ფრე აუცილებელი არ არის

AutoSharing Option
A ჯგუფი
22 ივნისი. რუსტენბურგი. როიალ ბაფოკენგი. 18:00
მექსიკა-ურუგვაი
სავარაუდო შემადგენლობები
მექსიკა: პერესი - ოსორიო, მორენო, როდრიგესი, სალსიდო - გვარდადო, მარკესი, ტორადო - ერნანდესი, დოს სანტოსი - ფრანკო
ურუგვაი: მუსლერა - მასიმილიანო პერეირა, ლუგანო, გოდინი, ფუსილე - პერესი, რიოსი, ალვარო პერეირა - ფორლანი, სუარესი, კავანი
არბიტრი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

არსებობს ვარაუდი, რომ მექსიკელები და ურუგვაელები დღეს თავს არ შეიწუხებენ, მშვიდად გაიყოფენ ქულებს და წყვილად გავლენ ჯგუფიდან. თუმცა ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებთ, რადგან მნიშვნელოვანი მხოლოდ მერვედფინალში გასვლა არაა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს
იმასაც, თუ ვინ იქნება იქ შენი მეტოქე. ამ მხრივ კი არ გაუმართლებს A ჯგუფის მეორეადგილოსანს, რომელიც თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, მერვედფინალში არგენტინას დაუპირისპირდება. მოკლედ, ჯგუფში პირველობას დიდი ფასი აქვს და სწორედ ამიტომ რუსტენბურგში მხოლოდ და მხოლოდ შეუპოვარ ბრძოლას უნდა ველოდოთ.

ურუგვაელებს ბურთების უკეთესი შეფარდება აქვთ და ამიტომაც პირველობისთვის მათ ფრეც ჰყოფნით, მექსიკელებს კი გამარჯვება სჭირდებათ. ამ მატჩს ფავორიტი არ ჰყავს და აქედან გამომდინარე, არც ერთი შედეგი არ უნდა გაგვიკვირდეს. აღსანიშნავი ისაა, რომ ორივე გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას კარდინალურად გააუმჯობესა თამაშის ხარისხი, რაც მათ შედეგიანობაზეც დადებითად აისახა.
მექსიკელები დღევანდელ შეხვედრას დანაკლისით ხვდებიან. საფრანგეთთან მატჩისას მათ კარლოს ველა დაუშავდათ, რომელიც მოედანს საუკეთესო შემთხვევაში, ერთ კვირაში დაუბრუნდებათ. ასე რომ, ახალგაზრდა არსენალელი ხავიერ აგირეს გუნდს ვერც დღეს დაეხმარება და ვერც მერვედფინალში. მექსიკის ნაკრების კიდევ ერთი დანაკლისია ეფრაინ ხუარესი, რომელმაც ორივე განვლილ მატჩში გაფრთხილებები მიიღო და დისკვალიფიცირებულია. ველას ადგილს ხავიერ ფერნანდესი დაიკავებს, რომელიც საფრანგეთთან მოედანზე მეორე ტაიმში გავიდა და გოლი გაიტანა, კვატემოკ ბლანკო კი კვლავ შეცვლაზე შესული შეეცდება გაბრწყინებას. ზემოთ ნახსენებ ხუარესს სავარაუდოდ, ანდრეს გვარდადო შეცვლის.

სამი ფორვარდით ითამაშებს ურუგვაის ნაკრები. ამ თამამმა ტაქტიკამ სამხრეთ აფრიკასთან შეხვედრაში აბსოლუტურად გაამართლა და ვნახოთ, როგორ იმუშავებს ოსკარ ტაბარესის ტაქტიკა მექსიკასთან ჭიდილში. მეტოქისგან გასხვავებით, სამხრეთამერიკელებს არც ტრავმირებული ჰყავთ ვინმე და არც დისკვალიფიცირებული, აქედან გამომდინარე, მათ სასტარტო შემადგენლობაში სიახლეებს არ უნდა ველოდოთ. სასჯელი მოიხადა და დღეს სათადარიგოთა შორის იქნება ურუგვაელთა ახალგაზრდა ნახევარმცველი ნიკოლას ლოდეირო, რომელიც პირველ ტურში საფრანგეთთან შეცვლაზე შევიდა და რამდენიმე წუთში გააძევეს.
ისიც საინტერესოა, რომ ურთიერთშეხვედრებში მექსიკელები სოლიდურ უპირატესობას ფლობენ. შვიდი გამარჯვება, შვიდი ფრე და სამი მარცხი - ასეთია მათი მონაგარი ურუგვაელებთან დაპირისპირებების ისტორიაში.

ლევან ჯანეზაშვილი




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული