ეს უპირატესობა "კავკასიას" იმან მოუტანა, რომ სერია ვადაზე ადრე, 3:1 მოიგო. სუპერლიგის
სერიის მე-4 მატჩი, რომლის მოგებამაც "კავკასიას" ნახევარფინალის საგზური მოუტანა, ძალიან დაძაბული გამოდგა. მთელი თამაშის მანძილზე ანგარიშში სხვაობა 6 ქულას არ გასცილებია. უმეტესად თანაბარი ანგარიში იყო, ლიდერი კი 9-ჯერ შეიცვალა. "ბათუმს" დაუბრუნდა გუნდის ლიდერი კაილი რიდლი, რომელმაც წინა მატჩი გამოტოვა. რიდლი მთელი თამაშის მანძილზე აქტიური იყო და ყველაზე მეტი ქულაც მოიპოვა, თუმცა უმთავრესი, რითაც "კავკასიამ" მეტოქეს აჯობა, სტაბილურობა იყო. წივწივაძის გაწვრთნილი გუნდი ტემპში ჰყვებოდა "ბათუმს", წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდა და ბოლო ეპიზოდშიც სწორედ მეტოქეზე მეტად ყურადღებიანი თამაშის წყალობით მოიგო.
მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ჯორდან სეშენს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, თუმცა ამერიკელმა ცენტრმა პირველი სროლა ააცილა და "ბათუმი" მცირე საოცრების იმედად დარჩა, რომელიც არ მოხდა და "კავკასიამ" თავის პირველ უმაღლესლიგურ სეზონში ოთხეული გაინაღდა – 84:82 (სტატისტიკა).
გამარჯვებულებს ილია ლონდარიძემ, აიზია ელისმა და კრის მაკნილმა ულიდერეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 19 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. რაც შეეხებათ ამერიკელებს, ელისმა 20 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, მაკნილის ანგარიშზე კი 16 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. "ბათუმში" საუკეთესო იყო კაილი რიდლი, რომელმაც თავი 31 ქულას მოუყარა. 17 ქულა და 7 მოხსნით დაასრულა მატჩი და სეზონიც საბა ლობჯანიძემ და მასთან ერთად მთლიანად "ბათუმმა".
GBF