თასის გათამაშების ოთხთა ფინალი "ქუთაისმა" შეავსო

AutoSharing Option
საქართველოს თასის გათამაშების ოთხთა ფინალის სია “ქუთაისმა” შეავსო. 16 მარტს გამოვლენილ 3 გუნდს – "ოლიმპს", "ბათუმს" და "მეგას" დღეს იმერული კლუბიც დაემატა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” დაძაბულ ბრძოლაში 87:78 დაამარცხა “ცხუმ-აფხაზეთი” და ოთხთა ფინალში შარშან მოგებული ტიტულის დაცვას შეეცდება.

საბოლოოდ მასპინძელმა ქუთაისელებმა 9 ქულით მოიგეს, თუმცა შეხვედრის უმეტეს დროს ჩამორჩებოდნენ. ბოლო პერიოდი ახალი დაწყებული იყო, როცა ალექსანდერ ფიკოკმა ზუსტი ორქულიანით ცხუმელები 11 ქულით დააწინაურა. ქუთაისელებისთვის ეს გახდა შემობრუნების მომენტი. მასპინძლებმა დაცვაში საიმედო თამაშს სწრაფი შეტევები მოაყოლეს, რითაც ჯერ ჩამორჩენა შეამცირეს,
შემდეგ კი დაწინაურდნენ კიდეც.

ბოლო წუთებში ქუთაისელთა უპირატესობა აშკარა გახდა, რასაც "ცხუმ-აფხაზეთის" მწვრთნელის, ირაკლი ძიძიგურის წუთშესვენებებმაც ვერ უშველა. დარჩენილი წუთები იმერული კლუბის უპირატესობით გაილია და საბოლოოდ ოთხთა ფინალში “ქუთაისი” გავიდა.

გამარჯვებულთაგან 20 ქულით საუკეთესო გახდა გიორგი კორსანტია. 15 ქულა და 10 მოხსნა აკაკი დვალიშვილმა მიითვალა, სტივენ ფლეჯერის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა. "ცხუმ-აფხაზეთში" 20 ქულით ბომბარდირი გახდა ჯაი უილიამსი. 12 ქულა ნოდარ გოგოძის ანგარიშზე დაგროვდა.

ოთხთა ფინალის წყვილები ასე გამოიყურება: “ოლიმპი” – “ქუთაისი” და “ბათუმი” – “მეგა”.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული