ეს უკვე მეთექვსმეტედფინალია

AutoSharing Option
D ჯგუფი
23 ივნისი. იოჰანესბურგი. სოკერ სიტი. 22:30
განა-გერმანია
სავარაუდო შემადგენლობები
განა: კინგსონი - პენტსილი, ფორსა, ჯონ მენსა, სარპეი - ტაგოე, კ. ბოატენგი, ანანი, ასამოა, აიუ - გიანი.
გერმანია: ნოიერი - ლამი, მერტეზაკერი, ფრიდრიხი, ბადშტუბერი - ხედირა, შვაინშტაიგერი - მიულერი, იოზილი, პოდოლსკი - კაკაუ.
არბიტრი: კარლუშ სიმონი (ბრაზილია)

თუ პარალელურად მიმდინარე მატჩში სერბეთმა ავსტრალიას მოუგო, გერმანიას მერვედფინალში გასასვლელად მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება დასჭირდება. ბუნებრივია, ბუნდესგუნდის წევრები სერბთა წაფორხილების იმედად ვერ იქნებიან და ამიტომაც დიდი ბრძოლის მოლოდინში არიან. განას განვლილ მატჩებში
დაუმარცხებელი გუნდის შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია, მაგრამ უდავოა, რომ იოაჰიმ ლიოვის ბიჭებს დიდი ჯაფა დაადგებათ. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გერმანელებს მუნდიალის ფლეი ოფი დღეიდან ეწყებათ. ისინი მეთექვსმეტედფინალის რანგის შეხვედრას გამართავენ და დაგვანახებენ, რამდენად მართებულია მათი ამბიციები.
განა-გერმანიის მატჩს ინტრიგა ისედაც არ აკლია, მისი ერთ-ერთი საინტერესო დეტალი კი ძმების დაპირისპირებაა. შესაძლოა, მოედანზე ორივე მათგანი არ გავიდეს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ეს მაინც უნიკალური ფაქტია. კევინ პრინს ბოატენგმა დიდი ხანი არაა, რაც განის ნაკრების მაისური მოირგო და მუნდიალზე აფრიკელთა ძირითადი ფეხბურთელია, მისი უმცროსი ძმა ჟერომ ბოატენგი კი გერმანიის ნაკრების განაცხადშია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერ არ უთამაშია.
ისიც გეხსომებათ, რომ მიხაელ ბალაკი მუნდიალსმიღმა სწორედ კევინ პრინსმა დატოვა, როცა გერმანელთა ლიდერი ინგლისის თასის ფინალში დაამტვრია და ამან ძმებ ბოატენგებს შორისაც კი შუღლი ჩამოაგდო.
ლიოვი ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს არ გეგმავს. ცხადია, აქ არ ვგულისხმობთ ერთ იძულებით ცვლილებას. სერბეთთან მატჩში გაძევებულ მიროსლავ კლოზეს კაკაუ შეცვლის, რომელმაც განვლილ შეხვედრებში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ავსტრალიელთა კარში გოლიც გაიტანა. გერმანული პრესისგან განსაკუთრებული კრიტიკა დაატყდა ჰოლგერ ბადშტუბერს, რომელიც სერბმა მილოშ კრასიჩმა 90 წუთი ბავშვივით აპამპულავა. ამის მიუხედავად, ლიოვი ახალგაზრდა ბაიერნელს სრულ ნდობას უცხადებს და მის სათადარიგოთა სკამზე დასმას არ აპირებს.
განელებმა წინა ტურში ათკაციან ავსტრალიას რომ ვერ მოუგეს, ეს ცენტრალური მცველების სუსტ თამაშსაც უნდა დააბრალონ. ტრავმების გამო, ავსტრალიასთან მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს ჯონ მენსამ და ისააკ ფორსამ. ბოლო ინფორმაციით, ორივე მათგანი მომჯობინდა და გერმანიასთან განელები დაცვის ოპტიმალური ხაზით ითამაშებენ. მილოვან რაევაცის გუნდს საკადრო პრობლემები არც სხვა რგოლებში აწუხებს.     
ლევან ჯანეზაშვილი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული