარჯვებული. ამ გუნდების პირველი შეხვედრა 4 ოქტომბერს თურქეთში გაიმართება, განმეორებითი - 11 ოქტომბერს იუჟნიში.

რაც შეეხება ჯგუფურ ეტაპს, პირველი მატჩები 18 ოქტომბერს შედგება. ამ დღეს "დინამო" "აკადემიკს" (თუ ფიბა-ევროპის თასზე თამაში გადაწყვიტა) სოფიაში ეწვევა, ხოლო თბილისში პირველ მატჩს 25 ოქტომბერს რუმინული "კლუჟის" წინააღმდეგ გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული