ულტრათანამედროვე საკალათბურთო არენა - როგორი იქნება ახალი სპორტის სასახლე [PHOTO+VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თბილისში გამართულ თუ გასამართ ღონისძიებათა შორის ყველაზე მასშტაბური იქნება ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი, რომელიც 2021 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო 2022-სთვის გადაიდო. მისი ერთი ჯგუფის (15 მატჩის) მასპინძლობის უფლება ფიბა-ს ხელმძღვანელობამ იმიტომაც მოგვცა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაჰპირდა – ევრობასკეტისთვის ახალ არენას ავაგებთო.

თავიდან ითქვა, რომ დარბაზი 15 ათას მაყურებელზე უნდა ყოფილიყო გათვლილი, თუმცა 2020 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ტევადობა 10 500 იქნება. ეს ფიბა-ს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, ხარჯებსაც დაზოგავს. თუმცა არის ერთი ნიუანსი, რაც
დღესვე შეიძლება ხმამაღლა ითქვას – საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მატჩებისას ყოფილა შემთხვევები, 8.5-ათასიან ძველ სპორტის სასახლეში ბილეთები თამაშამდე ერთი-ორი დღით ადრე სრულად გაყიდულა. 2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების თამაშებზე დარბაზი ბოლომდე გაივსება. მნიშვნელობა არა აქვს, 10-ათასიანი იქნება თუ 15-ათასიანი. ბევრი მსურველი გარეთაც დარჩება, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ღონისძიებები იშვიათია და რაციონალური გათვლებია საჭირო ტევადობის შერჩევისას.

ასეა თუ ისე, 2021 წლის ზაფხულში ჩვენს ქვეყანას ექნება დარბაზი, რომელიც საშუალებას მისცემს, ნებისმიერ უმაღლესი დონის შეჯიბრებას თამამად და ღირსეულად უმასპინძლოს… და არამხოლოდ სპორტულს – დღეს მსოფლიოს მასშტაბით სპორტული არენები მხოლოდ ერთი პროფილით არ შენდება, გათვლილია სხვადასხვა ისეთ ღონისძიებაზე, სადაც ათიათასობით ადამიანი იკრიბება. ასე რომ, დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, ახალ დარბაზში მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავებსაც არაერთხელ ვიხილავთ.

ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება 2019 წლის 15 ივლისს მივიღეთ. მშენებლობა 2020 წლის იანვარში უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაიწყო. თავიდან დიდი გორა მოიჭრა, რომლის ადგილზეც აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. დღეს უკვე შეგვიძლია "რენდერი" და დარბაზის ინტერიერის ფოტოები გამოვაქვეყნოთ.

რამდენიმე დღის წინ მშენებარე კომპლექსს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესტუმრა. დავინტერესდით, კორონავირუსის გამო მშენებლობა ხომ არ შეფერხებულა და რამდენად გეგმიურად მიმდინარეობს სამუშაოები.

"მთავრობამ დააანონსა, რომ 2021 წლის სექტემბრისთვის საქართველოს უნდა ჰქონოდა ულტრათანამედროვე საკალათბურთო არენა, რომელიც ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლებდა. კორონავირუსის კრიზისის პერიოდში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მშენებლობა ერთი საათითაც არ შეჩერებულიყო. მინდა ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

რამდენიმე დღის წინ მშენებარე არენას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან ერთად ვეწვიე და მახარებს, რომ ძირითადი, რთული სამუშაოები უკვე შესრულებულია. დიდი მოცულობის მიწა მოიხსნა, საძირკველი ჩაყრილია და ახლა სვეტების ამოყვანის პროცესში ვართ. დარბაზი 2021 წლის ივლისისთვის უნდა დასრულდეს. იმ ტემპით, რა ტემპითაც მუშაობა მიმდინარეობს, გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ კომპანია ვადებში სრულად ჩაეტევა.

მოგეხსენებათ, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო 2022 წლის სექტემბრისთვის გადაიდო. ეს საშუალებას მოგვცემს, მშვიდად, კარგად გატესტილი დარბაზით შევხვდეთ ევრობასკეტს.

მახარებს, რომ ძალიან მალე საქართველოს ექნება ევროპული სტანდარტების 10-ათასკაციანი ლამაზი სპორტის სასახლე, რომელიც ერთიანი კომპლექსის ნაწილი იქნება. ახალი არენა გვირაბით დაუკავშირდება 2015 წლისთვის აგებულ ოლიმპიურ სასახლეს, რომელშიც ორი სხვადასხვა ტევადობის დარბაზია. ერთში 3 ათასი ადამიანი ეტევა, მეორეში – 800", – უთხრა "ლელოს" შალვა გოგოლაძემ.

წყარო: lelo.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
მერამდენედ უკვე… მილიონები იდება რაღაც საშინელებაში. პროექტი ხომ საშინელი, ნაჩქარევი და აბსოლუტურად ყურით მოთრეული ფორმებით. ვიზუალიზაცია კიდევ უფრო საშინელი. ჰაერში მოსიარულე ხალხი ხომ სამარცხვინობის პიკი. გაოგნებული ვარ, ბოლო მომენტამდე მეგონა, რომ ამ საშინელებას არ ააშენებდნენ და მართლა რამე ნორმალურს გეგმავდნენ.
Lasha
18:45 05-06-2020
3
ამხელა პროექტს ახორციელებენ და ხალხი გაზონზე დატოვეს :დ ის პირველი პროექტი რო წამოჭიმეს რატო დაიწუნეს? მართლა ოცი მილიონის გამოო?ვინ მოტეხაო ვინოოო? :დ ცუდიათქო როგორ ვთქვა,მაგრამ რავი აბა რით გაგახაროთ :დ
აბგდ
20:35 05-06-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული