ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
26 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, საკრამენტოში გამართულ "კალიფორნია კლასიკ ლიგაში" იმუშავა, ხოლო შემდეგ ნევადაში გადაინაცვლა და ლას-ვეგასის საზაფხულო ლიგაზე "საკრამენტო კინგსის" სამწვრთნელო შტაბის საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული.
ბოისას ამერიკაში გამგზავრება საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და "საკრამენტო კინგსს" შორის წარმოებული კომუნიკაციის შედეგად განხორციელდა. ამერიკულ შთაბეჭდილებებზე თავად ანატოლი ბოისა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდს უამბობს:
"თავდაპირველად მონაწილეობა "კალიფორნია კლასიკ ლიგაში" მივიღე, რომელშიც მასპინძელ "საკრამენტო კინგსთან" ერთად
"ლოს ანჟელეს ლეიკერსი", "მაიამი ჰიტი" და "გოლდენ სტეიტ უორიორსი" ასპარეზობდნენ.
საკრამენტოში რამდენიმე დღით ადრე ჩავედი და ინდივიდუალურ ვარჯიშებს დავესწარი, რაც ძალიან სასარგებლო იყო ჩემთვის. ვნახე, როგორ უდგებიან საქმეს როგორც ფიზმომზადების, ისე ასისტენტი და მთავარი მწვრთნელები.
ძალიან ბევრი საინტერესო დეტალია, რომლებიც მწვრთნელებისა და მოთამაშეების ურთიერთობას ახლავს. ძალიან ბევრია დამოკიდებული მოთამაშეების პროფესიონალიზმზე. მწვრთნელს არ უწევს სათამაშო დეტალების ახსნა, რადგან ყველა მოთამაშე მაქსიმალურადაა კონცენტრირებული.
მქონდა მჭიდრო ურთიერთობა "საკრამენტოს" გენერალურ მენეჯერ ვლადე დივაცთან, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მსაჯთა მოწვეული ეროვნული ინსტრუქტორის - დრაგან ნეშკოვიჩის მეგობარია და ყველაფერში გვერდით მედგა.
თავდაპირველად იგეგმებოდა ჩემი მონაწილეობა მხოლოდ "კალიფორნია კლასიკ ლიგაში", თუმცა "საკრამენტო კინგსის" ხელმძღვანელებთან კომუნიკაციის შემდეგ შევთანხმდით, რომ როგორც "საკრამენტოს" სამწვრთნელო შტაბის წევრი, მონაწილეობას მივიღებდი ლას-ვეგასის ცნობილ საზაფხულო ლიგაზე.
ამ ყველაფერმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა, რადგან არ ველოდი, რომ NBA-ს კლუბის სამწვრთნელო საკითხებში ასეთი აქტიური ჩართულობის უფლებას მომცემდნენ. ამაში იმას ვგულისხმობ, რომ ლას-ვეგასის ლიგაზე 2 მატჩის განხილვა მთლიანად მე მებარა. განხილვაში შედიოდა როგორც მეტოქე გუნდის სკაუტინგი, ისე ამის შესახებ გუნდთან მატჩის წინ საუბარი.
ეს ჩემთვის იყო უდიდესი გამოცდილება, რადგან ერთია, როცა ამას შენს მეგობრებთან აკეთებ და მეორე, როცა NBA-ს მოქმედი მოთამაშეების წინ გიწევს ამის გაკეთება.
"საკრამენტოს" შემადგენლობაში შედიოდნენ დრაფტზე არჩეული მოთამაშეები - ჯასტინ ჯეიმსი და კაილი გაი. ასევე გუნდთან ერთად იყვნენ ცნობილი მოთამაშეები - მარვინ ბეგლი, ჰარი გაილსი, იოჯი ფერელი, ბადი ჰილდი, დეარონ ფოქსი და ბოგდან ბოგდანოვიჩი. აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგიურ წნეხსაც ვგრძნობდი, რადგან ამ ცნობილ მოთამაშეებთან ერთად მატჩისწინა საუბარს ესწრებოდნენ "საკრამენტოს" მთავარი და ასისტენტი მწვრთნელებიც.
ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ძალიან კარგად გავართვი თავი, რაც ჩემთვის იყო ფასდაუდებელი, უდიდესი გამოცდილება.
თამაშის დროს "საკრამენტოს" სხვა მწვრთნელებთან ერთად მოთამაშეების უკან მდებარე სკამზე ვიჯექი და ყველას ჩვენი მისია გვქონდა. მაგალითად, ერთს ებარა იმის ჩანიშვნა, თუ რამდენჯერ შევიდოდა მეტოქის მოთამაშე ჩვენს სამწამიანში და რა შედეგით დასრულდებოდა ეს შეტევა - ალეუპით ჩაგვიგდებდა, ჩატენიდა, ააცილებდა, პერიმეტრზე გაიტანდა ბურთს თუ უბრალოდ, დაკარგავდა. თავიდან ამას ხელით ვითვლიდით, შემდეგ კი ალგორითმი მოიფიქრეს და მოედანზე მიმდინარე პროცესებს კომპიუტერულად ვმართავდით.
ლას-ვეგასის საზაფხულო ლიგის ფარგლებში გაიმართა არაერთი ღონისძიება, რომელთაგან ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ორდღიანი ლექციები თემაზე: "როგორ უნდა გახდე წარმატებული მწვრთნელი".
ლექციებს ატარებდნენ უდიდესი სპეციალისტები: ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი "ტორონტოს" მწვრთნელი ნიკ ნერსი, დოკ რივერსი, ერიკ სპოლესტრა და სხვები. ჩემთვის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჯერი ვესტთან შეხვედრამ მოახდინა.
ცოცხალ ლეგენდას 5 წუთი გავესაუბრე და მან იცოდა საქართველოს შესახებ, ქართველი კალათბურთელების გვარები დამისახელა. მან კარგად იცოდა გოგა ბითაძის შესახებ, რომელიც წელს დრაფტზე აირჩიეს და მის მომავალ კარიერაზე საკმაოდ მაღალი წარმოდგენის იყო.
ლექციებს მწვრთნელებთან ერთად გუნდის გენერალური მენეჯერები, პრეზიდენტები, მფლობელებიც კი ესწრებოდნენ. შევხვდი "დალას მავერიკსის" მფლობელ მარკ კუბანს, ასევე, ნბა-ს არაერთ ცნობილ პერსონას. თამაშებს სისტემატურად ესწრებოდნენ კონკრეტული გუნდების ვარსკვლავები. მაგალითად, "ლეიკერსის" თამაშებზე დადიოდნენ ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი, "ნიუ ორლეანსის" თამაშებზე - ლონზო ბოლი, ბრენდონ ინგრამი და სხვები. თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი მწვრთნელებთან ურთიერთობა, მათი ფილოსოფიის გაგება და მიღებული მითითებები იყო. ამიტომაც მეტად მწვრთნელებთან ვურთიერთობდი.
რაც შეეხება ჩემს სამწვრთნელო კარიერას, ამჯერად არაოფიციალურად, მაგრამ ვმუშაობ რუსთავის გუნდში გეორგიოს კეცელიდისის ასისტენტად და დავრჩები იქ, თუკი ეს გუნდი სუპერლიგაში დარჩება. თუ არადა, ვნახოთ, რა იქნება. ჯერჯერობით შესწავლის პროცესში ვარ და ვივლი ეროვნული ნაკრების შეკრებაზეც, სადაც ილიას ზუროსისგან უდიდეს გამოცდილებას ვიღებ.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, რომ მაძლევს საშუალებას როგორც საქართველოში, ნაკრების მწვრთნელებთან ურთიერთობით მივიღო ცოდნა-გამოცდილება, ასევე მონაწილეობა მივიღო საერთაშორისო სამწვრთნელო აქტივობებში."
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით