დღეს, 1 ნოემბერს ფიბა-ევროპის თასის გათამაშების მესამე ტურში თბილისის "დინამო“ სტამბულის 1 250-იან "კებეჩი სპორტ ჰალში“ "ისტანბულს“ შეხვდა. მასპინძელთა გუნდს ორი შეხვედრიდან ერთი ქონდა მოგებული, ჩვენსას კი ორივე წაგებული და ამდენად, გამარჯვება ძალიან გვესაჭიროებოდა.
პირველ პერიოდში ჩვენი გუნდი ტოლ-სწორად ეპაექრა თურქულ კლუბს, მხოლოდ 2 ქულა წააგო, მეორე მეოთხედის დასაწყისში ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ ამის შემდეგ "ისტანბულმა“ გაქცევა მოახერხა და ტაიმი 37:22 მოიგო.
მესამე მეოთხედში თამაშის სურათი არ შეცვლილა, "დინამო“ ვერც შეტევაში ვარგობდა და ვერც დაცვაში, უამრავ შეცდომებს უშვებდა, ფარიც დათმო და
თურქული გუნდის უპირატესობა კლასში თანდათან უფრო თვალსაჩინო შეიქნა. თუმცა, მერე "დინამომ“ თამაში გამოასწორა და მეოთხე პერიოდში ერთხელ სხვაობის 11 ქულამდე შემცირებაც შეძლო, საბოლოოდ კი 52:72 დამარცხდა.
"დინამო" 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა და შემდეგ მატჩს 8 ნოემბერს თბილისში ბულგარეთის "ლუკოილ აკადემიკთან" გამართავს.