როგორც გაზეთი "სანი" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი სამხრეთ აფრიკაში უეინ რუნის დაუკავშირდა და მასთან ლაპარაკის შემდეგ დაასკვნა, რომ ინგლისელთა ბანაკში ურთიერთობები მთლად დალაგებული არ არის. მოგეხსენებათ, ჯგუფური ეტაპის პირველ ორ შეხვედრაში ნათამაშები ფრეების გამო ინგლისელებს დღეს, სლოვენებთან მხოლოდ გამარჯვება აძლევთ ხელს.
"ხანდახან, რაღაცის მოლოდინმა შეიძლება დაგღალოს. მე ამას მივხვდი და ამიტომ დავურეკე უეინ რუნის. ერთადერთი, რაც ვუთხარი ეს იყო: უბრალოდ, მოეშვი და ფეხბურთის თამაშით ისიამოვნე. ინგლისელთა ბანაკიდან ბევრი ხმა გამოვიდა და თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც მე
ფერგიუსონის გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა, რუნიმ, ვერც პირველ შეხვედრაში გამოიჩინა თავი (ინგლისელებმა აშშ-ის ნაკრებთან 1:1 ითამაშეს) და ვერც მეორეში, როდესაც მათი და ალჟირის დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. მეტიც, მეორე შეხვედრა რომ დასრულდა, მოედნიდან გასახდელის გვირაბისკენ მიმავალი რუნი იმდენად გაღიზიანებული იყო, რომ კამერაში საკუთარ ფანებზე თქვა ცუდად. საქმე ის გახლავთ, რომ ფანები ტრიბუნებიდან ტრადიციულ ინგლისურ "ბუუს" იძახდნენ. ამის გამო ფორვარდს მას-მედიასა და ქომაგებში დიდი რისხვა დაატყდა თავს.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ინგლისის ნაკრებს ჯერჯერობით უჭირს, თუმცა მარტო ინგლისის ნაკრებს? ფერგიუსონის აზრით მთელი ჩემპიონატი უინტერესოა.
"ცუდი ჩემპიონატია და რომ არ დაგიმალოთ წინათგრძნობაც ასეთი მქონდა. საერთოდ ვერაფერმა ვერ მომხიბლა. არც გუნდების ხარისხი ვარგა და არც სხვა რამ. საქმე ის გახლავთ, რომ ევროპაში ყოველი სეზონი ძალიან მძიმეა. ჩვენთან, პრემიერლიგაში ხომ ამ მხრივ განსაკუთრებით გამოვირჩევით. დახეთ, რა მოხდა: დასრულდა მრავალთვიანი, ძალიან მძიმე, დამღლელი ჩემპიონატი და ფეხბურთელები სამ-ოთხ დღეში ისევ ერთად შეყარეს. არადა, ინგლისის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ფეხბურთელებს სთხოვო კვლავ თავიანთი საუკეთესო ფეხბურთი აჩვენონ, არარეალურია".
ილია ბაბუნაშვილი
"ლელო"