პაატა გურასპაულის ოთხწლიანი ანგარიში

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა საერთო-საარჩევნო კრებაზე განვლილ ოთხ წელიწადში ჩატარებული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.

ასევე, კრებაზე დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს წარედგინათ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 2020-21 წლების სეზონის შემაჯამებელი “წლის წიგნი”, სადაც თავმოყრილია ყველა ის ღონისძიება და აქტივობა, რომლებიც ფედერაციამ გასული ერთი წლის მანძილზე განახორციელა. “წლის წიგნი” ფედერაციამ უკვე მე-10-ედ გამოსცა და მისი პრეზენტაცია ფართო საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გაიმართება.

აქვე, უცვლელად გთავაზობთ პაატა გურასპაულის 4-წლიან ანგარიშს, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, მან საერთო-საარჩევნო კრებაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო.

“კალათბურთი ჩემი
ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სპორტის ამ სახეობის გარეშე ჩემი და ჩემი მეგობრების არსებობა წარმოუდგენელია. ფედერაციის პრეზიდენტობა ჩემთვის გახლდათ დიდი გამოწვევა და პატივი, ვინაიდან ამ უდიდესი საკალათბურთო ტრადიციების მატარებელ და არაერთი ლეგენდის მყოლ ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის გაძღოლა მევალებოდა.

ბოლო ოთხი წლის მანძილზე კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის საპატიო პოსტი მქონდა დაკავებული და მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ ჩემი პრეზიდენტობის ოთხწლიანი ანგარიში.

ქართული კალათბურთი მიუახლოვდა იმ ისტორიულ მიჯნას, რომელსაც ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა წარმოადგენს. ამისთვის, პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, რომლის გვერდში დგომითა და მხარდაჭერით ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა ევროპის მთავარი საკალათბურთო ღონისძიების – ევრობასკეტ 2022-ის მასპინძლობის უფლება.

საქართველოს პრეზიდენტის, სამთავრობო სტრუქტურების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ჩვენი ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევითა და კოორდინირებული მუშაობით შევძელით და მოვიპოვეთ მომავალი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა, რაც უდიდესი მონაპოვარია არა მხოლოდ საკალათბურთო და სპორტული საზოგადოებისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის.

იყო დრო, როცა ოცნებად გვქონდა არათუ ევრობასკეტზე თამაში, არამედ მის საკვალიფიკაციო, A დივიზიონში ასპარეზობა. ქართული კალათბურთი და შესაბამისად, ეროვნული ნაკრები ისე განვითარდა, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ მეხუთედ გავედით ევროპის ჩემპიონატზე და მომავალი საკონტინენტო პირველობის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება.

ევრობასკეტის საზეიმო დღეებში საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ჩამოვა თურქეთიდან, რუსეთიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან და ბულგარეთიდან, რაც ტურისტულ ნაკადს მნიშვნელოვნად გააძლიერებს და საქართველოს, როგორც ევროპული საკალათბურთო ოჯახის სრულფასოვან წევრს, საერთაშორისო ასპარეზზე რეპუტაციას აუმაღლებს. ევრობასკეტის მაღალ დონეზე ჩასატარებლად ზრუნავს მისი საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც ფუნქციონირებას აქტიურად დაიწყებს.

ევრობასკეტის მოპოვებასთან ერთად სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ მიხეილ გაბრიჩიძე, მერაბ რატიშვილი და მე, პაატა გურასპაული, გავხდით ფიბას სხვადასხვა კომიტეტის წევრები, ხოლო გენერალური მდივანი, ბატონი გიორგი ქართველიშვილი, გახლავთ ფიბა-ევროპის იურიდიული კომისიის პრეზიდენტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. ბორდში შესვლამდე და მის შემდეგაც იგი ყოველდღიურად იყო ჩართული ევრობასკეტის მასპინძლობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

ესაა ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ განვითარდა ბოლო წლებში ქართული კალათბურთი. სწორედ წინსვლის პროცესი წარმოადგენს ჩვენი და ზოგადად, ნებისმიერი სპორტული ფედერაციის ქვაკუთხედს. ჩემი გუნდის მიზანი ქართული კალათბურთის განვითარება, მისი მთელ ქვეყანაში პოპულარიზაციაა და ბედნიერი ვარ, რომ ეს პროცესი ყველასთვის თვალნათელია. რასაც მივაღწიეთ, ეს მცირედია იმასთან, რა გეგმებიც გვაქვს. ქართული კალათბურთის წინსვლა და მისი მუდმივი განვითარება ჩვენი ორიენტირია და მისი მიღწევის საშუალებას ის პროგრესული მმართველობა იძლევა, რომელიც კალათბურთის ფედერაციაშია და რაც საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო.

ჩვენს ფედერაციას სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს მომავალ სექტემბერში, როცა ევრობასკეტის A ჯგუფის თამაშები თბილისში ჩატარდება. მიუხედავად მცირე ფინანსური რესურსებისა, აქამდე ჩვენ არაერთი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლები ვიყავით და ორგანიზების კუთხით ფიბასგან ყოველთვის უმაღლესი შეფასება დაგვიმსახურებია. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ევრობასკეტის შემთხვევაშიც.

2019 წელს საქართველოს დედაქალაქმა 3×3 კალათბურთში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირში ევროპის 16 ქვეყნის 24 ნაკრები გუნდი მონაწილეობდა (12 გოგონათა და 12 ვაჟთა). ღონისძიებამ ულამაზეს ატმოსფეროში, მაღალი დასწრებადობით ჩაიარა, რომელსაც ესწრებოდა ფიბა-ევროპის გენერალური მდივანი კამილ ნოვაკი. ბატონმა ნოვაკმა როგორც თბილისში, დახურვის ცერემონიალის დროს, ისე მოგვიანებით, ფიბა-ევროპის ბორდის სხდომაზე, მაღალი შეფასება მისცა თბილისში ჩატარებულ ევროპის 3×3 თასის გათამაშებას და ის 2019 წლის ფიბას ყველაზე კარგად ორგანიზებული ღონისძიებების სამეულში შეიყვანა.

ჩვენი ქვეყნისთვის ამ ევრობასკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება ის ახალი დარბაზი, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს. თანამედროვე სპორტის სტანდარტების მქონე დარბაზი 10 000-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს და ევრობასკეტის შემდეგ ის მემკვიდრეობად დარჩება ჩვენს ქვეყანას.

ინფრასტრუქტურის გარეშე წინსვლა წარმოუდგენელია და კიდევ ერთი უდიდესი წარმატება გასულ წელს სწორედ ამ მხრივ გვქონდა. პროცესი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო, 2021-ში დასრულდა და საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მრავალწლიანი მართვის უფლებით სახელმწიფოსგან გადმოეცა ვერის პარკის საკალათბურთო კომპლექსი, რომელიც ორ დარბაზს აერთიანებს. ამით კალათბურთი დაბრუნდა სახლში, სწორედ იქ, სადაც ათეულობით წლის წინ დაიწყო მისი აღორძინება. თბილისის საკალათბურთო ცენტრი ხომ სწორედ ვერის ბაღში მდებარეობდა, სადაც ლეგენდარული მწვრთნელები ქართული კალათბურთის მომავალ თაობებს ზრდიდნენ.

ეს ტრადიცია ძალიან მალე აღდგება და ვერის პარკის დარბაზში უფრო ფართომასშტაბიანი საკალათბურთო აქტივობა გაჩაღდება. შეთანხმება მიღწეულია ესპანურ კორპორაცია „სასკი ბასკონიასთან“, რომელთანაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მე-6 წელია, მჭიდროდ და პროდუქტიულად თანამშრომლობს. ვერის პარკის დარბაზში „ბასკონიას“ საკალათბურთო აკადემია გაიხსნება, სადაც ყველა ასაკობრივი საკალათბურთო წრე იფუნქციონირებს. ბასკონიას კემპებში 900-მდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა და არაერთი ტალანტი იქნა აღმოჩენილი, რომლებმაც საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები შეავსეს.

პერსპექტიული ბავშვების აღმოჩენა ადრეულ ასაკში უნდა მოხდეს და ამიტომაც ჩვენ უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ იმ პროექტებს, რომლებიც ბავშვებს ეხება. განსაკუთრებით ეს „ჯუნიორ ნბა“-ზე ითქმის, რომელიც მე-6 წელია, ტარდება და მისი მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება.

აღსანიშნავია, რომ პანდემიიდან გამომდინარე, გასულ წელს „ჯუნიორ ნბა“-ს ლიგა მხოლოდ საქართველოსა და ისრაელში ჩატარდა. კენჭისყრა მეტეხის ხიდზე გაიმართა, ხოლო ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპების ჩათვლით მონაწილეობა 77-მა გუნდმა და 1300-მდე მოზარდმა მიიღო.

პანდემიამდე ჯუნიორ ნბა-ს ლიგაში 111 გუნდი მონაწილეობდა და ზუსტად “ჯუნიორ ნბა”-ს ბაზიდან ჩვენ შევთავაზეთ ბავშვთა საკალათბურთო სკოლებს და მწვრთნელებს ყველა ასაკობრივი ლიგის ახალი სისტემით ჩატარება, რომელიც ბავშვთა ლიგებს სხვა საფეხურზე აიყვანს და უფრო მეტი თამაშის ჩატარებას შევძლებთ ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც პანდემიით გათვალისწინებული რეგულაციები მოგვცემს ამის საშუალებას.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სულ მალე შეიქმნება Junior NBA-ის ამიერკავკასიური ლიგა, რომელშიც წამყვანი როლი სოლიდური გამოცდილების მქონე საქართველოს ექნება და ამ მიმართულებით უკვე ქმედითი ნაბიჯებია გადადგმული.

„ჯუნიორ ნბა“-ს წარმატებულ გუნდებს ფედერაცია უწევს თანადაფინანსებას, რათა მომავალმა კალათბურთელებმა ბავშვობიდანვე მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და უცხოელ თანატოლებთან თამაშით აიმაღლონ კლასი. “ჯუნიორ ნბა”-ს სამი საუკეთესო გუნდი უკვე რეგულარულად ასპარეზობს ბალტიის ლიგაში, ხოლო კიდევ ერთი პროგრამის საფუძველზე 14 და 15 წლამდელთა ნაკრებები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში ასპარეზობენ.

სამწუხაროდ, მსოფლიოში მძვინვარე კოვიდ-პანდემიის გამო ფიბამ ვერ ჩაატარა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები, თუმცა შეზღუდული რაოდენობის ნაკრებებით ეგრედ წოდებული ჩელენჯერები გამართა. ორი ასეთი ჩელენჯერი 2021 წელს თბილისში გაიმართა და 20 წლამდე ვაჟთა და 16 წლამდე გოგონათა შეჯიბრებებმა ორგანიზების მხრივ ფიბა-ევროპისგან კიდევ ერთხელ დაიმსახურეს უმაღლესი შეფასება. მნიშვნელოვანია, რომ მომავალ, 2022 წლის ივლისში ჩვენს ქვეყანაში გაიმართება 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, სადაც 22 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და რომელსაც სწორედ ევრობასკეტისთვის აშენებული ახალი დარბაზი უმასპინძლებს.

კოვიდ-პანდემიით გამოწვეულ შეფერხებებს გვერდს ვერ ავუვლით და სამწუხაროდ, 2019-2020 წლების სეზონი ჩაშლილად გამოცხადდა, თუმცა მომდევნო სეზონზე, მიუხედავად კვლავ რთული პანდემიური ვითარებისა, შევძელით და შეუფერხებლად ჩავატარეთ 2020-2021 წლების სეზონის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი – სუპერლიგა, მისი ერთი საფეხურით დაბლა მდგომი “ა” ლიგა და სტუდენტური ლიგა. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე სეზონი დაწყებულია და სახელმწიფო რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს სუპერლიგა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენმა საკალათბურთო ოჯახმა პანდემიის პერიოდში ფინანსური დახმარება გაუწია ვეტერან კალათბურთელებს, ხოლო პანდემიასთან ბრძოლის ფონდში (StopCoV) გარკვეული თანხა გადარიცხა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია იყო პირველი, რომელმაც პანდემიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ როგორც ვარჯიშების, ისე ტურნირების ჩატარების მხრივ დახურულ სივრცეში სპორტული აქტივობა განაახლა. ფედერაციის მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამით, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ოფიციალურად დაამტკიცა, სპორტკომპლექს „არენაში“ ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების უკონტაქტო ვარჯიშები ივნისის ბოლოს განახლდა და 4 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. ვარჯიშებში ჩართული იყვნენ საქართველოს ეროვნული, 20, 18, 16, 14, 13 წლამდელთა, ასევე გოგონათა ნაკრებების წევრები და კანდიდატები. უკონტაქტო ვარჯიშების პროგრამაში მთლიანობაში ნაკრები გუნდების დაახლოებით 150-მდე კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა.

მნიშვნელოვანია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ შეიმუშავა სრულიად ახალი პროექტი, სახელწოდებით „მოთამაშეთა განვითარების ლიგა“, რომელიც ევროპისა და ამიერკავკასიის მასშტაბით არსად განხორციელებულა და პირველად საქართველოში ჩატარდა. მოთამაშეთა განვითარების ლიგა შემდეგ სეზონზე საერთაშორისო სტატუსს შეიძენს და უცხოელ პარტნიორებთან ერთად იგეგმება მრავალი მოთამაშის, მწვრთნელის და სკაუტის ჩამოსვლა საქართველოში. ლიგის ძირითადი მიზანი მოთამაშეებისთვის და მწვრთნელებისთვის თავის წარმოჩენის, კლუბებთან თანამშრომლობის შესაძლებლობლობაა. ლიგაში მონაწილეობა მოთამაშეებისთვის წინასასეზონო მომზადების, ხოლო მწვრთნელებისთვის და კლუბების ხელმძღვანელობისთვის კალათბურთელებზე დაკვირვების და სელექციის კარგ საშუალებას წარმოადგენს. კლუბების ხელმძღვანელებმა ტურნირი დადებითად შეაფასეს და მისი დასრულების შემდეგ არაერთ პერსპექტიულ მოთამაშეს კონტრაქტი გაუფორმეს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია რეგიონებში კალათბურთის განვითარებაზე ზრუნვა. ფიბა-სთან ერთად დავიწყეთ ახალი, სპეციალური პროგრამის განხორციელება, რაც გულისხმობს რეგიონებში ჩასვლას და ადგილობრივი საკალათბურთო ფედერაციების სპორტული ინვენტარით დახმარებას, მწვრთნელებისთვის საჩვენებელი ვარჯიშების ჩატარებას და რეგიონებში კალათბურთის განვითარებისთვის საჭირო სხვა აქტივობების განხორციელებას. პროგრამის ფარგლებში უკვე ვიმყოფებოდით 9 რეგიონში და ეს პროექტი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მომავალი, 2022 წელი ქართული კალათბურთისთვის განსაკუთრებულია. ისტორიულად, საქართველოში კალათბურთი 100 წლის წინ შემოვიდა და 2022 წელს სპორტის ამ სახეობას ჩვენთან დიდი იუბილე აქვს. სასიხარულოა, რომ ამ ღირსშესანიშნავ წელს საქართველოში ევროპის უპირველესი საკალათბურთო ღონისძიება – ევრობასკეტი გაიმართება და მჯერა, რომ მისი ღირსეული მასპინძლობით ქართველი ქომაგი და ქართული კალათბურთი ერთმანეთს ძვირფას საჩუქარს გაუკეთებენ.

ამ ორ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით, დაიწყო ინფორმაციული პროექტის – “ქართული კალათბურთის გზა 2022 წლის ევრობასკეტამდე“ – განხორციელება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ეროვნული ნაკრების ყველა წევრის საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეხსენება და მათი ღირსეული დაფასება, ხოლო ახალი თაობებისთვის მათი საქმიანობის გაცნობა. ამ პროექტის დაგვირგვინება იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების ოქროს თაობისთვის საზეიმო გაცილების მოწყობა, რომელიც ფედერაციას მომავალში აქვს დაგეგმილი.

მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით მუშაობს ჩვენ მიერ მოწვეული სერბი სპეციალისტი – ყოფილი მსაჯი და კომისარი, დრაგან ნეშკოვიჩი, რომელიც სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების არბიტრების პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებაზე, მათი დონის ამაღლებაზეა ორიენტირებული. მისი ძალისხმევით სამმა მსაჯმა მიიღო ფიბა-ს ლიცენზია, საქართველოს მსაჯთა კორპუსს კი უკვე არაერთი ახალგაზრდა შეემატა. აღსანიშნავია, რომ მსაჯთა კავშირი პანდემიის პერიოდშიც აქტიური იყო და ჩაატარა ონლაინ სემინარები ფიბას მაღალი რანგის მსაჯების მონაწილეობით.

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის ფარგლებში დღემდე 350-მდე ადამიანმა მიიღო C კატეგორიის ლიცენზია. მწვრთნელთა კავშირი ეხმარება მის წევრებს საერთაშორისო გამოცდილებისა და სერთიფიკატის მიღებაში და უკვე ხუთმა მწვრთნელმა მიიღო ფიბა-ევროპის სამწვრთნელო სერთიფიკატი. მწვთნელთა კავშირმა პანდემიის დროსაც არერთი ონლაინ აქტივობა განახორციელა და არაერთი ონლაინ სემინარი ჩაატარა, რომელსაც მომავალში აქტიურად გააგრძელებს.

ამავდროულად, კალათბურთის ფედერაცია საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან დადებული მემორანდუმის საფუძველზე სტუდენტურ ლიგას ატარებს. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი გახლდათ სტუდენტური გუნდების ცენტრალიზება და მათთვის პროფესიული კალათბურთისკენ გზის გახსნა. შემუშავდა დებულება, რომლის მიხედვითაც, სტუდენტური ლიგის გამარჯვებულს ყოველი სეზონის ბოლოს საკალათბურთო “ა” ლიგის საგზური გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ კალათბურთის ფედერაციამ პირველად ისტორიაში უმასპინძლა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის, FIBA-ს უმაღლესი რანგის სტუმრების ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და FIBA ევროპის ბორდის, აღმასრულებელი საბჭოს სხდომას. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია FIBA-ს 35 კაციანი დელეგაცია FIBA ევროპის პრეზიდენტის თურგაი დემირელის ხელმძღვანელობით.

მინდა აღვნიშნო ორი უმსხვილესი კომპანიის უპრეცედენტო მხარდაჭერა კალათბურთში, რომლის მსგავსი აქამდე სპორტში არ განხორციელებულა, თანაც გრძელვადან პერპექტივაში – 2025 წლამდე და უახლოეს მომავალში სხვა ძლიერ კომპანიებთან ერთად წარვდგებით თქვენ წინაშე. ყველა სპონსორს მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის.

რა თქმა უნდა, მადლობა მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრს იმ 100 მილიონიანი ინვესტიციისთვის კალათბურთში, რაც გაჟღერდა პრემიერ-მინისტრის მიერ. ეს დაფასება კალათბურთის ეროვნული ფედერაციის თითოეული წევრის მრავალწლიანი ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ჩვენთვის სასიხარულო და საამაყოა ის, რომ სწორედ ჩვენი მუშაობის შედეგად მიღწეული წარმატებების საფუძველზე, სახელმწიფო ახორციელებს 100 მილიონიან ინვესტიციას კალათბურთში და ეს ყველაფერი წაადგება და მოემსახურება იმ საერთო მიზნებს, რასაც კალათბურთის მომავალი განვითარება ჰქვია და რომლის გვირგვინიც, რასაკვირველია, ჩვენ მიერ მოპოვებული ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე, ღირსეულად ჩატარება იქნება."

gbf

altძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, კალათბურთელი გოგონები ადვოკატებს შეხვდნენ

alt"კალათბურთი იმსახურებს საუკეთესოს" - ვიქტორ სანიკიძის მიმართვა

altვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხო მაგრამ ბავშვების აქეთ-იქეთ პროწიალს და გადაყრას ჯობია მართლა ეგიონულ კლუბებს მივხედოთ.ყველაფერში დამარცხებულ ფეხბურთს ხომ არ მივბაძავთ?
დდდ
15 დეკემბერი 2021 17:03
0
ახალი ერა იწყება ქართულ საკალათბურთო სამყაროში :)))))))))))))))))))))))))))))
დეპუტატი გადაარჩენს ქართულს კალათბურთს?
15 დეკემბერი 2021 16:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული