პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას ყველა ბრალდებულთან აფორმებს, თუმცა განსხვავებული პირობებით.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, 5 ბრალდებულიდან საპატიმრო სასჯელს მხოლოდ სამი მოიხდის. კერძოდ, საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია, ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი და მსაჯი ზაზა მაჩალაძე 6-თვიან სასჯელს მოიხდიან, რის შემდეგაც მათ 1-წლიანი პირობითი მსჯავრი დაედებათ. რაც შეეხება დარჩენილ ორ ბრალდებულს - ძმებ ირაკლი და დავით ბერიშვილებს, მათ მხოლოდ პირობითი მსჯავრი დაედებათ.
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი ბრალდებულის, ზაზა მაჩალაძის
"არის ეს მონახაზი. მივდივართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების დასრულებისკენ. საუბარია 6-თვიან რეალურ სასჯელზე, საიდანაც 2 თვე უკვე მოხდილი აქვს ზაზა მაჩალაძეს. ასევე დაეკისრება 5-ათასლარიანი ჯარიმა და 1-წლიანი პირობითი მსჯავრი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შოთა მანელიძემ.
გარიგებული მატჩების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. საერთო ჯამში, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე აყვანილია 5 პირი.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები - ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე, საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა - ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარეს და გამოძიებასთან თანამშრომლობენ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.
მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით