ქუთაისმა სუპერლიგის “ყველა ვარსკვლავის” მატჩს უმასპინძლა

AutoSharing Option
სუპერლიგის 2018 წლის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი-აქცია ქუთაისში გაიმართა და ის საინტერესო ეპიზოდებით სავსე, მაყურებელთათვის საკმაოდ დასამახსოვრებელი გამოდგა. სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეები ქუთაისში ოლ სტარის სათამაშოდ უკვე მეორედ შეიკრიბნენ, რითაც საკმაოდ კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. გუნდები რეგიონალური პრინციპით დაკომპლექტდა და ერთმანეთს დედაქალაქისა და საქართველოს დანარჩენი ქალაქების გუნდებისგან შემდგარი ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

მატჩი

ოლ სტარისთვის მონაწილეები სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩა, სათადარიგოები კი მწვრთნელებმა შეავსეს. რეგიონის გუნდს კოტე ტუღუში (ქუთაისი) და ვლადიმერ ბოსნიაკი (ბათუმი) უძღვებოდნენ, ხოლო „თბილისს“ – ირაკლი ხოშტარია (დინამო) და არჩილ
ჟღენტი (კაკტუსი).

მატჩი ტრადიციულად სანახაობრივად, ჯარიმების მაქსიმალური სიმცირით წარიმართა. ორივე გუნდის წევრები ცდილობდნენ, ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსული გულშემატკივრისთვის ლამაზი სანახაობა ეჩვენებინათ, რაც თამაშის მსვლელობისას, უფრო კი ჩატენვების კონკურსისას გამოუვიდათ.

შეხვედრაში დაცვა არ არსებობდა და შესაბამისად, მაღალი ანგარიში დაფიქსირდა – 169:158 რეგიონის გუნდის სასარგებლოდ. მატჩის ბომბარდირი გახდა და საბოლოოდ უძვირფასესი მოთამაშის პრიზი დაიმსახურა „ქუთაისის“ წევრმა – გიორგი ბარბაქაძემ. ქუთაისელმა ბომბარდირმა არასრულ 20 წუთში 34 ქულა მოაგროვა. 30 ქულას უწია მისმა თანაგუნდელმა აკაკი ლომოურმა, ილია შემოსიუკმა 27 ქულას მოუყარა თავი. თბილისის გუნდში 30 ქულით ბერნარდ ნკალი გამოირჩა. 26 ქულა დააგროვა მიხეილ ბერიშვილმა, ხოლო ილია ლონდარიძის ანგარიშზე 24 ქულა დაგროვდა.

ოლ სტარის MVP – ქუთაისელი „გიორგი ბარბაქაძე – საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.

ოლ სტარის დღეს, იუბილე ჰქონდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს, რომელსაც 55 წელი შეუსრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი 55-ნომრიანი საქართველოს ნაკრების მაისურითა და სპეციალური პრიზით ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ჭეიშვილმა დააჯილდოვა.

გიორგი ბარბაქაძე, მატჩის საუკეთესო მოთამაშე:


„რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია ეს ტიტული. წელს ჩემს დარბაზში, ჩემს გულშემატკივართან მომიწია თამაში და ბედნიერი ვარ, რომ მათი იმედები გავამართლე. ეს ჩემთვის საუკეთესო მოთამაშის მეორე ტიტულია. სამწუხაროდ, 3-ქულიანებში დავმარცხდი, ვულოცავ ჩემს მოწინააღმდეგეს, წარმატებები მას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს და ყველა გულშემატკივარს.“

ჩატენვების კონკურსი


ეფექტური გდებებში ერთმანეთს ხუთი მონაწილე ეჯიბრებოდა: ტერიკ ბრიჯმენი, ბერნარდ ნკალი, ტაირელ ნელსონი, კრისტიან ჯონსონი და ბიშოპ დენიელსი. ჟიურის წევრები კი გახლდნენ ვეტერანი კალათბურთელები – გია სანაძე, ზაზა ღონღაძე, მიხეილ აბულაძე და ალეკო პეტრიაშვილი. ფინალში გავიდნენ ტაირელ ნელსონი და ბიშოპ დენიელსი. ორივე მათგანმა პირველ ეტაპზე შესანიშნავი ეფექტური გდებები წარმოადგინა. ფინალში საუკეთესო გახლდათ კლუბ სოხუმის ახალწვეული დენიელსი, რომელმაც საკმაოდ მომთხოვნი ჟიურის წევრებისგან მაქსიმალური შეფასება მიიღო.

ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა – ზაზა ღონღაძემ დააჯილდოვა.

ბიშოპ დენიელსი, ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული:
„დიდი ხანი არაა, რაც საქართველოში ჩამოვედი, თუმცა უკვე დიდი ბატალიები გამოვიარე. ოლ სტარში მოხვედრა ჩემთვის დიდი პატივია, ხოლო ჩატენვების კონკურსში გამარჯვებამ ორმაგად გამახარა. ძალიან ძლიერი ოპონენტები მყავდა, რთული და საკმაოდ ლამაზი გდებებიც შეასრულეს, მაგრამ მეც გამომივიდა ჩანაფიქრი და უმაღლესი ქულებით გამარჯვება დავიმსახურე. დიდი მადლობა ჟიურის წევრებს და ქართველ გულშემატკივარს, რომელიც მქომაგობდა“.

სამქულიანების კონკურსი


სამქულიანების კონკურსის მონაწილეები პერიმეტრის 5 სხვადასახვა წერტილიდან 5-5 ბურთს ესროდნენ. 25 სროლისთვის მონაწილეს 1 წუთი ჰქონდა გამოყოფილი. თითოეული ჩაგდებული ბურთი 1 ქულად ფასობდა, ხოლო ყოველი წერტილიდან სასროლი ბოლო, მე-5 ბურთი 2-ქულიანი გახლდათ. პირველ ეტაპს 2 ფინალისტი უნდა გამოევლინა.

კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის 6 საუკეთესო სნაიპერი მონაწილეობდა – გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი), რეზო ჩაჩანიძე (რუსთავი), აკაკი ლომოური (ქუთაისი), გივი ბაქრაძე (ოლიმპი), ბრაიან ბერნარდი (რუსთავი) და ილია შემოსიუკი (ბათუმი).

ფინალში პირველად რეზო ჩაჩანიძე (20 ქულა) და გიორგი ბარბაქაძე (17) გავიდნენ. გადამწყვეტი შერკინება რუსთაველმა სნაიპერმა მოიგო. ჩაჩანიძეს 17 ქულა ბარბაქაძემ ვეღარ გადაფარა და ქვემოქართლური გუნდის წევრმა საპატიო ჯილდო მოიგო.

რეზო ჩაჩანიძე ვეტერანმა სნაიპერმა – გია სანაძემ დააჯილდოვა.

„რეზო ჩაჩანიძე, სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული:
„ძალიან ძლიერი მეტოქეები მყავდა და გამარჯვებამ ძალიან გამახარა. ყველა ოპონენტი გამორჩეულად ისვრის სამქულიანებს და რა თქმა უნდა, რთული იყო მათი შედეგის გადაფარვა, თუმცა იღბალმაც ხელი შემიწყო და კონკურსის გამარჯვებული გავხდი“.

ირაკლი ხოშტარია, ოლ სტარის თბილისის გუნდის მთავარი მწვრთნელი:

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ყველა ვარსკვლავის მატჩი ტარდება ქუთაისში, ეს ქალაქი და ქუთაისელი გულშემატკივარი ნამდვილად იმსახურებს ამას. რაც შეეხება თვითონ ღონისძიებას, მატჩთან ერთად, აქ არის ჩატენვებისა და სამქულიანების კონკურსიც. დღევანდელი დღე ემსახურება არა იმას, რომ გამოვავლინოთ გამარჯვებული, არამედ იმას, რომ გულშემატკივარს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს, შევაყვაროთ კალათბურთი. ეს ღონისძიება ტარდება კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ მონაწილეობა მივიღოთ ამგვარ დღესასწაულებში“

პაატა გურასპაული, საქართელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:

„ყველა ვარსკვლავის მატჩი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის შოუ, ასე ვთქვათ, კალათბურთის დღესასწაული და მე მოხარული ვარ, რომ ქუთაისში ტარდება წლევანდელი ოლ სტარი. მაყურებელიც ბევრია და ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქუთაისში კალათბურთი ძალიან უყვართ და ეს რეგიონი კალათბურთის განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებს.“

კოტე ტუღუში, ოლ სტარის რეგიონის გუნდის მთავარი მწვრთნელი:


„ქუთაისი ითვლება კალათბურთის აკვნად საქართველოში, დღევანდელი დღეც კიდევ ერთი ლამაზი დღე იყო ქუთაისში. ასეთი ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია კალათბურთის პოპულარიზაციისთვის. ძალიან ბევრი ბავშვი დაესწრო თამაშს და ვფიქრობ, რომ ისიამოვნეს, როგორც თამაშით, ისე ჩატენვებისა და 3-ქულიანების კონკურსით. იმედია, მომავალშიც მრავალ ასეთ ღონისძიებას ვიხილავთ.“

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0