ამის არდანახვა შეიძლებოდა?!

AutoSharing Option
27 ივნისი. ბლუმფონტეინი. ფრი სტეიტი. 40 510 მაყურებელი
გერმანია-ინგლისი 4:1
გერმანია (4-2-3-1):
ნოიერი - ლამი, მერტეზაკერი, ფრიდრიხი, ბოატენგი - ხედირა, შვაინშტაიგერი - მიულერი (72. ტროხოვსკი), იოზილი (83. კისლინგი), პოდოლსკი - კლოზე (72. გომესი).
ინგლისი (4-2-2-2): ჯეიმსი - ჯონსონი (87. რაიტ-ფილიპსი), ტერი, აპსონი, ე. კოული - ლემპარდი, ბერი - მილნერი (64. ჯ. კოული), ჯერარდი - დეფო (71. ჰესკი), რუნი.
გოლები: 1:0 კლოზე (20), 2:0 პოდოლსკი (32), 2:1 აპსონი (37), 3:1 მიულერი (67), 4:1 მიულერი (70)
გაფრთხილება: ფრიდრიხი (47), ჯონსონი (82)
მატჩი
დაიწყო:
ინგლისი; დარტყმა: 17(6)-18(7); ჯარიმა: 7-6; კუთხური: 4-6; ბურთის ფლობა: 45%-55%.
არბიტრი: ხორხე ლარიონდა (ურუგვაი)

საინტერესო მომენტები

20' - მანუელ ნოიერმა ბურთი თამაშში ძლიერი დარტყმით შეიყვანა, პირდაპირ მიროსლავ კლოზეს მიმართულებით. ჯონ ტერი პოზიციურად შეცდა და სწრაფმა კლოზემ აპსონსაც გაასწრო. ეს უკანასკნელი მიროს მაისურზე კი ექაჩებოდა, მაგრამ ხელი ვეღარ შეუშალა - გერმანიის ნაკრების თავდამსხმელმა ათი მეტრიდან ბურთს ფეხი წაჰკრა და კარიდან გამოვარდნილი ჯეიმსი უკვე უძლური იყო. ეს გახლდათ კლოზეს მე-12 გოლი მსოფლიოს ჩემპიონატებზე.
32' - თორმეტი წუთის შემდეგ, გერმანიამ ინგლისს მეორე გოლიც გაუტანა: იოზილმა თამაშში კლოზე ჩართო, რომელმაც ბრწყინვალე პასი მისცა მიულერს, ეს უკანასკნელი კი ჯეიმსთან ფაქტობრივად პირისპირ დარჩა, მაგრამ დიდსულოვნად მოიქცა და პოდოლსკის უპასა, რომელმაც ბურთი მიიღო, დაამუშავა და მახვილი კუთხიდან უძლიერესი დარტყმით გაიტანა. ჯეიმსს ბურთი ფეხებს შუა გაუძვრა!
37' - ინგლისელები თამაშში ბრუნდებიან: ჯერარდის ბრწყინვალე, "ინგლისური ჩაწოდება" საჯარიმოში, აპსონმა ბოატენგს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო, ნოიერი კარიდან იყო გამოვარდნილი და ბურთს ვეღარ შესწვდა, აპსონის თავური დარტყმა 2:1.
38' - ერთ წუთში ინგლისის ნაკრებს გერმანიის კარში მეორე გოლიც გააქვს, მაგრამ მსაჯები მას არ თვლიან! ფრენკ ლემპარდმა 16 მეტრიდან დაარტყა და ოდნავ წინ გამოსულ ნოიერს ბურთი თავზე გადაუგდო. ბურთი ხარიხას მოხვდა და კარი აშკარად, დაახლოებით ერთი მეტრით გადაკვეთა, მაგრამ მსაჯებმა გოლი არ ჩათვალეს! გერმანიას გაუმართლა!
67' - გერმანელთა სწრაფ და უზადო კონტრშეტევას ჯეიმსის კარში გატანილი მორიგი გოლი მოჰყვა: ბოატენგმა სწრაფად უპასა მიულერს, რომელმაც მარცხნივ შვაინშტაიგერი მოძებნა. ბასტიანმა კი დრიბლინგი წამოიწყო და მოედნის ცენრისკენ შეიწია, მერე კი იდეალურად გახსნლი მიულერი მოძებნა, რომელმაც 14 მეტრიდან ახლო კუთხეში გაუტანა ჯეიმსს. ინგლისელთა მეკარე ამ სიტუაციაში საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა.
70' - ბუნდესგუნდის კიდევ ერთი სამაგალითო კონტრშეტევა და მიულერის დუბლი: კლოზეს საოცნებო პასი იოზილს, მესუთმა ბერი ჩამოიტოვა და ინგლისელთა საჯარიმოში შეიჭრა, საიდანაც მიულერს უპასა, რომელმაც მარტივად გაიტანა - 4:1!

"უემბლის" გოლი ნომერი ორი; სკანდალი; დაცინვა; შეურაცხყოფა; უსამართლობა; ლაინსმენს თვალების ნაცვლად, პომიდორები ჰქონდა; ჩიპი, გვინდა, ჩიპი... იმას, რაც გუშინ "ფრი სტეიტზე", მატჩის 38 წუთზე მოხდა, ბევრი რამ შეიძლება ეწოდოს და უამრავი კომენტარი მიესადაგება, მაგრამ რაც არ უნდა ვწეროთ და ვილაპარაკოთ, ინგლისს ამით რა? იმასაც ვიტყვით, რომ ხორხე ლარიონდას და მის ალმიან თანამოძმეებს ფრენკ ლემპარდის გოლი რომ ჩაეთვალათ, შესაძლოა, მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო - ინგლისი ხომ ანგარიშს ათანაბრებდა, თანაც, გერმანიას ორ წუთში უქაჩავდა ორბურთიან ჩამორჩენას და მერე, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური უპირატესობა ექნებოდა, მაგრამ საქმეც იმაშია... "შესაძლოში" და "სავარაუდოში". ფაქტი კი ის არის, რომ გერმანიამ გაცილებით უკეთ ითამაშა და შედეგიც ლოგიკურია. მაგრამ ის ფაქტი, რომ შეხვედრის შედეგი მაინც გვიტოვებს კითხვის ნიშნებს, "შესაძლოებს" და "სავარაუდოებს", ძალიან ცუდი, მეტიც, ამაზრზენია!
მაგრამ როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ამ საუბრებით ინგლისს რა? არაფერი! ამაშია საქმე.

ფაქტი ისიცაა, რომ გერმანიის ნაკრებმა თამაშში თავისი თავი ინგლისის ნაკრებზე გაცილებით მალე იპოვა და მოედნის ცენტრში სათამაშო უპირატესობას დაეუფლა. გერმანელები უპირატესობას ფლობდნენ მაშინაც კი, როცა ბურთი ინგლისელებს ჰქონდათ - ბუნდესგუნდი ისე კომპაქტურად იდგა, რომ ფაბიო კაპელოს ბიჭები იძულებულები იყვნენ, ხსნა უმეტესად გრძელი პასებით ეძებნათ. დაეუფლებოდა თუ არა გერმანია ბურთს, ფლანგის ნახევარმცველები პოდოლსკი და მიულერი უკან იხევდნენ, ნახევარდაცვაში ჩამოდიოდა ერთადერთი ფორვარდი მიროსლავ კლოზეც და ისე გამოდიოდა, რომ მოედნის ცენტრში და ინგლისელთა საჯარიმოს მისადგომებთან გერმანიას თითქმის ყოველთვის რიცხვობრივი უპირატესობა ჰქონდა. შედეგად, ფლეიმეიქერ მესუთ იოზილს ხშირად უთავისუფლდებოდა სივრცეები.

აპსონის გოლის შემდეგ, ინგლისელები თამაშში დაბრუნდნენ და ზუსტად ერთ წუთში მეორე გოლიც გაიტანეს, მაგრამ მსაჯთა ბრიგადამ "ივაჟკაცა" და ინგლისს თამაშში სრულფასოვნად დაბრუნების საშუალება არ მისცა. არადა, გამეორების ნახვის შემდეგ, ინგლისის ნაკრები თვით გერმანელებსაც შეეცოდებოდათ. ყოველ შემთხვევაში, წესით, უნდა შეცოდებოდათ. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მიუხედავად მაღალი კლასისა, ჯერარდმა, ლემპარდმა და ბერიმ ბუნდესგუნდის ნახევარმცველებთან ომი პირწმინდად წააგეს და სწორედ ამის შედეგია ის, რომ კაპელოს გუნდმა პირველიდან ბოლო წუთამდე, ერთხელაც ვერ შეძლო იოახიმ ლიოვის სამწყსოს რეალური წნეხის ქვეშ მოქცევა.

მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმის პირველ ოც წუთში გერმანიის ნაკრებს მაინც გაუჭირდა, რადგან შვაინშტაიგერმა და ხედირამ მეტწილად დაცვაზე დაიწყეს ზრუნვა და როცა ბურთს მიიღებდნენ, თამაშის დაწყნარებას არც კი ცდილობდნენ. ერთადერთი გერმანელი ფეხბურთელი, ვისაც დრო გაჰყავდა, მეკარე ნოიერი გახლდათ. მაგრამ მერე გერმანიამ ორი გენიალური კონტრშეტევა განახორციელა, ორივე წარმატებით დააგვირგვინა და ინგლისის ნაკრებიც დანებდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, გერმანიამ განას მხოლოდ 1:0 მოუგო და ამ მატჩმა ბუნდესგუნდის ქომაგები ცოტათი პესიმისტურად განაწყო, მაგრამ გერმანელებმა ინგლისთან ნაჩვენები ფეხბურთით ყოველგვარი ეჭვი გააქარწყლეს. ლიოვის გუნდს ერთი წუთითაც არ დასტყობია ნერვიულობა - ასეთი თავდაჯერებული გერმანია დიდი ხანია, აღარ გვინახავს!
ლიოვის გუნდი განსაკუთრებით კრეატიული წინა ხაზში იყო, სადაც, თამამად ვიტყვით, მიულერმა, კლოზემ, იოზილმა და პოდოლსკიმ ისეთი კვარტეტი შექმნეს, რომელსაც თითქოს ნებისმიერ დროს შეუძლია გოლის გატანა. ამასთან, შვაინშტაიგერის სახით, ბუნდესგუნდს ძალიან ჭკვიანი ცენტრალური შუამარბიც ჰყავს.

ინგლისის ნაკრებს, ბევრ რამესთან ერთად, პირველ რიგში სწორედ ასეთი ფიგურა აკლია. არადა, რა ნამუსით ვამბობთ ამას, როცა ინგლისს ჯერარდი და ლემპარდი ჰყავს? მაგრამ ფაქტი ჯიუტია: ზუსტად ისე, როგორც ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩშიც, კაპელოს გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში არ იყო იმის მაქნისი, რომ ინიციატივა თავის თავზე აეღო და მეტოქე ზეწოლის ქვეშ მოექცია. საერთო ჯამში და მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთისა და იტალიის ნაკრები გუნდებისგან განსხვავებით, ჯგუფიდან გავიდა, უნდა ვთქვათ, რომ ინგლისის ნაკრები ამ მუნდიალის უმთავრესი იმედგაცრუებაა. იტალიას და საფრანგეთს ფავორიტად არც არავინ რაცხავდა... ესეც რომ არ იყოს, გერმანიასთან წაგება კატასტროფა არავისთვისაა, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია, როგორ ითამაშებ და რა ანგარიშით წააგებ. ამ თამაშსაც რომ შევეშვათ, კაპელოს გუნდი იმედებს ვერც ჯგუფური ეტაპის დროს ამართლებდა. და ბოლოს და ბოლოს, არავინ იცის, რა მოხდებოდა რეალურად, ლემპარდის 500-პროცენტიანი გოლი რომ ჩათვლილიყო. ყველას უნდა შევახსენოთ, რომ არც გერმანიის ნაკრებია ისეთი გუნდი, რომელიც იოლად ნებდება. პირიქით!

მოკლედ, ინგლისისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი კიდევ ერთხელ დამთავრდა ძალიან ადრე. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშაა კაპელოს მომავალიც. არადა, ფაბიოს ბიჭებმა შესარჩევ ციკლში იმდენად ბრწყინვალედ ითამაშეს, რომ ინგლისელებმა იტალიელ მწვრთნელს მუნდიალის დაწყებამდე სიტყვა მიაცემინეს, რომ არსად წავიდოდა და ახალი კონტრაქტიც გაუფორმეს - ორწლიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, იტალიელი საკმაოდ კარგ ხელფასს იღებს.

საუკეთესო ფეხბურთელი
თომას მიულერი (გერმანია)
შეგვეძლო, საუკეთესო ფეხბურთელად არნე ფრიდრიხი, ბასტიან შვაინშტაიგერი ან მიროსლავ კლოზე გვეღიარებინა, მაგრამ თომას მიულერმა, გარდა იმისა, რომ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ორი გოლიც გაიტანა და სწორედ ამიტომ ვარჩიეთ სხვებს. ეს ბიჭი გვარსაც ამართლებს და ნომერსაც - უბრალოდ, გერდი არ ჰქვია და არც ცენტრფორვარდია, თორემ სხვა, ყველაფერი "ნაციის ბომბარდირისეული" აქვს...

მატჩის შემდეგ
იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი): "შესვენებაზე ჩემს შეგირდებს ვუთხარი, მესამე გოლიც უნდა გავიტანოთ-მეთქი. ჩვენ ვიცოდით, რომ ინგლისი შემოგვიტევდა და კონტრშეტევების შანსი მოგვეცემოდა. ისიც ვიცოდით, რომ ინგლისის ნაკრების კონტრშეტევებზე გამოჭერა ძალიან ადვილია, ოღონდ იმ შემთხვევაში, როცა კონტრზე მოკლე პასებით, სწრაფი კომბინაციებით მიდიხარ. ინგლისმა თამაში მართლაც გახსნა და ჩვენ ამით ვისარგებლეთ. მომენტები განმეორებით ჯერ არ მინახავს, ასე რომ, ლემპარდის დარტყმაზე ვერაფერს ვიტყვი. თუ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, ეს ძალიან სამწუხაროა".
ფაბიო კაპელო (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი): "ლემპარდის გოლის ჩათვლას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. არ მესმის და ვერასდროს გავიგებ, რატომ მიხდება დღეს, 21-ე საუკუნეში ამაზე საუბარი? ვფიქრობ, რომ აპსონის გოლის შემდეგ ძალიან კარგად ვთამაშობდით და ტაბლოზე 2:2 უნდა ანთებულიყო. ის, რაც მეორე ტაიმში მოხდა, საშინელებაა, მაგრამ მიზეზი ამასაც აქვს - ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალური შეცდომები. გერმანია დიდი გუნდია და კარგად ითამაშა, ჩვენ შეცდომები დავუშვით, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა დღეს მსაჯმა დაუშვა. რა ვუყოთ, ასეთია ფეხბურთი!"
გოტფრიდ ლენცი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული