კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის დაიწყო

AutoSharing Option
საჯარო სკოლების ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადების პროცესი კალათბურთის განხრითაც დაიწყო. აღნიშნული პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება და მიზნად სკოლების ფიზკულტურის პედაგოგთა სხვადასხვა სპორტის სახეობების ძირითადი საფუძვლების ათვისებას ისახავს.

სპორტისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ზემოთხსენებული პროექტის რეკომენდაციების გათვალისწინებით გადამზადების სპეციალიური პროგრამა შეიმუშავა - სახელწოდებით: "კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის".

აღნიშნული პროგრამის მიხედვით საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 650 სკოლის მასწავლებელს უნდა ჩაუტარდეს საკალათბურთო სემინარები.

პროგრამის განხორციელება 4 ოქტომბერს ბათუმიდან დაიწყო, სადაც
1-ელ საჯარო სკოლაში აჭარის რეგიონის 40-ამდე ფიზკულტურის მასწავლებელმა მოიყარა თავი. მათ სემინარი საკალათბურთო "აკადემიისა" და 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა და საკალათბურთო კლუბ "ორბის" მწვრთნელმა ზვიად დიდბარიძემ ჩაუტარეს.

ფიზკულტურის მასწავლებლებმა ასევე მოისმინეს სემინარი 3X3 კალათბურთში, რომელიც მათ კალათბურთის ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრიგოლ გურგენიძემ ჩაუტარა. აღსანიშნავია, რომ წლეულს 3X3 კალათბურთს ოლიმპიური სახეობის სტატუსი მიენიჭა და სპორტის ამ დისციპლინაში 2020 წელს იაპონიაში ოლიმპიური მედლების კომპლექტი გათამაშდება.

ბათუმში გამართულ სემინარებში მონაწილე პედაგოგებს სპეციალური სერტიფიკატები და საკალათბურთო ლიტერატურა: ფიბა-ს სპეციალური სახელმძღვანელოები და 3X3 კალათბურთის წესების ბუკლეტები გადაეცათ.

პროექტის კოორდინატორები და კალათბურთის სპეციალისტები აჭარიდან გურიაში გადაინაცვლებენ, სადაც ქალაქ ოზურგეთში აღნიშნული რეგიონის ფიზკულტურის პედაგოგთათვის გაიმართება საკალათბურთო სემინარები.

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული