თქვენ გელით პირენეული დერბი

AutoSharing Option
H ჯგუფი
25 ივნისი. პრეტორია. ლოფტუს ვერსფელდი. 34 763 მაყურებელი
ჩილე-ესპანეთი    1:2
ჩილე (4-3-3)
: ბრავო - ისლა, მედელი, პონსე, ხარა - ვიდალი, ესტრადა, მ. გონსალესი (46. მილარი) - სანჩესი (65. ორელანა), ვალდივია (46. პარედესი), ბოსეჟური.
ესპანეთი (4-3-2-1): კასილიასი - ს. რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა - ჩავი, ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო (73. მარტინესი) - ინიესტა, ვილია - ტორესი (55. ფაბრეგასი).
გოლები: 0:1 ვილია (24), 0:2 ინიესტა (37), 1:2 მილარი (47)
გაფრთხილება: მედელი (15), პონსე (19), ესტრადა (21), ესტრადა (37)
გაძევება: ესტრადა (37)
მატჩი დაიწყო
: ესპანეთი; დარტყმა: 9-9 (4-3); ჯარიმა: 21-13; კუთხური: 3-4; ბურთის ფლობა: 42%-58%.
არბიტრი: მარკო როდრიგესი (მექსიკა)

საინტერესო მომენტები

5' - ტორესს ბოლო მომენტში დაასწრო საჯარიმოში მცველმა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
10' - ბოსეჟურის ჩაწოდება ვერ გამოიყენა გონსალესმა, რომელსაც ბურთი მოეჭრა.
12' - ესტრადას შორეული დარტყმული კასილიასმა აიღო.
24' - 1:0. ჩაბი ალონსომ შორეული პასი ტორესს მიაწოდა, მეკარე ბრავომ რატომღაც დატოვა კარი და ბურთი ჩაჭრა, თუმცა ვილიას არ გასჭირვებია შორი მანძილიდან ცარიელ კარში გატანა.
34' - პიკეს თავური ოდნავ აცდა ჩილელთა კარს.
34' - საპასუხო შეტევაში ბოსეჟური მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში, რომლის დარტყმულიც პიკემ კუთხურზე მოიგერია.
37' - 2:0. საჯარიმოს მისადგომთან ვილიამ პასი მიაწოდა ინიესტას, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.
47' - 2:1. მილარის დარტყმული პიკეს რიკოშეტის წყალობით კასილიასის კარში გავიდა.

სახალისო სტატისტიკა

დავიდ ვილია: გოლი და საგოლე პასი; 3 დარტყმიდან 2 კარში წავიდა; 4 სოლორეიდი; 3-ჯერ დაჯარიმდნენ მასზე; გაირბინა 8 983 მეტრი.
ყველაზე მეტი პასი: პიკე (104)
ყველაზე მეტი ზუსტი პასი: (88)
ყველაზე მეტი ჩაწოდება: ჩავი, ესტრადა, რამოსი (3-3)
ყველაზე მეტი გაირბინა: ჩავი (11 601 მ)
ყველაზე სწრაფი: ბოსეჟური (25,96 კმ/სთ)

29 ივნისს კეიპტაუნში საინტერესო მერვედფინალი გველის: ესპანეთის ნაკრები პორტუგალიის წინააღმდეგ. მერვედფინალში მისვლა მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტ "ფურია როხას" მძიმე ბრძოლების გამოვლით მოუწია. თითქოსდა იოლი ჯგუფი ესპანელებისთვის რთულად დასაძლევი აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოდ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა 6 ქულით ჯგუფი მოიგო.
გუშინდელ მატჩში დრამაც ბევრი იყო და ფარსიც, თუკი პირველ ტაიმში დიდი ბრძოლა გაიმართა, მეორეში, როცა გუნდები დარწმუნდნენ, რომ მიმდინარე ანგარიში მათთვის მომგებიანი იყო, დადგნენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დაპირისპირების წინ ესპანეთსაც და ჩილესაც ერთი შეხედვით მარტივი ამოცანა ჰქონდათ გადასაჭრელი - ჩილეს ფრეც კი აწყობდა იმისთვის, რომ მეორე მატჩისკენ (შვეიცარია-ჰონდურასი) არც კი გაეხედა და მერვედფინალში ბრაზილია აეცილებინა. ხოლო ესპანეთის ნაკრებს მოგება შემდეგ ეტაპზე გაიყვანდა. მოკლედ, საქმე ასე იყო - ვინ, ვის. აი, მეორე ტაიმში კი სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა - უფრო ზუსტად არაფერი იცვლებოდა მეორე მატჩში და ცხადი გახდა, რომ დაწინაურებული ესპანეთიცა და ჩილეც თავისი თავის უფლები გახდნენ.
დელ ბოსკემ გამოჯანმრთელებული ანდრეს ინიესტა მარჯვენა ფლანგზე ხესუს ნავასის ნაცვლად გაამწესა, მარცხნიდან დავიდ ვილია უტევდა, თუმცა ამჯერად უფრო შემტევი პოზიცია ეკავა, ვიდრე წინა შეხვედრაში. შუაში ისევ ის "სამკუთხედი" ვიხილეთ: უკან სერხიო ბუსკეტსი და ჩაბი ალონსო, წინ ჩავი.
ჩილე ისევ ისეთი სიმპატიური გუნდი იყო, როგორც თავი ამ მუნდიალზე გაგვაცნო, არადა სამხრეთამერიკელებს ორი ლიდერი კარლოს კარმონა და მათიას ფერნანდესი აკლდნენ. კაცმა არ იცის, როგორ შეძლებდა "ფურია როხა" ამ ნაკრების წინააღმდეგობის დაძლევას, რომ არა აქამდე მუნდიალზე ბრწყინვალედ მოთამაშე კლაუდიო ბრავოს შეცდომა, რატომ დატოვა კარი კაპიტანმა ასე ნაადრევად, გამოცანად რჩება - დავიდ ვილია კი ის კაცია, რომელიც ორივე ფეხით ერთნაირი სიზუსტით ურტყამს, მით უფრო - ცარიელ კარში.
ამას მოყვა ესპანელთა მეორე გოლი და ჩილეს ნაკრების საკვანძო ფიგურის, მარკო ესტრადას გაძევება და ცხადი გახდა, რომ "ფურია როხა" ხელიდან აღარ გაუშვებდა უპირატესობას. ჩილეს ნაკრებსაც სანუგეშოდ ჰონდურასელთა კარგი თამაში რჩებოდათ. როგორც კი მეორე ტაიმის დასაწყისში სამხრეთამერიკელებმა 10 კაცით შეძლეს კასილიასის კარის დალაშქვრა, შვეიცარიელებს პარალელურ მატჩში პლეი ოფში გასაღწევად ორი გოლის გატანა დასჭირდათ (ორი კი არა ერთიც ვერ გაიტანეს), ამიტომ ჩილეს ნაკრები ვაბანკზე აღარ წავიდა, მით უფრო 10 კაცით მეტის გაკეთება აღარც შეეძლო, ესპანეთმა კი აღარ მოინდომა ბედის გამოცდა და ბურთის კონტროლით და ტემპის დაგდებით გავიდა ფონს. მეორე ტაიმის მეორე ნახევარში ხშირად ნახავდით, რომ ორივე გუნდი "იდგა", ესპანელები შეტევის იმიტაციას აკეთებდნენ, ჩილელები კი გულისყურით ელოდნენ ახალ შეტყობინებას ბლუმფონტეინიდან, საიდანაც მუდამ კარგი ამბავი მოდიოდა - 0:0 არ იცვლებოდა. ჩილე მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ხუთგზის ჩემპიონი ბრაზილიაა.
P.S. ანდრეს ინიესტას გოლი 37-ე წუთზე მუნდიალის მე-100 გოლი გამოდგა. ჯგუფურ ეტაპზე კი სულ 101 გოლი გავიდა.

საუკეთესო ფეხბურთელი
დავიდ ვილია (ესპანეთი)
კვლავ არ დაემთხვა ჩვენი და ფიფას ოფიციალური საიტის აზრები, ანდრეს ინიესტას, აქტიურობისა და გოლის მიუხედავად ვილიას წინ ვერ დავაყენებთ: გოლი პლუს პასი, ეს "ელ გუახეს" მონაგარია. ჩვენი აზრით, სწორედ ვილია იყო საუკეთესო.

მატჩის შემდეგ
ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი): "ეს გამარჯვება მეტ თავდაჯერებას შეგვმატებს. ჩვენმა პირველმა მარცხმა შვეიცარიასთან ჯგუფში ყველაფერი არია, თუმცა ბოლო ტურმა ისევ თავისი ადგილი მიუჩინა ყველაფერს. პირველი ტაიმი იყო ბრწყინვალე ჩვენი შესრულებით. მეორეში გოლის გაშვების შემდეგ კი მიღწეულის შენარჩუნება გადავწყვიტეთ, მეტოქე ახლოსაც არ მოვაკარეთ კარს. ის, რომ ბრაზილიას ავცდით, დიდი შვება არ არის, რადგან პორტუგალიის ნაკრები ძალიან ძლიერია".
ნიკოლოზ ნეფარიძე


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული