ფიბა-ევროპის თასზე მოხვედრის შემთხვევაში “ქუთაისი 2010”-ის მეტოქეები წილისყრამ გაარკვია

AutoSharing Option
ზედიზედ მე-2 სეზონში ევროსარბიელზე ქართული კლუბი იასპარეზებს. ეს გახლავთ საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010”, რომელიც კოტე ტუღუშის წინამძღოლობით, მესამედ გახდა სუპერლიგის ჩემპიონი. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული კლუბები არ არიან განებივრებული ევროპულ ასპარეზზე გასვლით, ეს ნამდვილად გამორჩეული ამბავია. მკვიდრდება ჩვეულება, რომ საქართველოს ჩემპიონი ევროტურნირში მონაწილეობს და თუკი სწორი მიმართულებით განვითარებას გააგრძელებენ, ევროსარბიელზე ქართული კლუბების რიცხვი გაიზრდება.

წინა, 2023-2024 წლების სეზონში, 5-წლიანი წყვეტის შემდეგ ევროტურნირზე სუპერლიგის ჩემპიონმა თსუ-მ იასპარეზა, რომელმაც თავიდან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში მოსინჯა ძალა და პორტუგალიურ "ბენფიკასთან" დამარცხების შემდეგ ფიბა-ევროპის
თასზე გადაინაცვლა, სადაც თავი არ შეურცხვენია (ჯგუფში 1 მატჩი მოიგო და სამში ბრძოლაში დამარცხდა). ანალოგიურ გზას დაადგება ახალი სეზონიდან “ქუთაისი 2010”-იც, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში, ანტალიაში იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვდნენ, ქუთაისელებმა ზედიზედ სამი მეტოქე უნდა დაამარცხონ. თუ ეს ვერ მოახერხეს, იმერული კლუბი შედარებით დაბალი რანგის ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლებს, რომლის წილისყრაც 19 ივლისს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართა.

ქუთაისელები, ცხადია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებენ, თუმცა, როგორც გითხართ, ამ ტურნირიდან გამოვარდნის შემთხვევაში ფიბა-ევროპის თასზე ასპარეზობა გარანტირებული აქვთ. მიუნხენში გამართული წილისყრის შედეგად გაირკვა, თუ რომელ ჯგუფში მოხვდება “ქუთაისი” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში დამარცხების შემთხვევაში. არის 3 ვარიანტი, რომლებიც იმაზეა დამოკიდებული, საკვალიფიკაციოს რომელი ეტაპიდან გამოეთიშება გუნდი ბრძოლას – მეოთხედფინალიდან, ნახევარფინალიდან თუ ფინალიდან.

საკვალიფიკაციოში ქუთაისის პირველი (მეოთხედფინალი) მეტოქეა სლოვაკური “ლევიცე” და ამ წყვილს შორის მოგებული გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად ბრძოლას გააგრძელებს, ხოლო წაგებული გუნდი მოხვდება ფიბა-ევროპის J ჯგუფში, სადაც გერმანული "ტელეკომ ბონი", ბულგარული "ბალკანი" და "ბილბაო" (ესპანეთი)-"ნეპტუნასს" (ლატვია) შორის გამარჯვებული მოხვდნენ.

GBF.GE
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული