ხალხმა ფული გადაიხადაო...

AutoSharing Option

ინგლისის ნაკრების დაშავებულმა კაპიტანმა რიო ფერდინანდმა გუნდის გავარდნაში ბრალი თანამსაჯ მაურისიო ესპინოსას დასდო. "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი ორიგინალურს არაფერს ამბობს, ის ამტკიცებს, რომ ლაინსმენს 39-ე წუთზე ფრენკ ლემპარდის გოლი უნდა ჩაეთვალა. ამასთან, ფერდინანდი დარწმუნებულია, რომ ეპიზოდის სამართლიანი შეფასება მის თანაგუნდელებს ახალ ძალებს შთაბერავდა და შთაგონებულებს შეიძლება მოეგოთ კიდეც. 31 წლის ფერდინანდმა თქვა:

"ლემპარდის გოლი რომ ჩაეთვალათ 2:2 გახდებოდა და თამაში სრულიად შემოტრიალდებოდა და ჩვენ უკვე მაქსიმალურ სიჩქარეს ჩავრთავდით. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ შემთხვევაში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა. მე აქ, ინგლისში, ჩემს
თანაგუნდელებთან ერთად ვიჯექი და ვყვიროდი. პაბში ყველა გაგიჟდა. რასაკვირველია პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ამასთან გულშემატკივარიც ვარ და რეაქციებიც ადამიანური მაქვს. ასეთ მომენტებში ემოცია სჭარბობს და გაოცებული ყვირიხარ: როგორ შეიძლება ეს ვერ დაენახა?! ეს ხომ სწრაფი და მოულოდნელი კონტრშეტევა არ იყო, ეს ჩვეულებრივი, მომზადებული შეტევა გახლდათ და მსაჯსაც შესაფერისი პოზიცია უნდა ჰქონოდა დაკავებული".
ფერდინანდს ჰკითხეს, ემხრობა თუ არა ფეხბურთში ვიდეოტექნოლოგიის დანერგვიის იდეას. მან უპასუხა:

"მე ყოველთვის მინდოდა თამაშისთვის რაც შეიძლება მეტი ბუნებრივობა შეგვენარჩუნებინა, მაგრამ დღეს აშკარაა, რომ ვიდეოტექნოლოგიის დახმარებით გოლი ჩაითვლებოდა და ჩვენ დამარცხებას გადავრჩებოდით. ტექნოლოგიებს უკვე სპორტის ყველა სახეობა იყენებს: რაგბი, კრიკეტი, კალათბურთი თუ ჰოკეი. ვფიქრობ, ბევრი დრო აღარ დარჩა იმ დღემდე, როდესაც ვიდეოაპარატურა ფეხბურთშიც იტყვის თავის სიტყვას".

ფერდინანდი მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში, სახეზე დახატული წმინდა გიორგის ინგლისური ჯვრით პაბში უყურებდა ინგლისელთა და გერმანელთა მერვედფინალურ დაპირისპირებას. ისიც, როგორც ბევრი ინგლისელი მიმომხილველი აღაშფოთა არჩათვლილმა გოლმა, მაგრამ არც ობიექტურობა დაუკარგავს:

"ვფიქრობ, ჩვენს გუნდს ყველა რგოლში უკეთ უნდა ეთამაშა. გულწრფელად რომ ვთქვათ, პირველი გოლი არ უნდა გაგვეშვა. იმ ეპიზოდის ყურება ძალიან გულსატკენი იყო. ძალიან სამწუხარო იქნება ასეთ ეპიზოდში ოდესმე კიდევ თუ მივცემთ მოწინააღმდეგეს გოლის გატანის საშუალებას. დარწმუნებული ვარ, დამარცხებას ბიჭები საშინლად განიცდიან და განსაკუთრებით სწორედ ეს პირველი გოლი უკლავთ გულს. თუ შექმნილ სახიფათო მომენტებს გადავხედავთ, იმ დღეს, ალბათ, უკეთესი გუნდი გერმანიის ნაკრები იყო. გარდა მომენტებისა, მათ ბურთი უკეთ ეჭირათ, პასებს უკეთ აწვდიდნენ ერთმანეთს და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ოთხი გოლი გაიტანეს. მე ისევე, როგორც ყველა, გულგატეხილი ვარ. მინდოდა ბიჭები შემდეგ ეტაპზე გასულიყვნენ, მაგრამ ამასთან დიდი იმედი მაქვს, რომ ფანებმა იციან, მონდომება და გული არავის დაუკლია".

არადა, ინგლისში არიან კრიტიკოსები, რომლებმაც სწორედ ფეხბურთელთა მოტივაცია დააყენეს ეჭვქვეშ. ამაზე ფერდინანდმა უპასუხა:
"როდესაც ინგლისის ნაკრების მაისურით თამაშზე ვლაპარაკობთ, ეს თემა საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს. თუმცა, ფანებისაც კარგად მესმის. ხალხი ფეხბურთის ნახვაში დიდძალ ფულს იხდის და თუ ეს ადამიანები გაბრაზდნენ, ესე იგი საბაბი ჰქონიათ. აქ, წაყრუება არ ივარგებს. უამრავი ადამიანი ჯიბიდან დანაზოგს იღებს და ნაკრებს დედამიწის მეორე ბოლოში მიყვება. ასეთ დროს ვალდებული ხარ საკუთარ თავს აჯობო. წაიკითხეთ ჩვენი ნაკრების მაისურებზე დაწერილი გვარები და ადვილად მიხვდებით, რომ მათთვის ჩემპიონატის ბოლო ეტაპამდე გამოვარდნა დიდი მარცხის ტოლფასია. გუნდს, რომელსაც ასეთი ფეხბურთელები ჰყავს შეჯიბრება მერვედფინალიდან არ უნდა დაეტოვებინა. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაგამარცხა, აქ მთავარია შენ ვინ იყავი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატი ფავორიტებად დავიწყეთ. ინგლისში გვქონდა შეგრძნება იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონობა შეგვეძლო".

და ფერდინანდმა არ გაიზიარა მოსაზრება, თითქოს უეინ რუნი ცუდ ფორმაში იყო. მან თქვა: "მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ რუნის ბადალი თავდამსხმელი მსოფლიოში ბევრი არ არის. და მასთან დაკავშირებით არ მეგულება ჩემზე მეტად გულდაწყვეტილი ადამიანი. უეინმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ აჩვენა რა ფეხბურთის თამაში შეუძლია სინამდვილეში. ფანები მას სულ სხვანაირ უეინ რუნიდ იცნობენ. მართალია, ცალკეულ ეპიზოდებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო ჩემპიონატზე ის გაიბრწყინებს. სანამ მე გუნდთან ერთად ვიყავი, ვხედავდი, რომ რუნი ყოველ დღე თავგადაკლული ვარჯიშობდა და ბიჭებიც ამბობდნენ, რომ ის კარგად იყო მომზადებული".

და ბოლოს ლაპარაკი ინგლისელთა თავკაც ფაბიო კაპელოსაც შეეხო. ფერდინანდმა თქვა: "ეჭვი არ მეპარება, რომ ამ მწვრთნელს შეუძლია ინგლისის ნაკრები დიდ გამარჯვებამდე მიიყვანოს. ნუ დაგვავიწყდება რა ტიტულები აქვს ამ ადამიანს მოპოვებული. გარდა ამისა, ჩვენ, ფეხბურთელები მას უდიდეს პატივს ვცემთ. პირადად მე კაპელოს გუნდში ყოფნის ყოველმა წამმა დიდი სიამოვნება მომანიჭა. საოცარია მისი ვარჯიშები, პროფესიონალიზმი, გამოცდილება. მისმა შემყურემ უნდა ისწავლოს და ისწავლოს. რას იზამ, მსოფლიოს ჩემპიონატიდან, მითუმეტეს ასეთ ეტაპზე გავარდნა სამწუხარო იყო, მაგრამ, ახლანდელი ფიასკო 2014 წელს უნდა გამოვასწოროთ. ვიცი, ამაზე ლაპარაკი ცოტა ადრეა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. იმედი მაქვს, რომ კაპელოც სწორედ ამაზე ფიქრობს. ვფიქრობ, როდესაც ხელახლა შევიკრიბებით, ყველანი ერთად დავსხდებით და კარგად გავიაზრებთ, რა უნდა გავაკეთოთ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგად რომ გამოვიდეთ. ამ კითხვას საკუთარ თავს გუნდის სხვა ლიდერებიც დაუსვამენ. დარწმუნებული ვარ, გერმანიასთან წაგების ღამეს ვერავინ დაიძინებდა".
ილია ბაბუნაშვილი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული