ვითარება უფრო თვალნათლივ რომ წარმოვიდგინოთ, მოგახსენებთ, რომ რუნის აგენტი პოლ სტრეტფორდი ხსენებული ფირმის დირექტორი გახლდათ, შემდეგ კი ფირმა მიატოვა და კლიენტები თან წაიყვანა.
სასამართლო პროცესი ახალი დაწყებული არ არის, პირველი სხდომა ჯერ კიდევ თებერვალში გაიმართა და მაშინ რუნიმ სტრეტფორდის სასარგებლოდ მისცა ჩვენება. ერთ-ერთი არგუმენტი მარტივი იყო, მე მინდოდა, რომ ჩემი აგენტი ეს კაცი ყოფილიყოო და მორჩა.
რამდენად განიცდის მანჩესტერში მიმდინარე სასამართლოს ამბავს ინგლისის ნაკრებისა და "იუნაიტედის" ფორვარდი ძნელი სათქმელია, თუმცა ყველა განცდა, რომელიც მუნდიალთან არ არის დაკავშირებული ინგლისის ნაკრების თავკაცს ფაბიო კაპელოს ხელს რომ უშლის, რად უნდა ლაპარაკი. მითიფრო, რომ კაპელომ ინგლისელ ჟურნალისტებს სრული დარწმუნებით განუცხადა, რომ მისი ფეხბურთელები როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად საუკეთესო ფორმაში არიან. მეტიც, პირადად რუნის რაც შეეხება, იტალიელს სწამს, რომ მას შეუძლია ისეთივე კვალი დააჩნიოს მსოფლიო ფეხბურთს 1970 წელს პელემ, ხოლო 1986-ში მარადონამ რომ დააჩნიეს.
"ჩვენს ბანაკს ვაკვირდები და რისი დანახვაც მინდა ყველაფერს ვხედავ. ჩვენ ფორმაში შესვლა ჯერ კიდევ ავსტრიაში დავიწყეთ და ახლა, აქ, სამხრეთ აფრიკაში კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ კონდიციები. დარწმუნებული ვარ, აშშ-ის გუნდთან თამაშის დროს ჩემები როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად საუცხოო მდგომარეობაში იქნებიან. ჩვენ ჩვენი სული ვიპოვნეთ. ჩვენ ვიცით შეხვედრების მსვლელობისას როგორ ვითამაშოთ სხვადასხვა სისტემით. ჩვენ ძალიან შევიცვალეთ. ახლა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა გაცილებით მეტი იციან.
არც ამერიკელებთან თამაშისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება ივარგებს. ჩვენ აქ ერთი შეხვედრისთვის ხომ არა ვართ ჩამოსული. ჯგუფში სამი შეხვედრა გველოდება, ხოლო შემდეგ იქნება პლეიოფები. ამიტომ, ყოველ შეხვედრაში გონების დაძაბვა მოგვიწევს. ყოველ ტურში ჩვენ უნდა მივხვდეთ რა გვინდა იმ შეხვედრისგან და როგორ უნდა გადავჭრათ ჩვენს წინაშე წამოჭრილი ამოცანა.
ბევრი მეკითხება უეინ რუნის ამბავს. ამწუთას მისი მდგომარეობა მაკმაყოფილებს. ვარჯიშებზე მან უკვე დაიწყო გოლების გატანა და ვიმედოვნებ, ამიერიდან შეხვედრებშიც იმავეს გააკეთებს".