კიდევ ერთი დემარში: დომენეკი პრესკონფერენციაზე მარტო მივიდა

AutoSharing Option

საფრანგეთის ნაკრებში გუშინ მომხდარი სკანდალის კვალდაკვალ მითქმა-მოთქმა არ წყდება. ნაწილი მწვრთნელს ადანაშაულებს, ნაწილი ფეხბურთელებს... ეს ყველაფერი რომ გაირკვეს, ამიტომაც მიიჩნიეს საჭიროდ სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც ამ საქმეს გამოიძიებს. ამ ჯგუფის შექმნა კი, არც მეტი, არც ნაკლები, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ბრძანა. ცხადია, ფრანგებს სამარცხვინო ამბავი შეემთხვათ და ქვეყნის ლიდერი დაინტერესებულია, დამნაშავე დაისაჯოს...

მაგრამ ვიდრე ეს გაირკვევა, ფრანგებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი უნდა ჩაატარონ. მათი მეტოქე ჩემპიონატის მასპინძელი სამხრეთ აფრიკის ნაკრებია. დღეს საღამოს რაიმონ დომენეკმა პროტოკოლური პრესკონფერენცია გამართა. წესით, მის გვერდით
უნდა ყოფილიყო გუნდის კაპიტანი, მაგრამ პატრის ევრამ მწვრთნელთან ერთად მოსვლა არ ინება. ესეც მორიგი დემარში თუ ბოიკოტი დომენეკის წინააღმდეგ...

ძნელი სათქმელია, როგორ ითამაშებს ხვალ საფრანგეთის ნაკრები, როგორ დაელაპარაკება დომენეკი აჯანყებულ მოთამაშეებს, რა დავალებებს მისცემს მათ ან შესრულდება კი ეს დავალებები თუ არა...

პრესამ დომენეკი წნეხში მოაქცია. იყო უხერხული კითხვები, თუმცა დომენეკს კონფლიქტთან დაკავშირებით წვრილად არ უსაუბრია. ეტყობა, ჯერჯერობით ერიდება ღია საუბარსა და შეფასებებს ბოლო მატჩის წინ. ნიკოლა ანელკაზე რომ ჰკითხეს, თქვა - წარსულს თავი დავანებოთ, ხვალიდნელ მატჩზე ვიფიქროთო. დომენეკს გუშინ გვიან ღამით უნდა ჰქონოდა ფეხბურთელებთან გენერალური საუბარი, თუმც თავს ვერავინ დადებს იმაზე, რომ ეს საუბარი შედგებოდა...

დომენეკს თითქოს სჯერა, რომ ხვალ საფრანგეთის ნაკრები მთელი გულითა და სულით ითამაშებს, მაგრამ მაინც ღრღნის ეჭვის ჭია, რომ შეიძლება მორიგ ბოიკოტს ჰქონდეს ადგილი. ის თითქოს ნამუსზე აგდებს ფეხბურთელებს:

"იმედი მაქვს, ისინი მზად არიან და ყველას დაუმტკიცებენ, რომ უყვართ თავიანთი ქვეყნის ეროვნული ნაკრები".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული