კრავთა მრისხანება. ბეკენბაუერი კაპელოს ისევ უტევს

AutoSharing Option

ფრანც ბეკენბაუერმა ინგლისელებზე მორიგი შეტევა რომ მოაწყო გეცოდინებათ - ეგენი გადამწვარები ჩანანო. თუმცა, ეს კიდევ არაფერი. კაცმა, რომლის ყოველი ნათქვამი ინგლისში ძალიან აღიზიანებთ, ბრძანა, ფაბიო კაპელოს ხალხი შტერია, რადგან ჯგუფში პირველი ადგილი უნდა მოეპოვებინათ და პლეი ოფში რთულ მეტოქს თავიდან აიცილებდნენო.

ინგლისელებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო გერმანულმა მას-მედიამაც... ან, თუ გნებავთ ასე ვთქვათ, ინგლისურმა მას მედიამაც, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთმა ბერლინურმა გაზეთმა დაწერა - აი, ახლა კი ინგლისელი გოგოები შეგვხვდნენო, და ეს თავის მკითხველს უამბო. მოკლედ, იძაბება და იძაბება მდგომარეობა.

კაცმა
რომ თქვას, ბეკენბაუერს ისეთი არაფერი უთქვამს, რასაც ისედაც არ ლაპარაკობენ. მან ბრძანა, რომ ინგლისური პრემიერლიგა დამღლელი ჩემპიონატია, სადაც ბუნდესლიგაზე მეტს თამაშობენ, რადგან ინგლისელებს კიდევ ორი თასის შეხვედრებიც ემატებათ. ჩვენი ფეხბურთელები ფიზიკურად უკეთეს ფორმაში ჩანანო. კაცმა, სხვათა შორის ისიც დასძინა, კაპელოს გუნდმა პირველ ორ შეხვედრაში ვერ ითამაშა, მესამეში კი უკეთესი იყოო და ზედ დააყოლა ინგლისელებს პატივს ვცემთ, მაგრამ არ გვეშინიაო. თითქოს, აწონილ-დაწონილი ნათქვამია, მაგრამ ბეკენბაუერია... ამ კაცმა პირველი ტურის მერე თქვა ინგლისელები "დაარტყი და გამოედევნეს" თამაშობენო.
"ინგლისელებს სისულელე მოუვიდათ ჯგუფში პირველ ადგილზე რომ არ გავიდნენ. ამ შემთხვევაში გერმანიას მერვედფინალში კი არა, ნახევარფინალში შეხვდებოდნენ" - ესეც "კაიზერ ფრანცის" სიტყვებია. "სანის" მიმომხილველს სტივენ ჰოვარდს იმის მიზეზები მოჰყავს თუ რატომ მოუგებს ინგლისის ნაკრები გერმანიისას:

"2001 წლის 1 სექტემბერს, მიუნხენის ოლიმპიური სტადიონისკენ მიმავალ გზაზე ორი სიგარა ვიყიდე. სვენ გორან ერიქსონს ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მნიშვნელოვანი შესარჩევი მატჩის ჩასატარებლად მიჰყავდა. და მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ 11 თვით ადრე გერმანელებმა მოგვიგეს და ამას კევინ კიგანის სამსახური შეეწირა, ინგლისელმა ფეხბურთელებმა ძალ-ღონე მოიკრიბეს და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებისა თითქმის არავის გვწამდა, 5:1 მოიგეს. პირველ სიგარას მაშინ მოვუკიდე, როდესაც მესამე გოლი შევაგდეთ, ხოლო, როდესაც ემილ ჰესკიმ მეხუთეც უთავაზა და თამაშს წერტილი დაუსვა, მერე სიგარაც სიამოვნებით გავაბოლე. ცოტა თეატრალურად მომივიდა? ალბათ, მაგრამ იცით რას გეტყვით? ასეთი დღეები ხშირი არ არის. და იცით, რომ ჰაერი რატომღაც დღესაც იგივე ფერია? ისევ ის გრძნობა მომეძალა, მაშინ სიგარების ყიდვისას რომ მომძალებოდა. აქ, სამხრეთ აფრიკაში იგრძნობა, რომ ალჟირთან ჩაფლავებული თამაშის მიუხედავად ინგლისის ნაკრებს კვირას ბლუმფონტეინში თავისი ძველისძველი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

ფრანც ბეკენბაუერის ბოლო გამონათქვამებმა ხმამაღლა განსჯის საბაბი მოგვცეს. დიახ, რა თქმა უნდა ინგლისის ნაკრებს ფეხი დაუცდა და ჯგუფში პირველი ადგილი ვერ მოიპოვა. დიახ, პლეი-ოფის აქეთა შტოში განასა და ურუგვაის ნაცვლად გერმანია და არგენტინაა, მაგრამ, მოდი ფირფიტა ამოვატრიალოთ და ასე ვთქვათ, განა განა და ურუგვაი ინგლისის ნაკრებისთვის ყოველთვის უხერხული მეტოქეები არ იყვნენ? განელებს მეტისმეტად ათლეტური გუნდი ჰყავთ, ურუგვაელთა ბადალი თავდასხმა კი ამ ჩემპიონატზე ბარე ორს არა ჰყავს.
და გერმანია? ეს გუნდი, რასაკვირველია, ჩვენი ფეხბურთელებისგან მაქსიმალურ თავდადებას მოითხოვს. საერთოდ, დიდი, ცნობილი გუნდების დამარცხებას ყოველთვის ძალების მაქსიმალური ხარჯვა სჭირდება. გახსოვთ, როგორ დაგვამარცხა 1998 წელს არგენტინამ, 2006 წელს კი პორტუგალიამ? არც 2002 წლის ჩემპიონატი და რონალდინიოს შორეული დარტყმა დაგვავიწყდება. მაგრამ ამ შეხვედრებს ერთი რამ ჰქონდათ საერთო. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, თან, მიუხედავად იმისა, რომ 1998 და 2006 წლებში კაცი გაგვიგდეს და მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში გახლდით. ნუ, როდესაც მთავარ და ყველაზე გამაღიზიანებელი მეტოქეებს ვხვდებით ხომ აუცილებლად ისეთი რამ უნდა ჩავიდინოთ, რომ კაცი გაგვიგდონ...

ახლა კი, მოდი ასეთი კითხვა დავსვათ: გერმანია რამდენად ძლიერი გუნდია? მართალი გითხრათ, პირველ შეხვედრაში, ავსტრალიასთან 4:0 გამარჯვების შემდეგ მე გერმანელებს ხოტბას ვასხამდი, მაგრამ მას მერე ეს გუნდი ჯახირობს. სერბებთან დამარცხებამ და განელებთან გაჭირვებულმა გამარჯვებამ გვაჩვენა რომ იოაჰიმ ლიოვის ახალგაზრდულ გუნდს - რვა ფეხბურთელი 26 წელზე ახალგაზრდაა - სუსტი მხარეებიც მრავლად აქვს და საკუთარ თავში დარწმუნებაც აკლია. გარდა ამისა მიხაელ ბალაკის ფაქტორზეც ამახვილებენ ყურადღებას. ამბობენ, რომ მართალია "სოკერუსთან" გერმანელებს ამ ფეხბურთელის დახმარება არ სჭირდებოდათ, მაგრამ ინგლისის ნაკრების დონის გუნდთან მისი არყოფნა ძალიან დაეტყობათ.

სხვათა შორის, ბეკენბაუერმა თქვა, რომ ინგლისელი ფეხბურთელები პრემიერლიგის მომქანცველი სეზონის შემდეგ გადამწვარნი არიან. ამაზე, უნებლიედ გამახსენდა "ცრვენა ზვეზდას", "რეალის" და იუგოსლავიის ნაკრების ყოფილი შეფის მილიან მილიანიჩის ნათქვამი, ინგლისელები ზამთარში ლომები არიან ზაფხულობით კი კრავებიო. კაცმა რომ თქვას, ამ ნათქვამში სიმართლის დიდი მარცვალი დევს, თუმცა ძალიან მეეჭვება ეს ამ შემთხვევასაც შეეფერებოდეს. კი ბატონო, ინგლისმა სლოვენიის დასამარცხებლად დიდძალი ენერგია დახარჯა და შეხედრის ბოლოს ზოგიერთი ფეხბურთელი გამოვუვუზელებულიც ჩანდა, მაგრამ რა-რა და გუნდის ფიზკურ მომზადებაზე აუგი არ გვეთქმის. პირიქით, ფიზიკური თვალსაზრისით ასე კარგად მომზადებულ გუნდს არც კი ველოდით. ამას დაამატეთ, რომ მერვედფინალში გასვლამ ინგლისის ნაკრების მოთამაშეებს გუნება გამოუკეთა და ახლა ისინი გაცილებით უფრო შემართებულნი არიან ვიდრე აქამდე იყვნენ.

რად უნდა ლაპარაკი იმასაც, რომ ჩვენ შეგვეძლო ჯგუფიდან იოლად გავსულიყავით, მაგრამ თავი მძიმე დღეში ჩავიგდეთ. ისიც კარგად ვიცით, რომ ალჟირთან ჩვენმა ნაკრებმა საშინლად ითამაშა. ვხედავდით, როგორ წვალობდა ოთხშაბათს გარეთ ბერი თითქმის მთელი მეორე ტაიმის, მეტიუ აპსონი კი 90 წუთის განმავლობაში. იმასაც კარგად ვამჩნევთ, რომ ფრენკ ლემპარდი "ჩელსიში" სხვაა, ხოლო ინგლისის ნაკრებში სხვა - ის სახრეთ აფრიკაში ისე ვერ თამაშობს, როგორც კლუბში. მაგრამ, ჯამში, ამ ყველაფრის მიუხედავად, ინგლისმა სლოვენიასთან
ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და სამი-ოთხი ბურთით მოგებაც შეეძლო. და არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის სლოვენიაა, რომელმაც ჯგუფში სლოვაკეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში რუსეთი დაამარცხა. სლოვაკეთი კი ის გუნდია, რომელმაც ამ უცნაური მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში იტალია ჩატოვა - ძალიან სასაცილო იყო იმის ყურება, როგორ ჩიოდნენ იტალიელები, სლოვაკებს დრო გაჰყავთო.
ერთი სიტყვით, ინგლისის ნაკრებს ძრავის სრული სიმძლავრით ამუშავება სჭირდება. ბოლომდე არ გახსნილა უეინ რუნიც. ხოლო გერმანიამ, შესაძლოა პირველი თამაშის შემდეგ ბრუნები დააკლო, მაგრამ მათთვის თავიანთი გუნდი ძალიან მნიშვნელოვანია და, რასაკვირველია, დიდ ბრძოლას გამართავენ.

...და, თუ გახსოვთ, მიუნხენში 5:1 დამარცხებიდან 11 თვეში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში სვენ გორან ერიქსონის გუნდი კი არა, სწორედ გერმანიის ნაკრები გავიდა. და კიდევ - ინგლისი ის გუნდია, რომელსაც 1966 წლის შემდეგ პლეი ოფში მსოფლიოს საფეხბურთო ელიტის წარმომადგენელი არ დაუმარცხებია.
თუმცა, არის კი დღევანდელი გერმანია ამ ელიტის წარმომადგენელი? ალბათ, არა. მითიფრო, რომ ლუკაშ პოდოლსკი მაინც და მაინც ვერ ბრწყინავს. ერთი სიტყვით, ყველაფერი კვირა დღეს გამოჩნდება. ისე კი, გამომიგზავნეთ ვინმე თეთრებში გამოწყობილი კუბელი, სიგარა უნდა ვიყიდო".
ილია ბაბუნაშვილი







მკითხველის კომენტარები / 1 /
აუფ.ხო არ დაგახრჩო სიგარამ ძამი?
e11ffenberg
19:22 08-07-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული