ინგლისი კატასტროფის ზღვარზე

AutoSharing Option

C ჯგუფი
23 ივნისი. პორტ ელიზაბეთი. ნელსონ მანდელა ბეი. 18:00
სლოვენია-ინგლისი
სავარაუდო შემადგენლობები
სლოვენია: ს. ჰანდანოვიჩი - ბრეჩკო, შულერი, ცესარი, იოკიჩი - კირმი, კორენი, რადოსავლიევიჩი, ბირსა - ნოვაკოვიჩი, ლუბიანკიჩი.
ინგლისი: ჯეიმი - ჯონსონი, ტერი, აპსონი, ე. კოული - ჯ. კოული, ბერი, ლამპარდი, ჯერარდი - რუნი, დეფო.
არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)

ეს უკვე მართლაც მეტისმეტია: ინგლისის ნაკრებს მუნდიალის ნაადრევად დატოვების რეალური საფრთხე ემუქრება! არ დაგვავიწყდეს, საუბარია გუნდზე, ესპანეთისა და ბრაზილიის ნაკრებებთან ერთად ამ ჩემპიონატის დაწყების წინ ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად რომ მიიჩნეოდა.
თუმცა, ორივე შეხვედრაში (აშშ-სთან და ალჟირთან) ინგლისელებს ღირებული არაფერი უჩვენებიათ; ვერც იმას იტყვის ვინმე, იმავე ამერიკელებისგან განსხვავებით, მსაჯებისგან დაიჩაგრაო; ვერც უიღბლობას დააბრალებენ (პირველ მატჩში რობერტ გრინის მიერ გაშვებულ კურიოზულ გოლს თუ არ მივიღებთ მხედველობაში).
მოკლედ, ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში ინგლისელთა ყოფნა, ვფიქრობთ, ლოგიკურ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ. გასაგებია, რომ მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტებს საკადრო პრობლემები მოეძალათ, მაგრამ ამ გუნდის ქომაგებს (თან, არამხოლოდ - ინგლისში) ვერაფრით აუხსნიათ ნაკრების ლიდერების (უეინ რუნი, სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი) ასეთი უღიმღამო ასპარეზობა. ამერიკასთან პირველ ტურში ნათამაშები ფრე, ასე თუ ისე, დიდ სენსაციად არავის უნდა მიეჩნია, მაგრამ, როცა მეორე ტურშიც ვერაფერი მოუხერხეს ალჟირის ნაკრებს (ინგლისელებს მეტოქის კართან, ფაქტობრივად, სახიფათო მომენტი არც შეუქმნიათ) და მატჩი უგოლოდ დაამთავრეს, ეს უკვე იმედგაცრუებაზე მეტი იყო! ახლა კი, მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულ გუნდს ბოლო ტურში მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება!
არის კიდევ ერთი, ოღონდ მართლაც თეორიული ვარიანტი: სლოვენიამ და ინგლისმა... უხვგოლიანი ფრე (3:3, 4:4) უნდა "გააგორონ", ხოლო ალჟირისა და აშშ-ს ნაკრების შეხვედრა, პირიქით - ნულოვანი ფრედ დასრულდეს!.. მეორე ვარიანტი, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა დაუჯერებლად გვეჩვენება და ინგლისის ნაკრების ქომაგებსაც ისღა დარჩენიათ, თავიანთი საყვარელი გუნდის პირველი გამარჯვების მოლოდინში იყვნენ. სხვანაირად ხომ ფაბიო კაპელოს გუნდი მერვედფინალში ვერ გავა! ასეთი მძიმე სატურნირო მდგომარეობას "შიდა პრობლემებიც" დაემატა: ლედლი კინგი ჯერაც ვერ გამოჯანმრთელებულა, ჯეიმი კარაგერს დისკვალიფიკაცია აქვს; აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯონ ტერის დაცვის ცენტრში მეთიუ აპსონი შეუწყვილდება.
თუმცა საკადრო პრობლემები რა მოსატანია იმ არაჯანსაღ ატმოსფეროზე, ბოლო დღეებში ინგლისის ნაკრების ქომაგები გვარიანად რომ ააღელვა. ჰო, ამ მუნდიალზე "მოდაში" შემოვიდა ფეხბურთელებისგან... მთავარი მწვრთნელების ღიად გაკრიტიკება! ახლა, ჯონ ტერიმ აიმაღლა ხმა და კაპელოს... ტაქტიკა თუ შემადგენლობის შერჩევა დაუწუნა! ძნელი სათქმელია, თუ რამდენად იმოქმედებს ინგლისის ნაკრების თამაშზე გუნდში არსებული არაჯანსაღი სიტუაცია.
ისიც გაურკვეველია, როგორი სახით წარსდგება ინგლისის ნაკრების შეტევის ხაზი: ყოველ შემთხვევაში, "მეორე ფორვარდად" ემილ ჰესკის ნაცვლად კაპელოს ოპონენტები ჯერმენ დეფოს კანდიდატურისკენ უფრო იხრებიან. არ არის გამორიცხული, რომ ძირითადში ვიხილოთ ჯო კოული, - ტექნიკური ნახევარმცველი, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რომ შეუძლია თამაშის გამწვავება.
აი, სლოვენიელთათვის კი უკვე ახლავე შეიძლება წარმატებად მივიჩნიოთ ამ მუნდიალზე ასპარეზობა. მართლაც ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა, ორი ტურის შემდეგ ეს გუნდი ერთპიროვნული ლიდერი რომ იქნებოდა. სლოვენიელთათვის ამ შეხვედრაში ხომ მთავარი არწაგებაა - ასეთ შემთხვევაში, როგორც არ უნდა დასრულდეს ალჟირი-აშშ-ს მატჩი, მატიაჟ კეკის გუნდი მერვედფინალის საგზურს მოიპოვებს. ეგ კი არა, იმის თეორიული შანსიც არის, რომ სლოვენია წაგების შემთხვევაშიც გავიდეს შემდეგ ეტაპზე: ამისათვის "საჭიროა", რომ ალჟირმა ერთბურთიანი სხვაობით მოუგოს აშშ-ს, ოღონდ, თვითონ სლოვენიაც არ უნდა დამარცხდეს დიდი ანგარიშით ინგლისთან.
ჰო, მართლაც საინტერესო მატჩები გველოდება ამ ჯგუფში და ისიც უცნაურია, რომ აუტსაიდერობისთვის განწირულ გუნდს ბოლო ტურის წინ ყველაზე მეტი ქულა აქვს. საინტერესოა, რომ ინგლისელებს, როგორც წესი, მუნდიალზე ჯგუფიდან გასვლის პრობლემა არასოდეს ჰქონიათ (1958 წლიდან მოყოლებული ასეა); ეგ კი არა, ბოლო ორ მუნდიალზე მეოთხედფინალშიც გადიოდნენ. აი, სლოვენია კი მეორედ მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე და 2002 წლისგან განსხვავებით წლევანდელი მუნდიალი მართლაც წარმატებულია. შეგახსენებთ, რომ 8 წლის წინათ კორეა/იაპონიაში ჩატარებულ მუნდიალზე სრეჩკო კატანეცის ხელმძღვანელობით მოასპარეზე სლოვენიამ ჯგუფში სამივე მატჩი წააგო; ახლა კი გუნდს მერვედფინალში გასვლის შანსიც გაუჩნდა და, ერთი შეხედვით, მართლაც უცნაურია, რაც ვერ მოახერხა ზლატკო ზახოვიჩისა თუ მილენკო აჩიმოვიჩის თაობამ, მათზე ბევრად დაბალი კლასის სლოვენიელმა ფეხბურთელებმა შესძლეს.
სლოვენიის ამჟამინდელ ნაკრებს გამოკვეთილი ვარსკვლავები არ ჰყავს.     სათამაშო დისციპლინის მკაცრი დაცვა, გუნდური თამაში და სწრაფი კონტრშეტევები, - აი, მატიაჟ კეკის კრებულის ძირითადი კოზირები. სხვათა შორის, სლოვენიელთა მწვრთნელი ძალიან იშვიათად ცვლის ძირითად შემადგენლობას და დღევანდელ გადამწყვეტ მატჩშიც იმ თერთმეტ ფეხბურთელს ვიხილავთ, რომლებმაც აშშ-სთან თამაში დაიწყეს.
ინგლისმა და სლოვენიამ დღემდე მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარეს: შარშან, ხუთ სექტემბერს "უემბლიზე" ფაბიო კაპელოს გუნდმა 2:1 გაიმარჯვა. ერთი საინტერესო დეტალიც: სლოვენიელებმა ზუსტად იმ შემადგენლობით იასპარეზეს, ამ მუნდიალის პირველ შეხვედრაში ალჟირის წინააღმდეგ რაც იყო! ინგლისელთა კარში გოლის ავტორი ზლატან ლუბიანკიჩი მაშინაც შეცვლაზე შევიდა, თუმცა დღეს სავარაუდოდ უკვე ძირითადში ვიხილავთ. რაც შეეხება ინგლისელებს, ფაბიო კაპელომ იმ დღეს 17 ფეხბურთელი ათამაშა და იმათგან სამხრეთ აფრიკაში მხოლოდ ჯოლეონ ლესკოტი და კარლტონ კოული არ წამოიყვანა. მაგრამ, ის მატჩი ხომ ამხანაგური იყო, აი, დღეს კი მერვედფინალის საგზურის ბედი წყდება!..
გია ტუხაშვილი









მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული