სპილოებმა წითლები გასრისეს

AutoSharing Option
G ჯგუფი
25 ივნისი. ნელსპრუიტი. მბომბელა. 28 000 მაყურებელი
ჩრდ. კორეა-კოტ დ'ივუარი    0:3
ჩრდ. კორეა:
მიონ გუკი - იონ ჰიოკი, ჩოლ ჯინი, ჯუნ ილი, იუნ ნამი - კვან ჩონი, ინ გუკი (67. კუმ ჩოლი), იონ ჰაკი, ნამ ჩოლი, იონ ჯო - ტაე სე.
კოტ დ'ივუარი: ბარი - ებუე კოლო ტურე, ზოკორა, ბოკა - რომარიკი (79. დუმბია), იაია ტურე, ტიოტე - ჟერვინიო (65. კალუ), ა. კეიტა (65. დინდანე) - დროგბა
გოლები: 0:1 ი. ტურე (14), 0:2 რომარიკი (20), 0:3 კალუ (82)
მატჩი დაიწყო:
კოტ დ'ივუარი; დარტყმა: 8(4)-28(15); ჯარიმა: 13-16; კუთხური: 0-7; ბურთის ფლობა: 39%-61%.
არბიტრი: უნდიანო მალენკო (ესპანეთი)

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შემდეგ გარკვეული იყო, რომ გუშინდელი დღე ამ მატჩის მონაწილეებისთვის სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე ბოლო იქნებოდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩრდილოკორეელებს მერვედფინალში გასვლის ყოველგვარი შანსი დაკარგული ჰქონდათ, კოტდივუარელებს კი მხოლოდ სასწაული, ანუ რვაბურთიანი სხვაობით გამარჯვება და ამავდროულად, ბრაზილიის მიერ პორტუგალიის ძლევა თუ უშველიდათ.

აფრიკელებმა განვლილ მატჩებში საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს და ასეთ ძლიერ ჯგუფში რომ არ მოხვედრილიყვნენ, მერვედფინალში გასვლის უკეთესი შანსიც ექნებოდათ. ვფიქრობთ, კოტდივუარი არაფრით ჩამოუვარდება, თუ არ სჯობია მერვედფინალში გასულ ერთადერთ აფრიკულ გუნდს - განას.
ჩრდილოკორეელებმა გუშინ ალბათ, მორალურად განადგურებულებმა ითამაშეს. ამ ქვეყნის ხელისუფალთა გარდა, ზუსტად არავინ იცის, რა დღე დაადგებათ პორტუგალიასთან შერცხვენილ ფეხბურთელებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამისთვის მათYმადლობას არავინ ეტყვის. წინა მატჩის მსგავსად, ამ გუნდმა გუშინაც მეტისმეტად უსუსურად ითამაშა და მეტოქეს იოტისოდენა წინააღმდეგობაც კი ვერ გაუწია.
კოტდივუარის ნაკრები კი არცთუ იდეალურად, მაგრამ რაციონალურად ირჯებოდა და პირველივე წუთებზე ნათელი გახდა, რომ კორეელები შინ უქულოდ დაბრუნდებოდნენ. ვერ გეტყვით, ჰქონდათ თუ არა "სპილოებს" მერვედფინალში გასვლის თუნდაც იოტისოდენა იმედი, მაგრამ თავიდან კი ბეჯითად შეუდგნენ მეტოქის დაცვის აწიოკებას. თუმცა მე-20 წუთის შემდეგ, როცა მათ ანგარიში მეორე გოლი გაიატანეს, თამაშის ტემპი დაეცა და ბედს შეგუებული აფრიკელები უკვე ნაკლებად ცდილობდნენ შეტევაში თავის გამოჩენას.

ანგარიში იაია ტურეს ძლიერი დარტყმით გაიხსნა, მეორე გოლი კი უპირველესად, დიდიე დროგბას დამსახურებაა. მის მიერ დარტყმული ბურთი კორეელთა კარის ხარიხას მოხვდა და მერე კარის ხაზიდან ოდნავ წინ დაეცა. სანამ კოტდივუარელთა ლიდერი მსაჯის დარწმუნებას ცდილობდა, ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთაო, დამატებაზე რომარიკმა იმარჯვა და ანგარიში ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმი კიდევ უფრო ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. კორეელებმა ერთო-ორჯერ კი გაიფაფხურეს, მაგრამ პრესტიჟის გოლთან ახლოსაც არ ყოფილან, მათ რბევას კი წერტილი სალომონ კალუს დაუსვა. კოტდივუარელთა შემადგენლობაში კვლავინდებურად დროგბა გამოირჩეოდა, მაგრამ მცველ არტურ ბოკას შედეგიანი თამაშიც აღსანიშნავია - მის ანგარიშზე ორი საგოლე პასია. არადა, სვენ გორან ერიქსონმა ბოკა ამ მუნდიალზე პირველად ათამაშა.

სავსებით ლოგიკურია, რომ კოტ დ'ივუარის სიმპათიური გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატს დამაჯერებელი გამარჯვებით დაემშვიდობა, ჩრდილოკორეელთა ერთადერთი სამხრეთაფრიკული წარმატება კი ბრაზილიის კარში გატანილი პრესტიჟის გოლი გამოდგა.

საუკეთესო მოთამაშე
დიდიე დროგბა (კოტ დ'ივუარი)
კოტდივუარელთა ლიდერს გუშინ გოლი არ გაუტანია, მაგრამ ეს ნამდვილად ეკუთვნოდა. დროგბამ კორეელთა წინააღმდეგ სწორედ იმგვარად ითამაშა, როგორც გუნდის წამყვან ფიგურას შეეფერება და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

მატჩის შემდეგ
დიდიე დროგბა (კოტ დ'ივუარის ნაკრების თავდამსხმელი): "ჩვენთვის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა, მაგრამ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რაც პორტუგალიის, ბრაზილიისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ რას ვიზამთ, უძლიერეს ჯგუფში მოვხვდით. მთლიანობაში, მაინც კმაყოფილები ვართ. ისეთმა ქვეყანამ, როგორიც კოტდივუარია, ზედიზედ ორჯერ ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე, რაც ფანტასტიური მიღწევაა".

ლევან ჯანეზაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული