აფრიკას აზიასთანაც ხელი მოეცარა

AutoSharing Option
B ჯგუფი
22 ივნისი. დურბანი. დურბან სთედიუმი. 61 874 მაყურებელი
ნიგერია-სამხ. კორეა    2:2
ნიგერია: ენიეამა - ოდია, იობო (46. ეჩიეჯილე), აფოლაბი, იუსუფი - კ. უჩე, ეტუჰუ, შიტუ, ობასი - იაკუბუ (71. ობასი), კანუ (57. მარტინსი).
სამხ. კორეა: სუნ-რიონ იუნი - ჩა-დუ რი, იონ-ჰიუონ ჩო, იუნ-სუ ლი, იან-პიო ლი - იუნ-ვუ კიმი, სუნ-იონ კი (87. კიმ-ჯაე სუნგი), ჩუნ-იონ ლი, ჟი-სუნ პარკი (90. კიმ-დონგ ჯინი) - კი-ჰუნ იეომი (64. კიმ-ნამ ილი), ჩუ-იან პარკი.
გოლები: 1:0 კ. უჩე (12), 1:1 იუნ-სუ ლი (38),
1:2 ჩუ-იან პარკი (49), 2:2 იაკუბუ (69-პენ)
გაფრთხილება: ენიეამა (31), ობასი (38), იუსუფი (42), კიმ-ნამ ილი (69)
მატჩი დაიწყო: სამხ. კორეა; დარტყმა: 11(3)-16(8); ჯარიმა: 22-12; კუთხური: 1-7; ბურთის ფლობა: 46%-54%.
არბიტრი: ოლეგარიო ბენკერენკა (პორტუგალია)  

საინტერესო მომენტები
12' - ჩიდი ოდიას ჩამოწოდებულზე კალუ უჩემ ყველას დაასწრო - 1:0.
36' - უჩეს შორეული დარტყმა ძელს მოხვდა.
38' - იუნ-სუ ლიმ სუნ-იონ კის პასით წონასწორობა აღადგინა - 1:1.
49' - ჩუ-იან პარკმა საჯარიმო დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა - 1:2.
66' - იაკუბუ აიეგბენიმ ფაქტობრივად, ცარიელ კარს ააცილა.
68' - შეცვლაზე შესულმა კიმ-ნამ ილმა საკუთარ საჯარიმოში ასევე ცვლილებაზე მოთამაშე ჩინედუ ობასი წააქცია და არბიტრმა პენალტი დანიშნა.
69' - იაკუბუმ თერთმეტმეტრიანი უნაკლოდ შეასრულა - 2:2.
88' - ობაფემი მარტინსმა არაზუსტად დაარტყა.

შესაძლოა, პარალალურად მიმდინარე საბერძნეთი-არგენტინა უფრო დიდ ინტერესს იწვევდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ნიგერიელთა და სამხრეთკორეელთა ბრძოლამ მოლოდონი სავსებით გაამართლა. "დურბან სთედიუმზე" შეკრებილმა და ტელეეკრანთან მიმსდარმა ქომაგმა უაღრესად დრამატული და სანახაობრივი მატჩი იხილა.
ამ ჯგუფში იმგვარი სატურნირო ვითარება იყო შექმნილი, რომ მერვედფინალში გასვლის შანსი თვით წინა ორივე მატჩის წამგებ ნიგერიასაც კი ჰქონდა. აფრიკელებზე გაცილებით კომფორტული მდგომარეობაში აზიელები იყვნენ, რომელთაც ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც აძლევდათ ხელს. ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რას გააწყობდნენ ბერძნები არგენტინელების წინააღმდეგ, მაგრამ რაკი ბოლოსკენ ცნობილი გახდა, რომ მარადონას გუნდი მორიგ შთამბეჭდავ გამარჯვებას უახლოვდებოდა, ნიგერიელთა და კორეელთა დაპირისპირების ფასმა კიდევ უფრო აიწია.
გამარჯვებულს არ ასამართლებენ, გუშინდელმა საღამომ კი გამარჯვება ჯუნ-მუ ჰუს გუნდს მოუტანა. კორეელებმა ფლეი ოფის საგზური წინა შეხვედრების, უფრო სწორად კი, ბერძნებთან მატჩის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის დაიმსახურეს. გუშინდლამდე ნულქულიან ნიგერიელებს კი ერჩივნათ, ჯგუფიდან გასვლაზე ზრუნვა ცოტა ადრე დაეწყოთ. ლარს ლაგერბაკის გუნდს ძალიან გაუმართლა, რომ ზედიზედ ორ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ კიდევ მიეცა მერვედფინალში გასვლის შანსი, მაგრამ მისმა შეგირდებმა სამიზნე ვერც გუშინ გაისწორეს და საკუთარი გულშემატკივრების გარდა, ვერავის ათქმევინეს, ნიგერიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენამ გული დაგვწყვიტაო.
ლაგერბაკი ვეტერან ნვანკვო კანუს აქამდე არ ენდობოდა, გუშინ კი ნიგერიული ფეხბურთის ლეგენდა თავის გუნდს მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაუძღვა. კანუს თამაშმა დაგვარწმუნა, რომ ლაგერბაკი აქამდე მისი სათადარიგოთა სკამზე დატოვებით სწორად იქცეოდა. ერთ დროს მრისხანე ფორვარდისგან ლანდიღაა დარჩენილი. კორეელთა თავკაცს კი თავისი შეგირდების მიმართ სასაყვედურო არაფერი ჰქონია და გუნდის ბირთვი უცვლელი დატოვა.
ნიგერიელებმა სწრაფი გოლის გატანა შეძლეს და ამის შემდეგაც ფლობდნენ ინიციატივას. კალუ უჩეს ბურთი ძელისთვის რომ არ გაერტყა, შესაძლოა, მერვედფინალში მისი გუნდი გასულიყო, მაგრამ მთლიანობაში, კორეელებს მეტოქეზე უარესად ნამდვილად არ უთამაშიათ. აზიელები ამჯერადაც დისციპლინირებულად იცავდნენ თავს და ჩვეულ სტილში, სწრაფად და კომბინაციურად უტევდნენ. ჩუ-იან პარკის გოლი იმითაა გამოსარჩევი, რომ ეს ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შედეგიანი პირდაპირი საჯარიმო იყო.
პირველი ტაიმის ბოლოსა და მეორე ნახევრის დასაწყისში მიღებულმა გოლებმა ნიგერიელები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, მაგრამ ლაგერბაკის გუნდს ფარ-ხმალი არ დაუყრია და მთელი ძალებით შეუტია. "სუპერარწივებმა" რამდენიმე კარგი საგოლე მომენტი გაფლანგეს და მხოლოდ ერთი გაიტანეს, მაგრამ კიდევ გავიმეოროთ, რომ კორეელთა წარმატება არც მოულოდნელი ყოფილა და მით უფრო, არც დაუმსახურებელი.  
ნიგერიის ნაკრები ვერ გახდა სამხრეთაფრიკული მუნდიალის პირველი აფრიკელი მერვედფინალისტი და შესაძლოა, ფლეი ოფს შავი კონტინენტის ერთმა წარმომადგენელმაც ვერ უწიოს, სამხრეთკორეელებმა კი აზიური ფეხბურთის პრესტიჟი ღირსეულად დაიცვეს.

საუკეთესო მოთამაშე
ჟი-სუნ პარკი (სამხ. კორეა)

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი მუნდიალს ჩინებულ ფორმაში ხვდება და იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი ღირსება კარგი კოლექტიური თამაშია, ჟი-სუნ პარკის განსხვავებული საფეხბურთო კლასი და შესაძლებლობები მაინც მძაფრად იგრძნობა. ასე იყო გუშინაც.

მატჩის შემდეგ
ლარს ლაგერბაკი (ნიგერიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ნიგერიის ნაკრები ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაცილებით მეტს იმსახურებდა. როცა ანგარიშში დავწინაურდით, კიდევ შეგვეძლო გატანა, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მივიღეთ და სწორედ ამან განაპირობა ჩვენი ჯგუფში ჩარჩენა".

ლევან ჯანეზაშვილი





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული