ზესტაფონის გუნდმა წინააღმდეგობის გაწევა მთელი პირველი ნახევარი და მესამე პერიოდის რამდენიმე წუთი შეძლო, რის შემდეგაც კახა ჯინჭარაძის, გიორგი ცინცაძის, ალექსანდრე ფევაძისა და სხვა თსუ-ელების გააზრებულ თამაშს ვერაფერი დაუპირისპირა. უნივერსიტეტელებმა კარგად გამოიყენეს სათადარიგოებიც და მესამე პერიოდში მეტოქე გატეხეს. ეს იმის მიუხედავად, რაც მარგვეთელთა ამერიკელმა უკანახაზელმა, მაიკლ მეისმა სამწუთიან მონაკვეთში გააკეთა. მეისმა ზედიზედ
ასეთი რამ იშვიათად ხდება. მარგვეთის ტანმორჩილმა გამთამაშებელმა არასრულ 3 წუთში 14 ქულა მიითვალა, რითაც თსუ-ელთა აღზევება მცირე ხნით დააცხრო. მესამე პერიოდის დარჩენილ 6 წუთში თსუ-მ 26:5 (!) იმარჯვა, რითაც გამარჯვებულის ვინაობა გაარკვია. ამ 26 ქულიდან ყველაზე მეტი – 8 ქულა ალექსანდრე ფევაძემ ჩააგდო, გიორგი ცინცაძემ 5 და ნიკა ჩეჩელაშვილმა – 4.
ბოლო პერიოდის წინ თსუ 21 ქულით – 83:62 იგებდა და მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. მართალია, მაიკ მეისმა ისევ გაიბრძოლა თავისი შორი სროლებით, მაგრამ მარგვეთი მეტოქემდე 10 ქულაზე ახლოს ვეღარ მივიდა. თსუ-მ მე-5 გამარჯვება მიითვალა, პასივში კი სუპერლიგაში ყველაზე ნაკლები – 1 მარცხი აქვს და დაკარგული ქულებით ლიდერობს.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც 29 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა. ფევაძის ანგარიშზე 13 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. 11-11 ქულა ცინცაძემ, კემერონ კრენსტონმა და ნოდარ გოგოძემ დააგროვეს. მარგვეთში საუკეთესო, რა თქმა უნდა, მაიკლ მეისი იყო – 37 ქულა, 5 პასი, 4 მოხსნა. 22 ქულა და 15 მოხსნა ტაიშონ კროუფორდის ანგარიშზე დაგროვდა.
სუპერლიგის მე-8 ტურის დარენილი შეხვედრები 3 დეკემბერს გაიმართება: რუსთავი ბათუმს უმასპინძლებს, ხოლო ქუთაისი – კავკასიას.
GBF