აღნიშნული პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება და მიზნად სკოლების ფიზკულტურის პედაგოგთა სხვადასხვა სპორტის სახეობის ძირითადი საფუძვლების ათვისებას ისახავს.
სპორტისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, ზემოხსენებული პროექტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, გადამზადების სპეციალური
ბათუმისა და ოზურგეთის შემდეგ სემინარები ჩატარდა ზუგდიდში, სადაც სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის ფიზკულტურის მასწავლებლები შეიკრიბნენ. მასწავლებლებს სემინარები საკალათბურთო "აკადემიისა" და 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა და საკალათბურთო კლუბ "ორბის" მწვრთნელმა ზვიად დიდბარიძემ ჩაუტარეს.
ფიზკულტურის მასწავლებლებმა ასევე მოისმინეს სემინარი 3X3 კალათბურთში, რომელიც მათ კალათბურთის ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გრიგოლ გურგენიძემ ჩაუტარა. აღსანიშნავია, რომ წლეულს 3X3 კალათბურთს ოლიმპიური სახეობის სტატუსი მიენიჭა და სპორტის ამ დისციპლინაში 2020 წელს იაპონიაში ოლიმპიური მედლების კომპლექტი გათამაშდება.
ზუგდიდში გამართულ სემინარებში მონაწილე პედაგოგებს სპეციალური სერტიფიკატები და საკალათბურთო ლიტერატურა: ფიბას სპეციალური სახელმძღვანელოები და 3X3 კალათბურთის წესების ბუკლეტები გადაეცათ. პროცესში აქტიურად ჩართულმა მასწავლებლებმა საკალათბურთო ბურთებიც მიიღეს.
პროგრამა ოქტომბრის მეორე ნახევარში გაგრძელდება და სემინარები იმერეთის (ქუთაისი), სამცხე-ჯავახეთის (ბორჯომი) და რაჭა-ლეჩხუმის (ამბროლაური) რეგიონებში ჩატარდება.
ნოდარ ავალიშვილი (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მწვრთნელთა განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი):
"პროგრამა საკმაოდ აქტიურად დაიწყო. ფიზკულტურის მასწავლებლები, რომლებიც ჩვენს სემინარებს დაესწრნენ, ძალიან მონდომებულები იყვნენ. ჯერ მხოლოდ 3 რეგიონში ჩავატარეთ პროგრამით გათვალისწინებული სემინარები, რომლებსაც 150-მდე მეტი პედაგოგი დაესწრო.
კალათბურთის მიმართ მთელ საქართველოში საკმაოდ დიდია ინტერესი და აღნიშნულ სემინარებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მთლიანობაში, დაახლოებით 650-მა მასწავლებელმა უნდა გაიაროს სემინარები, რომლებიც სკოლებში კალათბურთის გაკვეთილებს გაუძღვებიან.
კალათბურთის ფედერაცია, სპორტისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით, მაქსიმალურად უზრუნველყოფს პედაგოგთა გადამზადებისთვის სასურველ პირობებს. პროგრამა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გაგრძელდება და მომდევნო სემინარები ქუთაისში, ბორჯომსა და ამბროლაურში გაიმართება".
წყარო: superleague.ge