შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად და თანაბრად წარიმართა. პირველი პერიოდი 2 ქულით “ქუთაისმა” მოიგო, ხოლო მეორეში ანალოგიური სხვაობით “კაკტუსმა” იმარჯვა. შესაბამისად, დიდ შესვენებაზე ანგარიში თანაბარი გახლდათ. მესამე ათწუთეულში კვლავ 2 ქულით ქუთაისელებმა იმარჯვეს და ბოლო პერიოდს მცირე ლიდერობით შეხვდნენ, თუმცა
ანგარიში თანაბრად იზრდებოდა. მთლიანობაში, ლიდერი 20-ჯერ შეიცვალა, მატჩის ბედი კი ბოლო წუთზე გადაწყდა. მნიშვნელოვანი იყო ლევან ლოლიშვილის სამქულიანი, რომლის შემდეგაც, თამაშის დასრულებამდე 1:15 წუთით ადრე “კაკტუსი” 74:70 დაწინაურდა. ამ გაქცევის შემდეგ არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი კაკტუსელები გამარჯვებამდე ზედმეტი გართულებების გარეშე მივიდნენ - 82:76.
გამარჯვებულებს 18 ქულით, 11 პასითა და 6 მოხსნით ბრაიან უილიამსმა ულიდერა. 21 ქულით ბომბარდირი მიხეილ ჭოჭუა გახდა, ხოლო ჯასტინ ევერეტის ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა. ქუთაისში 18 ქულით, 7 პასითა და 5 მოხსნით საუკეთესო იყო შონ რაუნდთრი. 20 ქულა ჯეიმზ მილიკენმა, ხოლო 17 მილოშ პაიოვიჩმა დააგროვა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით