აგუერო ძირითადში

AutoSharing Option

B ჯგუფი
22 ივნისი. პოლოკვანე. პეტერ მოკაბა. 22:30
საბერძნეთი-არგენტინა
სავარაუდო შემადგენლობები
საბერძნეთი (3-4-2-1): ცორვასი - ა. პაპადოპულოსი, მორასი, კირიაკოსი - ვინტრა, კაცურანისი, ციოლისი, ტოროსიდისი - კარაგუნისი, სალპინგიდისი - გეკასი.
არგენტინა (4-1-2-1-2): რომერო - ოტამენდი, დემიკელისი, ბურდისო, როდრიგესი - ბოლატი - მაქსი როდრიგესი, დი მარია - მესი - აგუერო, იგუაინი.
არბიტრი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი)

მიუხედავად იმისა, რომ ორივე თამაში მოიგო და ექვსი ქულით ჯგუფს სათავეში უდგას, მესამე ტურის წინ, არგენტინის ნაკრებს მერვედფინალში თამაში გარანტირებული არ აქვს. "ალბისელესტეს" საბერძნეთთან მინიმუმ ქულა სჭირდება
იმისათვის, რომ ჯგუფიდან გავიდეს და თანაც, პირველი ადგილი დაიკავოს, რაც დიეგო მარადონას გუნდისთვის აუცილებელია. ბერძნებმა კი, პირველ ტურში განცდილი კრახის შემდეგ, ნიგერიის დამარცხებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოისწორეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი გაუჩნდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ოტო რეჰაგელის გუნდიც თავდაუზოგავად იბრძოლებს. იქნება თუ არა ეს საკმარისი იმისათვის, რომ ევროპის 2004 წლის ჩემპიონებმა მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტთან წარმატებას მიაღწიონ, ეს უკვე სხვა საქმეა.

მარადონა სავარაუდოდ არაერთ წამყვან ფეხბურთელს დაასვენებს, რაც გუშინ თვითონვე დაადასტურა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ალბისელესტე" უარესად ითამაშებს, ვიდრე პირველ ორ მატჩში იასპარეზა. პირიქით, სათადარიგო ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დიეგოს თავიანთი შესაძლებლობები აჩვენონ. თანაც, მარადონას სათადარიგოთა სკამზეც დიდი ვარსკვლავები ჰყავს.
ხუან სებასტიან ვერონი გამოჯანმრთელდა, მაგრამ მარადონა მას სავარაუდოდ დაასვენებს, რადგან ვერონის თამაში მერვედფინალში უფრო საჭიროა, ვიდრე საბერძნეთთან და დიეგოს ნამდვილად არ უნდა, რომ მისი გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს ფიგურას ტრავმა შეუბრუნდეს და გაუმიზეზდეს. არგენტინელთა შემადგენლობაში სავარაუდოდ ვერც ვალტერ სამუელს ვნახავთ, რომელმაც ტრავმა კი მოიშუშა, მაგრამ არა ბოლომდე და მარადონა არც მის შემთხვევაში გარისკავს. გაბრიელ ჰაინცეს და კაპიტან ხავიერ მასკერანოს ყვითელი ბარათები აქვთ მიღებული და დიეგო მათაც სკამზე დატოვებს, რადგან ნამდვილად არ უნდა, რომ მერვედფინალში რომელიმე მათგანი დააკლდეს. მარჯვენა მცველი ხონას გუტიერესი კი დისკვალიფიცირებულია, რადგან პირველ და მეორე მატჩებში ყვითელი ბარათები მიიღო.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივად ისმის კითხვა, თუ ვინ უკაპიტნებს "ალბისელესტეს" ბერძნებთან მატჩში. ტელეკომენტატორმა, წარსულში კი არგენტინის ნაკრების მცველმა და მსოფლიოს ჩემპიონმა (1986) ოსკარ რუჯერიმ, რომელიც დიეგოს ახლო მეგობარია, ერთ-ერთ არგენტინულ ტელეარხს გაუმხილა - საბერძნეთთან კაპიტანი ლეო მესი იქნებაო.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე მედიას ეს თავად მარადონამაც ამცნო: "ვფიქრობ, მისი დრო მოვიდა. როცა ლეოს ვუთხარი, რომ კაპიტანი უნდა ყოფილიყო, ძალზე ემოციურად მიიღო. ჩვენ ამის შედეგი უკვე ვნახეთ ბოლო ვარჯიშზე, ეს ბრწყინვალე დღე იყო მესისთვის".

ამრიგად, დღეს სახეშეცვლილ არგენტინას ვიხილავთ, თუმცა არ შეიცვლება ტაქტიკური სქემა - მარადონა ისევ 4-1-2-1-2-ით ითამაშებს. დაცვის მარჯვენა ფლანგზე, გუტიერესს სავარაუდოდ ოტამენდი შეცვლის, დაცვის ცენტრში კი, ლოგიკის მიხედვით, ბურდისოსა და მარტინ დემიკელისის წყვილი უნდა ვიხილოთ. მასკერანო, ერთადერთი ნომინალური საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ბოლატიმ უნდა შეცვალოს, რომელიც სხვათა შორის, უფრო შემქმნელი ცენტრალური ნახევარმცველია, ვიდრე ჩამშლელი, მაგრამ მარადონას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია, რაც დიეგომ მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს - მან სამხრეთ აფრიკაში ხომ მხოლოდ ორი ნომინალური საყრდენი წაიყვანა: მასკერანო და ვერონი. თანაც, ეს უკანასკნელიც უფრო შეტევების ორგანიზებაზეა ორიენტირებული, ვიდრე მეტოქე გუნდის იერიშების ჩაშლაზე.

გადაწყვეტილია, რომ დღეს ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ სერხიო აგუეროს, რომელიც სავარაუდოდ კარლოს ტევესს შეცვლის. მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერმა და მარადონას სიძემ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, მარადონამ მითხრა, რომ საბერძნეთთან სასტარტოში მათამაშებსო. საინტერესოა, დატოვებს თუ არა დიეგო ძირითადში თავდამსხმელ გონსალო იგუაინს. ლოგიკურად, უნდა დაასვენოს - მით უმეტეს, რომ მას ჰყავს დიეგო მილიტო, რომელიც არანაკლები კალიბრის ფორვარდია, მაგრამ აქ მარადონამ შეიძლება გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ იგუაინი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვის იბრძვის, ის მაინც ძირითადში ათამაშოს და გოლების რაოდენობის გაზრდის შანსი მისცეს. შეგახსენებთ, რომ "რეალის" 22 წლის თავდამსხმელმა სამხრეთ კორეასთან ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბომბარდირთა რეიტინგს სათავეში უდგას.

"საბერძნეთთანაც შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ეს აქსიომაა. არგენტინის ნაკრები ყოველთვის შეუტევს, ჩვენ თავის დაზოგვას არ ვაპირებთ," - თქვა მარადონამ გუშინ.

რაც შეეხებათ ბერძნებს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ელადელებს ოტო რეჰაგელი წვრთნის, გამორიცხული არაა, რომ "ბებერმა გერმანელმა" მარადონას გუნდის წინააღმდეგ რაიმე განსაკუთრებული მოიფიქროს. მოსაფიქრებელი ბევრი არაფერია - ცხადია, რომ საბერძნეთი არგენტინას დაცვაში ჩაუდგება და კონტრშეტევებზე ითამაშებს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ბერძნებმა თავიანთი კარის მისადგომი გზები ძალიან საიმედოდ ამოკეტონ. ნიგერიასთან, დაცვაში პაპასტატოპულოსმა არცისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ასე რომ, რეჰაგელი დღეს დაცვის ბურჯად ალბათ მორასს დააყენებს, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა. ერთადერთი ცენტრფორვარდი სავარაუდოდ ისევ თეოფანის გეკასი იქნება, რომლის უკან სალპინგიდისი და გამოცდილი კარაგუნისი იმოქმედებენ. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ხსნა ფაქტობრივად მხოლოდ გამარჯვებაშია. ფრის შემთხვევაში ბერძნები მერვეფინალში მხოლოდ მაშინ გავლენ, თუ ნიგერია სამხრეთ კორეას დაამარცხებს.
გოტფრიდ ლენცი




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული