ევრა: ყველაფერს ვიტყვი!

AutoSharing Option

საფრანგეთის ნაკრებისთვის სკანდალური მუნდიალი სამხრეთ აფრიკასთან მატჩით დასრულდა, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო იმ ფსიქოზისა და საყოველთაო ქაოსის ფონზე, რაც "სამფეროვანთა" შორის ბოლო დღეებში დატრიალდა.

ფრანგები დეტალურად გამოიძიებენ ამ ყველაფერს და დამნაშავეებს საკადრისად დასჯიან (განსხვავებით ჩვენგან, სამწუხაროდ. წლების განმავლობაში ჩვენ ხომ მსგავს მოვლენებს ვუყრუებდით), ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ინიციატივით სპეციალური ჯგუფი უკვე შექმნილია. დიახ, გამოიძიებენ და მომავალში ამგვარ შეცდომებს, ალბათ, აღარ გაიმეორებენ.

ჯერჯერობით კი კომენტარები მაინც ცხელ გულზე კეთდება. საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი პატრის ევრა ჟურნალისტებს შეხვდა. შეგახსნებთ, რომ დომენეკმა ევრა
ბოლო მატჩში არ ათამაშა, ნიშნად იმისა, რომ ამ ამბებში კაპიტანს სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა და უნდა დასჯილიყო. ისე, უცნაურია, რომ ნიკოლა ანელკას ინციდენტიდან რამდენიმე საათში საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ევრამ თანაგუნდელის საქციელი დაგმო. რა შეიცვალა მერე, ამის თქმა ჩვენთვის ძნელია. მოკლედ, ფრაგმენტი ევრას ბოლო პრესკონფერენციიდან:

"ახლა უკვე დროა, ბოდიში მოვუხადოთ მთელ საფრანგეთს, ჩვენს გულშემატკივრებს... პირადად მე ვიზიარებ იმ ტკივილს, რაც ხალხს მივაყენეთ. ჩემთვის მძიმე იყო ის მომენტი, როცა მწვრთნელთან ბოდიშის მოსახდელად მივედი და მან გამაჩერა. თუმცა ამან ჩემთვის არაფერი შეცვალა - ახლა ანგარიშსწორების დრო არ არის. ჩვენ უნდა ავუხსნათ ფრანგ ხალხს, თუ რატომ დაგვემართა ეს უბედურება. ეს უნდა იყოს მხოლოდ სიმართლე და ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. მე არაფერი მაქვს დასამალი... გულახდილი საუბარი შეიძლებოდა, შემდგარიყო გუშინ საღამოს... მაგრამ ეს არ მოხერხდა, თუმცა აუცილებლად მოხერხდება ამ დღეებში, მალე ყველაფერს ვიტყვი".




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული