დეკემბრის თვეში "შსს აკადემია-ტიტებისა" და "დელტას" შეხვედრა გადაიდო. ამ გუნდებს შორის ამ მატჩამდე ერთქულიანი სხვაობა იყო "დელტას" სასარგებლოდ, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში დამაჯერებლად იმარჯვა, მიმდინარე სუპერლიგაში მე-5 მოგება მოიპოვა და მე-4 ადგილზე დამკვიდრდა.
მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში საყაიმო გახლდათ – 24:24. "შსს აკადემია-ტიტები" ფარქვეშ გამაგრდნენ, გიორგი შარაბიძისა და ილია ლონდარიძის დუეტმა გაამართლა, თუმცა მეორე პერიოდიდან "დელტამ" სათამაშო ტაქტიკა შეცვალა. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა დაცვა გაამაგრა და
შორმა სროლებმა შედეგი მოიტანეს და მეორე პერიოდის 26:17 მოგების შემდეგ "დელტა" დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით გავიდა. "ტიტების" მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის ტაქტიკამ მეორე პერიოდში არ გაამართლა და ამის მიზეზი დელტელთა მწყობრი დაცვა გახლდათ. პარალელურად, ლაფანაშვილის გუნდის წევრები აგრძელებდნენ სამქულიანების ჩაგდებას და რაც თამაშის დასასრული ახლოვდებოდა, მათი უპირატესობა იზრდებოდა. მესამე მეოთხედი "დელტამ" 16:13 მოიგო, ხოლო ბოლო ათწუთეულში ანგარიშში სხვაობამ 20 ქულას გადააჭარბა და დასკვნითმა წუთებმა აზრი დაკარგა.
თამაში სათადარიგოებმა ჩაამთავრეს და საბოლოოდ "დელტას" 18-ქულიანი გამარჯვება ანგარიშით 90:72 დაფიქსირდა. 19 ქულითა და 9 მოხსნით დელტელებს ბექა ბექაურმა ულიდერა. 15 ქულა (4-დან 4 სამქულიანი) მიითვალა ოთარ ფხაკაძემ, მალკოლმ დრამრაითის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა. "ტიტებში" 16 ქულით საუკეთესო იყო ბესო ლეჟავა. 14 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა გიორგი შარაბიძემ.
სუპერლიგის მე-9 ტურის მატჩები 18 იანვარს ბათუმში და 20 იანვარს თბილისში გაიმართება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით