ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების - ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის რიგით მე-15 მემორიალური ტურნირი გუშინ, 15 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო, სადაც 4 მატჩი გაიმართა.
ტურნირის მონაწილე 12 გუნდი 4 ჯგუფშია განაწილებული და ნახევარფინალში გასასვლელად პირველ ადგილზე გასვლაა საჭირო. პირველ ტურში თითოეული ჯგუფის 2 მონაწილე თამაშობდა, 1 კი ისვენებდა.
ტურნირში სუპერლიგის 12-ვე გუნდი მონაწილეობს, რომლებსაც "ა" ლიგის 1 წარმომადგენელი - "კავკასია" დაემატა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა კავკასიელებმა მემორიალის გასვლით მატჩში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს "კაკტუსს" და გამარჯვებამდე მცირედი დააკლდათ. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი
"კაკტუსს" 30 ქულით ჯასტინ ევერეტმა ულიდერა, ხოლო მიხეილ ჭოჭუასა და ახალწვეულ მაიკლ დევისის ანგარიშზე 16-16 ქულა დაგროვდა. "კავკასიაში" 24 ქულით საუკეთესო იყო ბრენდონ უილისი, მარკიზ მეიფილდის ანგარიშზე კი 23 ქულა დაგროვდა.
"ბ" ჯგუფში იოლი გამარჯვება მოიპოვა "რუსთავმა", რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის წევრი - რატი ანდრონიკაშვილი გამოჩნდა. რატიმ ძალიან გამორჩეული - 8 ჩაჭრა მიითვალა, რასაც 9 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა მოაყოლა. რუსთაველებმა კი გუნდური თამაშის წყალობით დაჯაბნეს "მგზავრები". ქვემოქართლური გუნდი უკეთესად და გაცილებით შედეგიანად თამაშობს ანატოლი ბოისას ხელში, რომელსაც, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბერძენი გიორგიოს კეცელიდისი შეცვალა, წაგება არ განუცდია.
რუსთაველებმა საბოლოოდ 87:70 გაიმარჯვეს. ქვემოქართლელთაგან საუკეთესო შედეგი ნიკოლა ტადიჩმა აჩვენა - 17 ქულა და 10 მოხსნა. 17 ქულა ჰქონდა აკაკი დვალიშვილსაც, ხოლო დენზელ ლივინგსტონის ანგარიშზე 16 დაგროვდა. "მგზავრებში" 16 ქულით ბომბარდირი დარელ ქომბსი გახდა.
ფოტო: gbf.ge
დაძაბული არ გამოდგა არც "ქუთაისისა" და "ცხუმ-აფხაზეთის" დაპირისპირება. იმერულმა გუნდმა მეტოქე დამაჯერებელი სხვაობით - 94:66 დაამარცხა და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ქუთაისელებმა განსაკუთრებით შედეგიანად პირველი და ბოლო პერიოდები ჩაატარეს, რომლებიც შესაბამისად - 25:11 და 30:18 მოიგეს.
გამარჯვებულთაგან 5 მოთამაშე ასცდა 10-ქულიან ბარიერს, რომელთაგან 15-15 ქულით გიორგი ბარბაქაძე და ჯეიმს მილიკენი გამოირჩნენ. 14 ქულა ჰქონდა ლევან გრძელიძეს. ქუთაისელებს დაუბრუნდათ დეჟან რაიტი, რომელიც გუნდში წინა 2 სეზონის განმავლობაშიც თამაშობდა. რატმა ამ სეზონის სადებიუტო მატჩში 9 ქულა მიითვალა. "ცხუმ-აფხაზეთში" 12 ქულით, 9 მოხსნით, 7 პასითა და 4 ჩაჭრით საუკეთესო იყო ზუკა მაჩალაძე.
დაბოლოს, "დ" ჯგუფი, სადაც მცირე სენსაცია მოხდა. "ტიტები" მე-3 პერიოდში 24 ქულით ამარცხებდა "ვერას", მაგრამ თამაში ვერელებმა მაინც 88:83 მოიგეს. ირაკლი ხოშტარიას მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო პერიოდი 35:16 (!) მოიგო და ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობიდან შეძლო გამარჯვების მოპოვება. ვერელებს ახალი ლეგიონერი - მაიკ ჰიუზი ჰყავთ, რომელმაც 2 ქულით შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იყო გუნდის ერთგული და გამოცდილი ლეგიონერი - ბრენდონ სლაი, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 29 ქულით დაასრულა. 15 ქულა ჰქონდა გივი ბაქრაძეს, ხოლო ვენდელ ლუისს და ნოდარ თენიეშვილს - 12-12. "ტიტებში" 18 ქულით ყველაზე შედეგიანი ნიკა მეტრეველი იყო.
ხვალიდან ტურნირში ის 4 გუნდი ჩაებმება, რომლებიც პირველ ტურში ისვენებდნენ. იხილეთ 16 იანვრის მატჩების განრიგი:
12:00. "კაკტუსი" - "თსუ"
14:00. "რუსთავი" - "დინამო"
16:00. "ბათუმი" - "ქუთაისი"
18:00. "ვერა" - "ოლიმპი"
შეგახსენებთ, რომ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ჯგუფური ეტაპის მატჩები 17 იანვარს დასრულდება, 18-ში ნახევარფინალები გაიმართება, ხოლო ფინალს ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მშობლიური ქალაქი ქუთაისი უმასპინძლებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით