დღეს სწორედ ამ ოთხეულის გუნდები ხვდებოდნენ და მოედანზეც ნამდვილი ბრძოლის ცეცხლი დაინთო. "ივერიონი" თავიდანვე ხელჩასაჭიდად დაწინაურდა და პერიოდი, რომელსაც ერთხანს 17 ქულით იგებდა, საბოლოოდ 14 ქულით – 32:18 მოიგო. ამხელა უპირატესობა კარგია, მაგრამ შენარჩუნებას გააზრებული, დალაგებული თამაში სჭირდება, რაც გორელთა გუნდს ამ ეტაპზე არ აღმოაჩნდა. დავით ნოზაძის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა მეორე პერიოდი 20:14 მოიგეს და ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ კიდევ უფრო მოუმატეს და ლეგიონერებისა და ქართველი კალათბურთელების ერთიანი ძალისხმევით ლიდერობასაც დაეპატრონნენ. მესამე პერიოდი გთუნიმ 26:11 მოიგო და 7 ქულით გალიდერდა.
"ივერიონი" არ გატყდა, ბოლო პერიოდში კონსოლიდაცია მოახდინა და ლიდერობა დაიბრუნა, რაც ამერიკელი ლეგიონერის, აიზია ლუისის დიდი დამსახურება იყო. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გორელები 78:77 იგებდნენ, თუმცა მომდევნო 3 შეტევა გააცუდეს, რითაც გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტელებმა ისარგებლეს და შედეგიანი შეტევების, გიორგი დვალის სამქულიანის შემდეგ გამარჯვება გაინაღდეს. საბოლოოდ 89:81 (სტატისტიკა) და გთუნიმ "ა" ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ივერიონმა" კი პირველი მარცხი განიცადა.
გამარჯვებულებს 11 ქულით, 11 მოხსნითა და 7 პასით ვასილ ბერუაშვილმა ულიდერა. 17 ქულა და 6 მოხსნა ედი ჰანტმა მიითვალა, კამარ მაკნაითის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა, ნიკა გოგოხიამ 14 ქულა სროლათა 100-პროცენტიანი მაჩვენებლით მოიპოვა: 5-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო.
დღის მეორე მატჩში თბილისის "ასტრალმა" 81:74 (სტატისტიკა) დაამარცხა ქუთაისის აწსუ (აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი). ანგარიშში სხვაობა 7-ია, თუმცა ამ შეხვედრაში ბრძოლა არ ყოფილა და არც ამ გუნდებს შორის ძალთა თანაფარდობა განისაზღვრება 7-ქულიანი სხვაობით. "ასტრალმა" პირველი პერიოდი 28:7 მოიგო, რის შემდეგაც ყველა პერიოდი დათმო, მაგრამ მწვრთნელი ბექა ჩიკვილაძე გამარჯვებაში იმდენად დარწმუნებული იყო, სამიდან არც ერთი ლეგიონერი მოედანზე არ შეუყვანია.
"ა" ლიგის მორიგი მატჩები 21 იანვარს გაიმართება.
GBF