მე და ჩემი გუნდი მზად ვართ - პაატა გურასპაულმა საარჩევნო კამპანია დაიწყო

AutoSharing Option
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა პაატა გურასპაულმა საარჩევნო კამპანია აფხაზეთის საკალათბურთო წარმომადგენლებთან შეხვედრით გახსნა.

კანდიდატმა საარჩევნო პროგრამა გააცნო და რეკომენდაციებიც მოისმინა. საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" ხელმძღვანელმა ვაჟა კვარაცხელიამ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ბავშვების მოძიებასა და მათ უცხოეთში გაშვებასთან დაკავშირებით.

მომდევნო დღეს პაატა გურასპაული სუპერლიგის კლუბ "მარნეულისა" და ზაზა ფაჩულიას აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ცხადია, ორივესთან ისაუბრა საკუთარ პროგრამაზე, გეგმებზე, თუმცა სპეციფიკიდან გამომდინარე, მარნეულელებთან ყურადღება გაამახვილა რეგიონებში კალათბურთის განვითარებაზე, ხოლო ზაზას აკადემიაში - ბავშვთა კალათბურთის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

"რეგიონებში კალათბურთის განვითარების თემა ნამდვილად
მტკივნეულია. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შექმნილია სპორტსკოლები, რომლებშიც კალათბურთის წილი უმნიშვნელოა.

ამიტომ ფედერაცია უნდა იქცეს ინიციატორად, რომ რეგიონებში შეიქმნას საკალათბურთო სკოლები, სადაც პროფესიონალი მწვრთნელები იქნებიან დასაქმებულები.

მწვრთნელების, ექიმების, მსაჯების, მსაჯ-მდივნების გადამზადება ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მენეჯერების მომზადებას, რაც სწორი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

გუნდებში მენეჯერების საქმიანობაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული", - თქვა შეხვედრისას პაატა გურასპაულმა.

რაც შეეხება ბავშვთა კალათბურთის განვითარებას, პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატს მიაჩნია, რომ სკოლებში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს, გაიმართოს სკოლების პირველობები და ყოველ სკოლას უნდა ჰყავდეს თავისი გუნდი. ამას მოჰყვეს ქალაქის პირველობები, რეგიონული შეჯიბრებები, რომლის დამაგვირგვინებელი ფაზა საქართველოს ჩემპიონატი იქნება.

"სწორედ ასეთი შეჯიბრებებიდან უნდა მოხვდნენ მოზარდები საკალათბურთო სკოლებში, მათ შორის, ზაზა ფაჩულიას აკადემიაში", - ესეც პაატა გურასპაულის სიტყვებია. მან "მარნეულის" პრეზიდენტთან, ირაკლი შარვაძესთან და "ზაზა ფაჩულიას აკადემიის" ხელმძღვანელ გიორგი ალავიძესთან შეხვედრისას საარჩევნო პროცესის სპეციფიკაზეც ილაპარაკა:

"მე და ჩემი მეგობრები კალათბურთით ვცხოვრობთ, ერთი დღე არ მახსოვს სპორტის ამ სახეობის გარეშე. კალათბურთის ფედერაციის წინა არჩევნების წინაც იყო ლაპარაკი კანდიდატურის წამოყენებაზე, მაგრამ მონაწილეობა არ მიმიღია. ახლა მიმაჩნია, რომ მე და ჩემი გუნდი მზად ვართ არჩევნებისთვის.

ჩემ გარშემო ბევრია განსხვავებული აზრის ადამიანი, მაგრამ მათ მტრებად არ აღვიქვამ, მათ მოსაზრებებს ყურადღებით ვეცნობი. ასევე ვერ აღვიქვამ კახა შენელიასა და შიო ხეცურიანს არათუ მტრებად, მეტოქეებადაც კი.

ისინი ჩემი მეგობრები არიან, მათაც კარგი სურთ ქართული კალათბურთისთვის. არჩევნების შემდეგ, როგორც უნდა დამთავრდეს, მათთან ურთიერთობა და მეგობრობა კვლავ გაგრძელდება."

მომზადებულია Lelo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული