გუუს ჰიდინკი: ან ვიდეორეფერი, ან ბლატერი უნდა გადადგეს!

AutoSharing Option
კარგია, რომ, როგორც იქნა, ხმა აიმაღლეს საფეხბურთო სამყაროში, მას შემდეგ, რაც მსაჯობამ რამდენიმე თამაში "გააფუჭა" მუნდიალზე, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გუუს ჰიდინკმა ფიფას ზომების მიღებისაკენ მოუწოდა.
"არ შეიძლება ყველაფერი დავაბრალოთ გერმანია-ინგლისის მატჩის ლაინსმენს. მსაჯებს საეჭვო სიტუაციებში სჭირდებათ დახმარება, ადამიანი ყველაფერს ვერ დაინახავს. ახლა ჯერი ზეპ ბლატერზეა, მან ან მწვანე შუქი უნდა აუნთოს ფეხბურთში ვიდეორეფერის შემოღებას ხვალვე, ან გადადგეს", - აღნიშნა ჰიდინკმა "დე ტელეგრააფის" სპეციალურ სვეტში, რომელსაც მუნდიალის განმავლობაში თავად უძღვება.
შეგახსენებთ, რომ 63 წლის სპეციალისტს სანაკრებო დონეზე ჰოლანდიის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და
რუსეთის ნაკრებები გაუწვრთნია, 1 აგვისტოდან კი თურქეთის ნაკრებს ჩაიბარებს. ჰიდინკმა მოუწოდა ფიფას სპეციალური კომიტეტის წევრებს, როგორმე ზეწოლა მოახდინონ ბლატერზე. შეგახსენებთ, რომ ამ კომიტეტში ისეთი აღიარებული ფეხბურთელები არიან, როგორიც ფრანც ბეკენბაუერი, მიშელ პლატინი და იოჰან კრუიფი არიან.
"ამ მუნდიალმა ყველას კარგად დაგვანახა, რომ უმაღლეს დონეზე შეუძლებელია ტურნირის გამართვა ვიდეოტექნოლოგიის დახმარების გარეშე", - დასძინა ჰიდინკმა.

ნიკოლოზ ნეფარიძე


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული