3×3 კალათბურთის ფედერაციის პრეზენტაცია სპორტისა და კულტურის სამინისტროში

AutoSharing Option
დღეს, სპორტისა და კულტურის სამინისტროში 3×3 კალათბურთის ფედერაციის პრეზენტაცია გაიმართა. სპორტის ეს სახეობა გასულ წელს ოლიმპიურ ოჯახში მიიღეს და 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის თამაშების პროგრამაშიც ცალკე დისციპლინად შეიყვანეს. საქართველოში 3×3 კალათბურთს დიდი ტრადიციები გააჩნია. 2006 წელს დაარსდა ქუჩის კალათბურთის ასოციაცია, რომლის სამართალმემკვიდრეც ახლად შექმნილი 3×3 კალათბურთის ფედერაცია გახლავთ.

სწორედ 2006 წელს შექმნილი ასოციაციის დამფუძნებლებმა დააარსეს 3×3 კალათბურთის ფედერაცია, რომლებიც დღეს სპორტისა და კულტურის სამინისტროში იყვნენ წარმოდგენილნი. ესენი არიან - გიგა გურგენიძე, მიხეილ ამაშუკელი, ნიკოლოზ გოგოლაშვილი და ალექსანდრე ჟღენტი. კიდევ ერთი
დამფუძნებელი, ბექა გოლეთიანი საქართველოში არ გახლავთ და პრეზენტაციაზე მისი ძმა - შოთა გოლეთიანი იმყოფებოდა.

3×3 კალათბურთის ფედერაციის პრეზენტაციას დაესწრნენ სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე - შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი - პაატა გურასპაული და ფიბა ევროპის ეროვნული ფედერაციების და სპორტის განვითარების მენეჯერი -  წლების მანძილზე ფიბაში 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელი - ბულგარელი კოსტა ილიევი. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, “დინამო თბილისის” პრეზიდენტი ვახტანგ ნაცვლიშვილი, რომელსაც ახლად შექმნილი 3×3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - გიგა გურგენიძემ საქართველოში 3×3 კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო სიგელი გადასცა.

საპატიო სიგელით დაჯილდოვდა 12 წლის წინ ქუჩის კალათბურთის კიდევ ერთი დამფუძნებელი, ამჟამად სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი ზაბახიძეც, რომლის ორგანიზებითაც 3×3 კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატები და მრავალი ტურნირები ჩატარებულა მთელი საქართველოს მასშტაბით. გიორგი ზაბახიძე 3×3 კალათბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი იქნება.

3×3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - გიგა გურგენიძე დამსწრეებს მიესალმა და საქართველოში სპორტის ამ სახეობის ისტორიაზე ისაუბრა. სიტყვით გამოვიდნენ და 3×3 კალათბურთის მნიშვნელობაზე, მის განვითარებასა და მხარდაჭერაზე ისაუბრეს სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა, “დინამო თბილისის” პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა, სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ და კლუბ “მაკაბის” პრეზიდენტმა, ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ჯამლეტ ხუხაშვილმა.

კოსტა ილიევმა განაცხადა, რომ საქართველოში 3×3 კალათბურთს დიდი პერსპექტივა აქვს და ახალშექმნილ ფედერაციას, სამინისტროს და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მომავალში ამ განხრით ნაყოფიერი მუშაობა, საერთაშორისო ასპარეზზე კი წარმატებები უსურვა.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული