ეს რობენის გუნდია!

AutoSharing Option

 

28 ივნისი. დურბანი. დურბან სტედიუმი. 61 962 მაყურებელი
ჰოლანდია-სლოვაკეთი 2:1
ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ვან  დერ ვილი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბრონკჰორსტი - ვან ბომელი, დე იონგი - რობენი (71. ელია), სნეიდერი (90. აფელაი), კუიტი - ვან პერსი (80. ჰუნტელაარი).
სლოვაკეთი (4-4-2): მუხა - პეკარიკი, შკრტელი, დიურიცა, ზაბავნიკი (87. იაკუბკო) - ვაისი, კუჩკა, ჰამშიკი (87. საპარა), შტოხი - ვიტეკი, იენდრიშეკი (71. კოპუნეკი).
გოლები: 1:0 რობენი (18), 2:0 სნეიდერი (84), 2:1 ვიტეკი (90-პენ)
გაფრთხილება: რობენი (31), კუჩკა (40), კოპუნეკი (72), შკრტელი (85),

სტეკელენბურგი (90)
მატჩი დაიწყო: სლოვაკეთი; დარტყმა: 16(7)-12(9); კუთხური: 5-2; ჯარიმა: 17-19; ბურთის ფლობა: 52%-48%
არბიტრი: უნდიანო მალენკო (ესპანეთი)

საინტერესო მომენტები

2' - ერიკ იენდრიშეკი საშუალო დისტანციიდან ურტყამდა - ბურთი ჰოლანდიელთა კარს მცირე მანძილით ასცდა.
5' - არიენ რობენისა და ვესლი სნეიდერის კომბინაცია ამ უკანასკნელის არაზუსტი დარტყმით დამთავრდა.
6' - მარეკ ჰამშიკის სახიფათო დარტყმა მცირეოდენ არაზუსტი გამოდგა.
11' - სნეიდერი მოჭრილი დარტყმით ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ იან მუხამ საიმედოდ ითამაშა.
18' - 1:0 სნეიდერმა საკუთარი საჯარიმოდან შორეული, ზუსტი პასით რობენი მოძებნა, ამ უკანასკნელმა თავის სტილში, ეფექტური დრიბლინგით ორი მეტოქე ჩამოიცილა და ახლო კუთხეში ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.
41' - რობინ ვან პერსიმ სლოვაკთა მეკარეს ვერ აჯობა.
50' - რობენის სახიფათო დარტყმა მუხამ მოიგერია.
51' - რობენის ზუსტი პასის შემდეგ იორის მატიისენი სლოვაკთა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ბურთი... სახეში გაარტყა.
59' - ვან პერსიმ კვლავაც ვერ აჯობა სლოვაკთა მეკარეს.
67' - მიროსლავ შტოხს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ მარტენ სტეკელენბურგმა ჩინებულად ითამაშა.
67' - რობერტ ვიტეკი უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ სტეკელენბურგმა კვლავაც დიდებულად ითამაშა.
70' - რობენის ჩინებული პასის მერე დირკ კუიტს ჩინებული მომენტი შეექმნა, მაგრამ მუხას ვერ აჯობა.
84' - 2:0. მეტოქის საჯარიმოში  კუიტმა სტუმართა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ზუსტი პასით სნეიდერი, ფაქტობრივად ცარიელი კარის წინ დატოვა.
90+3' - 2:1. საკუთარ საჯარიმოში სტეკელენბურგმა თამაშის წესები დაარღვია და ვიტეკმა პენალტი ზუსტად შეასრულა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ორად-ორი გუნდია, ოთხივე მატჩი რომ მოიგო: არგენტინა და ჰოლანდია; თუმცა, დიეგო მარადონას გუნდი თუ მართლაც სანახაობრივ ფეხბურთს უჩვენებს, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით ჰოლანდიელებზე. ჰო, ბევრისთვის მოულოდნელად, ბერტ ვან მარვიიკის გუნდი ამ მუნდიალზე უჩვეულოდ... პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობს; ბევრად უფრო ფრთხილი და "შედეგზე გათვლილი ფეხბურთი" მართლაც არასდროს ყოფილა ჰოლანდიელთა "სავიზიტო ბარათი", მაგრამ გამოცდილი მწვრთნელის ჩანაფიქრი ჯერჯერობით ასი პროცენტით ამართლებს. თანაც, რაც მთავარია, უკვე ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ ჰოლანდიელთა, უდავოდ, საუკეთესო ფეხბურთელი არიენ რობენი! ამ უკანასკნელმა "ბაიერნში" მართლაც ზღაპრული სეზონი ჩაატარა, ისე როგორც ჰოლანდიის ნაკრებში მისმა თანაგუნდელმა ვესლი სნეიდერმა ("ინტერში"); სწორედ ამ ორი მოთამაშის ინდივიდუალურ ოსტატობაზე არის ბევრად დამოკიდებული კიდეც ჰოლანდიის ნაკრების წარმატება-წარუმატებლობა.

ამ ორი ჩინებული ოსტატის აქტიურობამ განაპირობა კიდეც ის ფაქტი, რომ ჰოლანდიელებმა პირველ ტაიმში უდიდესი ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს. თუმცა, მატჩის საწყის წუთებში სლოვაკებმა ორი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნეს ჰოლანდიელთა კართან, მაგრამ ორივეჯერ არაზუსტად დაარტყეს საშუალო დისტანციიდან. ჰოლანდიამ კი მეორე ცდაზე შესძლო გოლის გატანა: სნეიდერმა მოჭრილი დარტყმით სცადა სლოვაკთა მეკარის დაჯაბვნა, მაგრამ არ გამოუვიდა; სამაგიეროდ, მომდევნო ეპიზოდში მილანის "ინტერის" ნახევარმცველმა ლამის 60-მეტრიანი პასით გარღვევაზე რობენი გაიყვანა, რომელიც "თავის სტილში", ეფექტური დრიბლინგის გამოყენებით მეტოქის საჯარიმოს მიუახლოვდა და არცთუ ძლიერი, მაგრამ უზუსტესი დარტყმით ბურთი იან მუხასგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაგზავნა! ამის შემდეგ ტაიმის ბოლომდე ჰოლანდიელებმა თამაშის ტემპი დააგდეს, ოღონდ ისე, რომ მოედანზე არსებულ სიტუაციას მთლიანად თვითონ აკონტროლებდნენ და მეტოქეს, ფაქტობრივად, კონტრშეტევის მცდელობის საშუალებაც არ აცალეს.

მეორე ტაიმი პირველთან შედარებით ბევრად უფრო სანახაობრივი გამოდგა და ეს, ორივე გუნდის დამსახურება იყო. თავდაპირველად ყურადღების ცენტრში, ისევ და ისევ, არიენ რობენი მოექცა - ერთხელ თვითონ შეუტია სახიფათოდ, მეორედ  კი თანაგუნდელი გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე. ამის შემდეგ რობინ ვან პერსის შეეძლო გოლის გატანა და თამაშიც... ისევ დაწყნარდა. ასე გაგრძელდა მეორე ტაიმის მეოცე წუთამდე, როცა სლოვაკები უცბად "აფეთქდნენ" და ორი უმწვავესი შეტევაც განახორციელეს. ორივეჯერ ჩინებულად ითამაშა ჰოლანდიელთა მეკარემ მარტინ სტეკელენბურგმა, რომელმაც ჯერ მიროსლავ შტოხის დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი მეტოქე გუნდის საუკეთესო ბომბარდირს რობერტ ვიტეკს ურთულესი ბურთი აუღო.  აი, ეს იყო და ეს - ისევ რობენის გააქტიურება და ამჯერად უკვე დირკ კუიტს შეეძლო თამაშის "დაწყნარება", მაგრამ სლოვაკთა მეკარემ ამ შემთხვევაშიც დამაჯერებლად ითამაშა. "ლივერპულის" ფორვარდისა და იან მუხას "დუელი" კვლავაც შედგა, თანაც, დირკ კუიტი ჩინებულად გაერკვა სიტუაციაში: სლოვაკმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ზუსტი პასით ვესლი სნეიდერი, ფაქტობრივად, ცარიელი კარის წინ დატოვა - 2:0!

თამაშიც, ფაქტობრივად, აქ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ უკვე მსაჯის მიერ დამატებული დრო იწურებოდა, შეხვედრის ესპანელმა არბიტრმა უნდიანო მალენკომ ჰოლანდიელთა კარში პენალტი დანიშნა და რობერტ ვიტეკმაც ამ მუნდიალზე თავისი მეოთხე გოლი გაიტანა! წაგების მიუხედავად, სლოვაკეთის ნაკრების გასაკრიტიკებლად ენა ვის უნდა მოუბრუნდეს - დებიუტანტი გუნდი მერვედფინალში გავიდა. თანაც, იტალია ჯგუფში ჩატოვა! აი, ჰოლანდია კი, პრაგმატული თამაშის მიუხედავად, კვლავაც რჩება მუნდიალის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად; სხვანაირად ვერც იქნება - ამ გუნდში ხომ არიენ რობენი და ვესლი სნეიდერი თამაშობენ!..

საუკეთესო ფეხბურთელი
არიენ რობენი (ჰოლანდია)
როცა გუნდში არიენ რობენის დონის ინდივიდუალისტი გყავს, სერიოზულ წარმატებაზე ფიქრიც შეიძლება. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა იქნებოდა, ამ მართლაც შესანიშნავ ფეხბურთელს ზედ მუნდიალის დაწყების წინ მიღებული ტრავმა ჩქაროსნულ ტემპში რომ არ მოერჩინა! ჰოლანდიის ნაკრების მრავალრიცხოვან ქომაგთა გასახარად, რობენმა მოასწრო მეტ-ნაკლებად ოპტიმალური ფორმის აკრეფა და გუშინდელ მატჩში მთელი თავისი ბრწყინვალებით წარსდგა. გოლი ხომ "თავის სტილში" გაიტანა, ამას გარდა, ერთხელ კიდევ შეეძლო თავის გამოჩენა და სამ-ოთხ ეპიზოდში პარტნიორებს ჩინებული ასისტენტობა გაუწია.

მატჩის შემდეგ
არიენ რობენი (ჰოლანდიის ნაკრების გარემარბი): "კარგი დღე გვქონდა, - მართალია, საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ, მთავარი გამარჯვება და მეოთხედფინალში გასვლა იყო. ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ ძირითად შემადგენლობაში გამოვედი - ტრავმის შემდეგ ხომ მხოლოდ სამი კვირა გავიდა. არც ისე დიდი დროა, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობდი, ოღონდ, ვერ ვიტყვი, რომ ასი პროცენტით მზად ვარ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მეოთხედფინალში ბევრად უკეთ ვითამაშებთ".
გია ტუხაშვილი

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული