თსუ დუდუ დადიანის თასის მფლობელია!

AutoSharing Option
დუდუ დადიანის თასის მფლობელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა.

ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სეზონის პირველი ტურნირი ერთი ამოსუნთქვით მოიგო.

მემორიალური ტურნირის ოთხივე შეხვედრა თსუ-მ ისე მოიგო, მეტოქისთვის მცირედი შანსიც არ მიუცია, რაც დამსახურებულად დაფასდა თასით, რომელიც უნივერსიტეტის გუნდისთვის სეზონის წინ დიდი მოტივაციისა და სტიმულის მიმცემი იქნება.

ფინალურ მატჩში თსუ-ელებმა არანაკლებ ძლიერი "ბათუმი" 87:69 დაამარცხეს. თანაბარი მხოლოდ პირველი პერიოდი გამოდგა, რომელიც 18:18 დასრულდა. მეორე მეოთხედში თამაში გიორგი კორსანტიას მშვენიერი გარჯის ხარჯზე გაიხსნა, რომელმაც სამწამიან ზონასა და მის მისადგომებთან მეურვეები დაჯაბნა და
თსუ-ს წინ გაჭრის საშუალება მისცა.

უნივერსიტეტელებმა ათწუთეული 24:8 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ - 42:26.

მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, აქ გადაწყდა. მეორე ნახევარში თსუ-მ მეტი აქცენტი დაცვაზე გადაიტანა, რითაც მეტოქეს ქულების მოპოვების საშუალება მაქსიმალურად შეუზღუდა. ამასობაში მიზანი გაეხსნა სტუდენტების ამერიკელ ლეგიონერ რიკი მედისონს, რომელმაც სნაიპერული თვისებები გამოავლინა და მეორე მეოთხედში პირად ანგარიშზე 16 ქულა ჩაიწერა. ძალიან სარგებლიანი იყო კრისტოფერ ანდერსონი, რომელიც ბურთსაც გონივრულად ათამაშებდა და შეტევაშიც ყოჩაღობდა. ყველაფერმა ამან ის შედეგი გამოიღო, რომ ბათუმელებმა დარჩენილ დროში ვერაფერი შეცვალეს. თსუ მშვიდად მივიდა გამარჯვებამდე და დუდუ დადიანის თასიც ღირსეულად მოიგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა გიორგი კორსანტია, რომელმაც ტურნირის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა. მის ანგარიშზე 20 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. 20 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა კრის ანდერსონმა, ხოლო რიკი მედისონმა პირად ანგარიშზე 18 ქულა ჩაიწერა. ბათუმელთაგან 15 ქულით ჯუნიუს პროველი გამოირჩა, 11 ქულა და 8 მოხსნა ლევან ელიაძის ანგარიშზეა.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელსაც დამსახურებული სპორტული კომენტატორი და ყველასთვის კარგად ნაცნობი ჯამლეტ ხუხაშვილი გაუძღვა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გიორგი კორსანტიას დუდუ დადიანის ძმისშვილებმა - სანდრომ და ანდრიამ გადასცეს. თსუ-ელთა კაპიტანმა გიორგი კორსანტიამ ჩაიბარა დუდუ დადიანის თასიც, რომელიც უნივერსიტეტელებისთვის პირველია. მემორიალის ფინალში თსუ აქამდე სამჯერ იყო, თუმცა 2002, 2005 და 2009 წლებში სტუდენტურმა გუნდმა ტიტულის მოგება ვერ შეძლო. მეოთხე ცდაზე, ლექსო ლაფანაშვილისა და ირაკლი ძიძიგურის წინამძღოლობით, თსუ დუდუ დადიანის თასს პირველად დაეპატრონა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავთ ეს ერთი სხვაც მრავალი.
temo
10:50 10-10-2019
3

სიახლეები პოპულარული