პროტესტი? ლიოვმა პრესკონფერენციაზე უარი თქვა

AutoSharing Option

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი შეიძლება ფიფას სანქციების მსხვერპლი გახდეს. საქმე ისაა, რომ ბუნდესგუნდის დამრიგებელმა პროტოკოლურ პრესკონფერენციაზე უარი თქვა. ფიფას წესებით, ამგვარ პრესკონფერენციაზე აუცილებლად მთავარი მწვრთნელი და ერთ-ერთი ფეხბურთელი უნდა გამოცხადდეს. ერთადერთი, ვინც დღეს ჟურნალისტების წინაშე წარსდგა, გერმანიის ნაკრების მეკარე მწვრთნელი ანდრეა კიოპკე გახლდათ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ გერმანია-ინგლისის მატჩის ორგანიზატორებმა გუნდებს ბლუმფონტეინის "ფრი სთეითზე" ვარჯიშის უფლება არ მისცეს, აქაოდა, მერვედფინალური მატჩის წინ მოედანი არ დაზიანდესო. გერმანიის ნაკრებს სავარჯიშოდ უნივერსიტეტის მოედანი ერგო. ფიფა ეჭვობს, რომ პრესკონფერენციაზე არმისვლა ლიოვის
მხრიდან პროტესტი იყო.

კიოპკეს მთავარი მწვრთნელის ნაცვლად მოუწია თავის მართლებამ, აღნიშნა რა, რომ ეს არ არის პროტესტი და რომ ლიოვი პრესკონფერენციაზე ვერ მივიდა ერთი მარტივი მიზეზის გამო - სიტუაცია არაორდინარული იყო და ვარჯიშის დროს ის გუნდთან ერთად უნდა ყოფილიყო. დაახლოებით ანალოგიური განმარტება გააკეთა გერმანის ნაკრების პრესსპიკერმა ჰარალდ შტენგერმაც - ლიოვს პრესკონფერენციისთვის დრო არ ჰქონდაო.

სხვათა შორის, გერმანიის ნაკრებს არ მისცეს საშუალება, ევარჯიშა პორტ ელიზაბეთის სტადიონზე, სადაც მეორე დღეს სერბეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა. ისე, თუ ფიფა მიიჩნევს, რომ ლიოვმა წესები დაარღვია, მისი მხრიდანაც ხომ დაირღვა წესი, როცა არც ერთ გუნდს არ მისცა სამატჩო არენაზე ვარჯიშის უფლება?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული